იმერეთის მაღლობი

იმერეთის მაღლობი, ზემო იმერეთის მაღლობი (პლატო), სა­ქარ­თვე­ლოს მთათაშორისი ბარის ამაღლებული ნაწილი ზესტაფონის, ხარაგაულის, საჩხე­რისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

აღმ-ით და სამხრ-ით ესაზღვრება ლიხის ქედი, დას-ით – იმერეთის დაბლობი, ჩრდ-ით – რაჭის ქედი. გეოლოგიურად ემთხვევა ძირულის კრისტალურ მასივს, კავ­კასიონისა და მცი­რე კავკასიონის ნაოჭა ზონებს ­შორის მოქცეულ შუალედურ მასივს, რ-იც აგებულია პალეოზოური გრანიტო­იდებით, კრისტალური ფიქლე­ბით და ნაწილობრივ დაფარულია სუსტად დანაოჭებული მეზოკაინოზოური დანალექი ქანებით.

გეომორფო­ლოგიურად იყო­ფა ორ ­ძირითად ნაწილად: გა­შიშვლებული კრისტა­ლური სუბ­სტრატის არეში (სამხრ.-აღმ. ნაწილი) გაბატონებულია საშუალ­მთიანი ეროზიული რე­ლიეფი (აბსოლ. სიმაღლე 1500 მ), ლიხის ქედის თხემზე, გედსამანიის ქედზე და სოფ. გეზრულის მიდა­მოებში შემორჩენილია ძვ. პენეპლენიზებული ზედაპირის ნაშთები. მეზო-კაინოზოური დანალექი წყებების არეში (ჩრდ. ნაწილი) განვითარებულია სუსტად დანაწევრებული პლატო კანი­ონისებრი ხეობებითა და კარსტით ზედაცარცულ კირქვებში (აქაა მღვიმეები – დევისხვრელი, ამაშუკეთი, ნიგოზეთი, გვარჯილის კლდე, მღვიმევი და სხვ., კარსტული ძაბრები, უწყლო ხეობები). პლატოზე ამარ­თულია გორაძირის ორი ვულკ. კონუსი.

ჰავა ­ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის შე­და­რე­ბით ცივი და უხვნალექიანი ზამთარი.

მთავარი მდ-ებია: ყვირილა, ძირუ­ლა, ჩხერიმელა. გაშიშვლებული კრისტალური სუბსტრატის არეში გავრცელებულია კოლხ. ტიპის ფოთლოვანი ტყეები; დანალექი ქანებით აგებულ ნაწილში ტყე გაჩეხილია, შემორჩენილია მხო­ლოდ ხეობათა ციცაბო ფერდობებზე.

ი. მ-ზეა ქალაქები: ჭიათურა, საჩხერე, დაბა ხარაგაული.

ლ. მარუა­შვი­ლი