იმერეთის აჯანყება 1819–20, სახალხო აჯანყება რუსეთის ცარიზმის რეაქციული პოლიტიკის წინააღმდეგ. იმერეთის რუსეთთან შეერთების (1810) შემდეგ შეწყდა თურქთა თავდასხმები და შეიქმნა მშვიდობიანი განვითარების პირობები, მაგრამ გაჩნდა ბიუროკრ. აპარატი, გაიზარდა სახელმწ. გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა მექრთამეობამ. რუს. მთავრობამ მიზნად დაისახა გაეზარდა სახაზინო შემოსავალი, ამისათვის საჭიროდ მიიჩნია საეკლ. რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლ. გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა.
1819 ივლისში დაიწყო რეფორმების გატარება, რ-საც სათავეში ჩაუდგა მიტროპოლიტი თეოფილაქტე. თავადაზნაურობამ მშვიდობიანი გზით სცადა რეფორმის შეჩერება, მაგრამ უშედეგოდ. აჯანყდა შორაპნის ოკრუგის მოსახლ. და რეფორმის გაუქმება მოითხოვა. ასევე აჯანყდა რაჭის მოსახლეობა. რეფორმის გასატარებლად გაგზავნილი მოხელეები ხალხმა გურია-სამეგრელოში არ შეუშვა. მთავრობამ სასწრაფოდ გაგზავნა იმერეთში ჯარის ნაწილები. 9 ივლისს თეოფილაქტე იძულებული გახდა თბილისს გამგზავრებულიყო. ამან მღელვარება შეანელა, მაგრამ როცა რუს. ხელისუფლებამ აჯანყების საქმის ძიება დაიწყო, მოსახლეობამ კვლავ იარაღს მოჰკიდა ხელი. იმერეთი აჯანყებამ მოიცვა, აჯანყებულთა ხელში იყო მთელი რაჭა. მოსახლეობა თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, შეწყდა გადასახადების გადახდა. აჯანყებამ აამოძრავა ოსმალეთში მყოფი იმერელი ემიგრანტები; ფეოდალთა ნაწილმა განიზრახა, ესარგებლა შექმნილი მდგომარეობით და იმერეთში ადგილ. სამეფო ხელისუფლება აღედგინა. მათ მოიწვიეს ირანში მყოფი ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე), მაგრამ მასთან მოლაპარაკება გაჭიანურდა. საბოლოოდ არჩევანი სოლომონ I-ის შვილიშვილ ივანე აბაშიძეზე შეჩერდა. რუს. მთავრობამ მისი დაპატიმრება გადაწყვიტა. აბაშიძე გურიაში გადავიდა და თავის ნათესავს, გურიის მთავრის ბიძას, ქაიხოსრო ბატონიშვილს შეაფარა თავი. ქაიხოსროს მხარეზე დადგნენ დავით გიორგის ძე გურიელი და დავით ზაალის ძე ერისთავი. რუს. მთავრობამ 1820 წ. 4 მარტს დააპატიმრა ექვთიმე გენათელი, დოსითეოს ქუთათელი, დარეჯან ბატონიშვილი, რამდენიმე გავლენიანი თავადი და აზნაური და მათი რუსეთში გაგზავნა გადაწყვიტა. ამას აჯანყების ახ. აღმავლობა მოჰყვა. აჯანყებას თანაუგრძნობდა გურია-სამეგრელოს მოსახლეობაც, მაგრამ რუს. სარდლობის მუქარამ დადიანი და გურიელი აიძულა მთავრობის მხარე დაეჭირათ. იმერეთის მმართველმა პოლკ. ი. პუზირევსკიმ ქაიხოსრო ბატონიშვილს ივანე აბაშიძის გაცემა მოსთხოვა. ქაიხოსრომ უარი განაცხადა. 1820 აპრილში გურიაში რაზმით შესული ი. პუზირევსკი შემოქმედის ციხესთან მოკლეს. რუსთა რაზმმა უკან დაიხია. ქაიხოსრომ თურქეთს შეაფარა თავი. იმავე დროს აჯანყდა სამეგრელოს მოსახლეობაც მთავრის ძმის – გიორგი დადიანის მეთაურობით. რუს. სარდლობამ სამეგრელოში ჯარი შეიყვანა და აჯანყებულები დაამარცხა. გიორგი დადიანი აფხაზეთს შეეფარა. იმერეთში რუსთა დამატებითი ძალები შეიყვანეს გენ. ა. ველიამინოვის სარდლობით. იმერეთის დამორჩილების შემდეგ, 21 მაისს, რუსთა ჯარმა კვარას ციხესთან დაამარცხა აჯანყებული რაჭველები და რაჭა მოარბია. დააპატიმრეს 70 კაცი, მათგან 10 ჩამოახრჩვეს, ნაწილი კი რუსეთს გადაასახლეს. ველიამინოვი დიდი რაზმით და არტილერიით გურიაში შევიდა. 24 ივლისს რუსთა ჯარმა აიღო და მიწასთან გაასწორა შემოქმედის ციხე, მოარბია ახლომახლო სოფლები, შემდეგ აიღო გრიგოლეთი, ნიგოზდიდი, გურიის საერისთავოს სიმაგრეები. აჯანყების მეთაურები ემიგრაციაში წავიდნენ. მრავალი აჯანყებული რუსეთს გადაასახლეს, მათი ქონება ხაზინას გადაეცა. ი. აბაშიძე, ქ. გურიელი, ვ. ბაგრატიონი და დ. ერისთავი ემიგრაციაში გარდაიცვალნენ. მომდევნო წლებში მათი ნათესავები და მომხრეები რუს. მთავრობას შეურიგდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ და ყმამამული დაიბრუნეს.
ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველო XIX ს-ის პირველ მეოთხედში, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; კაკაბაძე ს., საქართველოს ახალი ისტორია, თბ., 2011; საქართველოს ისტორია (ოთხ ტომად), მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტ. 4, თბ., 2012; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ხომერიკი მ., იმერეთის სამეფოს გაუქმება, იმერეთის 1819–1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები, თბ., 2012.
ქ. ჩხატარაიშვილი