იმამყული-ხანი (XVI ს. უკანასკნელი მეოთხედი, – 1633), ირანის ჯარის ყულარაღასი, გამოჩენილი სარდალი. ქართველი, ალავერდი-ხან უნდილაძის შვილი (პიეტრო დელა ვალეს ცნობით იგი დედითაც ქართველი იყო). ირიცხებოდა უმაღლეს ამირათა რიგებში. მისი მეთაურობით ირანელებმა კ. ჰორმუზიდან განდევნეს პორტუგალიელები და დაიპყრეს ბაჰრეინისა და ლარის მხარე (1623).
ი.-ხ-მა ირანში დიდი საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა (გაიყვანა გზები, არხები, ააგო ხიდები, ფუნდუკები, კაშხლები). იგი ძალზე გონიერი და მწიგნობარი კაცი იყო, აინტერესებდა პლატონისა და არისტოტელეს თხზულებანი, არაბულ ენაზე კითხულობდა ბიბლიას. დანათესავებული იყო ქართვ. ფეოდალებთან ირანსა და საქართველოში (მისი ერთი ქალიშვილი, ანდუყაფარ ამილახორის ცოლი, საქართველოში ცხოვრობდა, მეორე დაუდ-ბეგ გურჯიზე იყო გათხოვილი, ხოლო მესამე ალიყული-ბეგს, როსტომ-ხან სააკაძის ძმას ჰყავდა ცოლად).
ი.-ხ-ის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის სპარს., ქართ. და ევრ. წყაროები. პიეტრო დელა ვალე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ი.-ხ. მფარველობდა ქეთევან დედოფალს, ლუარსაბ II-ს, თეიმურაზ I-ის შვილებს, რომ მას ძალიან უყვარდა საქართველო. ბერი ეგნატაშვილის ცნობით, ი.- ხ. ცდილობდა ქეთევან დედოფლის გადარჩენას. მიუხედავად ბეგლარბეგობისა და ყულარაღასობისა, ი.-ხ-ს საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობებში მონაწილეობა არ მიუღია. მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე სპარსულად მხატვრული ნაწარმოებებიც კი დაიწერა („ჯანგნამეი ყეშმ", „ფარუხნამე"). მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ი.-ხ-ის პიროვნებასა და მოღვაწეობას თეიმურაზ I-ის პოემაში „წამება ქეთევან დედოფლისა". შაჰ-აბას I-ის გარდაცვალების შემდეგ ი.-ხ-ის გავლენა ირანში თანდათანობით შესუსტდა, მას დაუპირისპირდა ქართვ. ბატონიშვილი ხოსრო-მირზა (როსტომი). ი.-ხ-ს დაბრალდა თავისი ძმის, დაუდხან უნდილაძის აჯანყებაში მონაწილეობა და შაჰ-სეფი I-ის ბრძანებით ი.-ხ. და მისი სამი ვაჟი სიკვდილით დასაჯეს.
წყარო: ისქანდერ მუნში, აბასის ქვეყნის დამამშვენებელი ისტორიის გაგრძელება. ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტის ქართ. თარგმანი და გამოც. ნ. გელაშვილისა, თბ., 1981.
ლიტ.: გაბაშვილი ვ., უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI–XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), კრ.: მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, [ტ.] 2, თბ., 1972; კუცია კ., კავკასიური ელემენტი სეფიანთა ირანის პოლიტიკურ სარბიელზე, იქვე, [ტ.]1, თბ., 1963.
დ. კაციტაძე