იმა მთაზედა (სხვა ვარიანტით – „ია მთაზედა"), ქართული ხალხური სასიმღერო შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში.
არსებობს ამ საფერხულო ბალადის სიტყვიერი ტექსტის ქართლური, კახური, ფშაური, მთიულური და რაჭული ვარიანტები. შეიცავს მითოლ. და საწესო ელემენტებს. ძირითადი მოტივია ირემზე ნადირობისას სიმამრის მიერ სასიძოს განგმირვა, მამისა და ქალიშვილის დიალოგი, მამის შეჩვენება შვილის მიერ და მოკლული საქმროს საძებნელად წასვლა. სრულყოფილი სახით (ჰანგით) მხოლოდ ქართლსა და მესხეთში შემორჩა.
ლიტ.: მაღრაძე ვ., ქართული (მესხური) ხალხური სიმღერები, თბ., 1987; ჩიჯავაძე ო., ქართული მუსიკალური ფოლკლორის მცირე ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2009; ჩხიკვაძე გ., ქართული ხალხური სიმღერა, ტ. 1, თბ., 1960.