იმერეთის აჯანყება

იმერეთის აჯანყება 1810, ბრძო­ლა იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის.

აღმ. საქარ­თვე­ლოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუს. მთავრობამ დაიწყო მოქმედება იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი შეერთებისათვის რუსეთის იმპერიასთან. სოლომონ II რუს. მთავრობას 1804 ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შესრულებას სთხოვდა. 20 თებერვალს ქუთაისში გამოქვეყნდა ბრძა­ნე­ბა სოლომონ II-ის ტახტიდან გა­და­ყე­ნე­ბისა და იმე­რეთ­ში რუს. მმართველობის შემოღების შე­სა­ხებ. ცარიზმის მოხელეებმა მოტყუებით ჩაიგდეს ხელში სოლომონ II და უცდიდნენ იმპერატორის ბრძა­ნე­ბას მისი პეტერბურგში გადასახლების შე­სახებ, მაგრამ მეფემ თავისი მომხრეების დახმარებით მოა­ხერ­ხა გაქცევა და თავი ახალციხის საფაშოს შეაფარა. აქედან მან აჯანყებისაკენ მოუწოდა იმერეთის მოსახლეობას, რ-თა უკმაყოფილება თანდათან იზრდებოდა. რუსი მოხე­ლე­ები, ისე როგორც აღმ. სა­ქართვე­ლო­ში, აქაც იძულების წესით მოითხოვდნენ გლეხებისაგან სურსათს, გადაზიდვის საშუალებებს და სხვ. სამ­სა­ხურს. უკმაყოფილო იყო თავადაზნაურობაც, რ-იც პრივილეგიებს კარგავდა. იმე­რეთში სახალხო-განმათ. ბრძო­ლა გაჩაღდა. თბილისიდან რუს. მთავრობამ გაგზავნა 3200 კაცისაგან შე­მდგარი ჯარი, რ-იც 2 ნაწილად გაიყო და იმერეთს შეესია. ამ ჯარის ერთი ნაწილი აჯან­ყე­ბულებ­მა საზღვართან დაამარცხეს. შემდეგ იმერეთისაკენ ახ. ჯარით დაიძრა გენ.-ლ. ბარონი როზენი. მან ჩხერის ციხესთან დაამარცხა 5 ათ. კაცისაგან შე­მდგარი იმერთა ჯარი და ქუთაისს მიადგა. გენერალ­თან მივიდნენ სამეგრელოსა და გურიის მთავრები – დადიანი და გურიელი. თვითმპყრობელობის მხა­რე­ზე გადავიდა იმერეთის ფეოდალთა ერთი ნაწილი. სოლომონ II ერთხანს ხანის­წყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ ბოლოს დამარცხდა და სექტ. მიწურულს იძულებული გახდა ისევ ახალციხის საფაშოსათვის შეეფარებინა თავი. იმე­რეთ­ში სამეფო გააუქმეს და რუს. მმართველობა შემოიღეს.

წყა­რო: კაკაბაძე ს., იმერეთის სამეფოს გაუქმება (პუბლიკაცია), «საისტორიო მოამბე», 1956, N9.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქარ­თვე­ლო XIX ს. პირველ მეოთხედში, წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; სა­ქარ­თველოს ისტორია (ოთხ ტომად), მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 4, თბ., 2012; საქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. ნარსია