იმერეთის სამეფო

იმერეთის სამეფო, ქართული ფეოდალური სა­ხელმ­წი­ფო XV– XIX სს-ში. წარმოიქმნა სა­ქარ­თველოს ფეოდ. მონარქიის პოლიტ. და­შლის შედეგად. ეს პროცესი სა­ქარ­თვე­ლო­ში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან (XIII ს. 30-იანი წლები) დაიწყო და XV ს. II ნახ-ში დასრულდა. XIII ს. II ნახევარში დავით VI ნარინი ფაქტობრივად იმერეთის მეფე იყო. ი. ს-ში შემავალი ოდიშისა და გურიის სამთავროები XVI ს. შუა წლებში ცალკე პოლიტ. ერთეულებად ჩამოყალიბდა. XVII ს. დამდეგს ი. ს-ს აფხაზეთის სამთავრო ჩამოსცილდა, უფრო გვიან კი – სვანეთისა. ამის შემდეგ მისი ტერიტ. საკუთრივ იმერეთითა და რაჭით შემოიფარგლა. ლეჩხუმი ხან იმერეთის მე­ფეს ეპყრა და ხან ოდიშის მთავრებს. ი. ს-ს აღმ-ით ქართლის სამეფოსაგან ლიხის ქედი ყოფდა, დას-ით, ოდიშის სამთავროსაგან – მდ. ცხე­ნისწყალი, ჩრდ-ით – კავკასიონის ქედი და სამხრ-ით, გურიის სამთავროსა და ახალციხის საფაშოსაგან – ფერსათის, ანუ მესხეთის მთები. ი. ს-ს დას. და სამხრ. საზღვრები ხში­რად იცვლებოდა: დას-ით იმერეთის მე­ფეს საჭილაო-სამიქელაოს ოდიშის მთავარი ეცილებოდა, სამხრ-ით საჯავახოს გურიელი ითვისებდა.

XVII ს-ში ი. ს-ს 40 ათ. მეომრის გამოყვანა შეეძლო. XVIII–XIX საუ­კუ­ნე­თა მიჯნაზე ამ სამეფოში დაახლ. 120 ათასამდე მცხოვრები იყო. ი. ს-ში, ისე როგორც საერთოდ სა­ქარ­თველო­ში, ფეოდ.-ბატონყმური ურთიერთობა იყო. არსებობდა რიგი სათავადო­ებისა (მხეიძეთა, ჩხეიძეთა, რაჭის ერის­თავთა, იაშვილთა, ლორთ­ქიფანიძეთა, აბაშიძეთა, აგი­აშვილ­თა, წერეთელთა, წულუკიძეთა, მიქელაძეთა, ჩიჯავაძეთა და სხვ.), რ-თაც საგადასახადო, ადმ. და, ნაწილობრივ, სასამართლო იმუნიტეტი ჰქონდათ მო­პოვე­ბუ­ლი და ტერიტორიულად და პოლიტიკურად განცალკევებულ ფეოდ. ერთეულებს წარ­მო­ადგენდნენ (იხ. სათავადო). XVIII ს. შუა წლებში ი. ს-ში 100-მდე თავადი იყო. ისინი მეფის ან უფლისწულის ვასალები იყვნენ. მაგრამ თავადები, განსაკუთრებით დიდებული თავადები, „ხელმწიფობისაკენ" (სუვერენობისაკენ) მიისწრაფოდნენ და ამ ნიადაგზე იმერეთის მეფესა და მათ შორის განუწყვეტელი ბრძო­ლა იყო გაჩაღებული.

ი. ს-ს სა­თა­ვე­ში მეფე იდგა. ის იყო ქვეყნის უზენაესი მმართველი, რ-იც წარმოშობით ბაგრატიონთა დინასტიის დასავლურ შტოს (დავით ნარინის შტოს) ეკუთვნოდა (იხ. ბაგრატიონები). მეფეს ფორმა­ლუ­რად შეუზღუდველი უფლებები ჰქონდა, მაგრამ ფაქტობრივად მისი ძალაუფლება დიდად იყო დამოკიდებული ­მსხვ­ლი თავადების ნება-სურვილზე. ი. ს-ს სატახტო ქალაქი ქუთაისი იყო. აქვე მდებარეობდა მეფის მთავარი რეზიდენცია. სამეფოს კარზე არსებობდა „დარბაზი", ანუ სა­ხელმწ. საბჭო, რ-შიც მაღალი ხელისუფლებით აღჭურვილი ­მსხვ­ლი საერო და სას. ფეოდალები შედიოდნენ. ი. ს-ს მართვა-გამგეობის სტრუქტურა ქართლისა და კა­ხე­თის სამეფოთა მიმსგავსებით იყო აგებული. 1651–61 ი. ს. ოთხ სამხ.-ტერიტ. ერთეულად – სადროშოდ, ანუ სასარდლოდ დაიყო: რაჭის, არგვეთის (ზემო იმერეთი), ვაკისა და ოკრიბა-ლეჩხუმის. ი. ს-ში სარდლის სახელო, ისე­ვე როგორც სხვა სახელოები, მემკვიდრეობით ეპყრათ გარკვეულ თავადურ საგვარეულოებს: „ზემო ქვეყნის", ანუ „ზემო მხარისა" (ზემო იმერეთი) – წერეთლებს, ვაკისა (ქვემო იმერეთი) – წულუკიძეებს, ოკრიბა-ლეჩხუმისა – აგიაშვილებს და რაჭისა – რაჭის ერისთავებს. 1769, რაჭის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, რაჭის სასარდლო ზემო იმერეთის სასარდლოს შეუერთდა.

ი. ს-ში ყველაზე ­მსხვ­ლი ფეოდალი მეფე იყო, რ-ის დომენი ქვეყნის სხვა­და­სხვა ნაწილში იყო მოქცეული. სოლომონ II-ის დროს (1789–1810) მეფის დომენი 26 სამოურავოსაგან შედგებოდა. თითოეულ სამოურავოს საკუთრივ მეფის მოურავი განაგებდა. მაღალი თანამდებობის საერო მოხელეთა შორის ი. ს-ში უპირველესი ადგილი სახლთუხუცესს ეკავა.

ი. ს-ს უმაღლესი საეკლ. ხელისუფალი დას. სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო, რ-იც ხში­რად „ჩრდილოსა და აფხაზეთის" ან „აფხაზ-იმერთა" ან კიდევ „პონტო ჩრდილოით აფხაზეთიმერთა და ყოვლისა ქვემოისა ივერიისა კათალიკოსად" იწოდებოდა. მისი რეზიდენცია XVI ს. II ნახ-ში ბიჭვინთაში იყო, ხოლო შემდეგ – გელათში. აქ კათოლიკოსს ეჭირა წმ. გიორგის ეკლესია, რ-იც საკათოლიკოსო ეკლესიად მიიჩნეოდა. კათოლიკოსის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ როგორც ი. ს-ს, ისე დას. სა­ქართვე­ლოს სამთავროების საეკლ. მსახურნი. მიუხედავად ქვეყნის პოლიტ. დაქსაქსულობისა, საეკლ. სფე­რო­ში ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ცენტრალიზებული იყო. ი. ს-ში 4 საეპისკოპოსო კათედრა არსებობდა: ქუთაისის, გელათის, ხონისა და ნიკორწმინდის. აქვე იყო გელათის, ჯრუჭის, მღვიმევის მონასტრები და მრა­ვა­ლი სხვა ეკლესია-მონას­ტე­რი.

1555 ირან-ოსმალეთის ამასიის ზავით ი. ს-ს გურია-ოდიშის სამთავროები და სამცხე-საათაბაგოს დას. ნაწილი ოსმალეთს ერგო. ამის შემდეგ, XVI–XVIII სს. განმავლობაში, იგი ოსმალეთის აგრესიის მუდმივი ობიექტი გახდა. XVII ს. I ნახ-იდან ი. ს. ოსმალეთის სასარგებლოდ ყოველწლიურად იხდიდა ხარკს. ამავე საუკუნის 60-იან წლებში კი ქუთაისში ოსმ. გარნიზონი იდგა. იმერეთის მე­ფეს ავიწროებდნენ ოდიშისა და გურიის მთავრები, ეურჩებოდნენ საკუთარი ­მსხვ­ლი თავადებიც. განსაკუთრებით გამწვავდა და­მოკი­დე­ბუ­ლე­ბა იმერეთის მე­ფესა და ლევან II დადიანს შორის. დადიანი განუწყვეტლივ თავს ესხმოდა ი. ს-ს. XVII ს. 30-იან წლებში კი იმერეთის მეფე გიორგი III ტყვედ ჩაიგდო და მისი გათავისუფლების საფასურად მეფის მემკვიდრისაგან მიიღო მდ. ცხე­ნის­წყლის ­მარცხ. ნაპირზე მდებარე ტერიტ. – საჭილაო-სამიქელაო, ჩხარისა და ჩიხორის ვაჭრები, მრა­ვა­ლი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი და იარაღი, აგრეთვე თვალმარგალიტი. მდ. ცხე­ნის­წყლის ­მარცხ. ნაპირზე გაბატონებული დადიანი ახლა უფრო თავისუფლად თარეშობდა მთელ ქვემო იმე­რეთ­ში და ფაქტობრივად ეს ტერიტ. ქუთაისამდე მიტაცებული ჰქონდა. დადიანის ­მძლავრობამ იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639–60) აიძულა, დახმარების სათხოვნელად რუსეთის ხელმწიფისათვის მიემართა. 1649 მან ელჩი გაგზავნა რუსეთში და რუსეთის ხელმწიფეს, ალექსი მიხეილის ძეს მფარველობაში მიღება და ოდიშის მთავრის წინააღმდეგ დონელი კაზაკების გამოგზავნა სთხოვა. 1650 რუსეთის მთავრობამ საპასუხო ელჩობა გამოგზავნა იმე­რეთ­ში ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევის მეთაურობით (იხ. ტოლოჩანოვისა და იევლევის ელჩობა იმე­რეთ­ში). ალექსანდრე III-მ და მისმა დიდებულებმა რუს. ხელმწიფისადმი ვასალური ერთგულების ფიცი მიიღეს, მაგრამ ამ ელჩობას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ლევან II ­დადიანის გარდაცვალების შემდეგ ­ოდიშის სამთავროს საქმეები აირია. იმე­რეთის მეფე ალექსანდრე III-მ ისარგებლა ამ გარემოებით და ოდიში დალაშქრა, დაიპყრო უნაგი­რას მთის აქეთ „აღმოსავლეთის კერძი" და იმერეთისა და ოდიშის საზღვრად მდ. ცხე­ნის­წყლის ნაცვლად უნა­გირას მთა დააწესა.

ალექსანდრე III-ის გარდაცვალების შემდეგ (1660) ი. ს. ფეოდ. ანარ­ქიამ მოიცვა. მეფის ხელისუფლება დასუსტდა. ბაგრატ IV სამჯერ ჩამოაგდეს ტახტიდან, ასეთივე იყო იმერეთის სხვა მეფეთა ბედიც. ი. ს-ში შექმნილი ვითარება ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა ოსმალეთის აგრესიის გაძლიერებას. 1752, როცა სოლომონ I გამეფდა, ი. ს-ს მნიშვ­ნე­ლოვა­ნი ციხესიმაგრეები (ქუთაისის, შორაპნის, ცუცხვათის, ბაღდათის) ოსმალებს ეპყრათ. სამეფოს შიგნით განკერძოებისათვის მებრძოლი არგვეთის თავადი ლევან აბაშიძე და რაჭის ერისთავები ­მძლავრობდნენ. მათ ზურგს უმაგრებდა ოსმალეთი. იგი დიდი ხალისით აძლევდა თავშესაფარს და დამხმარე ლაშქარს იმერეთის მეფის წინააღმდეგ მებრძოლ თავადებს. ხში­რად განგებ უპირისპირებდა მე­ფეს სამეფო სახლის რომელიმე წევრს ან ამა თუ იმ ძლიერ თავადს და ამით ­ცენტრ. ხელისუფლებას უფრო მეტად ასუსტებდა.

ი. ს-ს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შე­და­რებით გაუმჯობესდა სოლომონ I-ის მეფობის დროს (1752–84). სოლომონ I ენერ­გიულად ებრძოდა ოსმალეთის აგრესიას, ხოლო ქვეყნის შიგნით – ფეოდ. რეაქციას. მეფემ დაიმორჩილა თავადი აბაშიძეები, გააუქმა რაჭის საერისთავო, აღკვეთა ტყვეებით ვაჭრობა, რაც ქვე­ყა­ნას გადაშენებას უქადდა. სოლომონმა დაამარცხა თურქი ინტერვენტები და XVIII ს. 60-იან წლების მიწურულს გაათავისუფლა მათგან იმერეთის ციხესიმაგრეები (ცუცხვათი, შორაპანი, ბაღდათი, ქუთაისი). ამაში სოლომონს დიდად შეუწყო ხელი რუსეთ-ოსმალეთის 1768–74 ომმა და ი. ს-ში რუსთა სამხ. კორპუსის შემოსვლამ გენ. ტოტლებენის მეთაურობით. ამ წარმატებებმა ხელი შეუწყო მეფის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის განმტკიცებას. ქვეყანა აღორძინების გზას დაადგა, მაგრამ ოსმალთა აგრესიის საფრთხე მაინც არსებობდა. გურია-ოდიშის მთავრებიც არ ემორჩილებოდნენ მე­ფეს. სოლომონ I ოსმალთა ქვეშევრდომობისაგან იმერეთის სა­ბო­ლო­ოდ გათავისუფლებას, მთავრების დამორჩილებას და ქვეყნის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას ცდილობდა. მან 1774 (ისე როგორც ადრე, 1768) დახმარებისათვის რუსეთს მიმართა და მფარველობაში მიღება სთხოვა. მაგრამ ამ დროს რუსეთს არ სურდა ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების დარღვევა და ოსმალეთთან ურთიერთობის გართულება.

რუსეთსა და ქართლ-კახე­თის სამეფოთა შორის გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, იმავე 1783, სოლომონ I-მა სცადა მსგავსი ხელშეკრულება დაედო რუსეთთან, მაგრამ მის მცდელობას შედეგი არ მოჰყვა. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ ­ცენტრ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრეტენდენტთა შორის ბრძო­ლა. ფეოდ. შინაომები ­კვლავ განახლდა. 1784 გამეფებული დავით II (გიორგის ძე) მალე ტახტიდან ჩამოაგდო დავით არჩილის ძემ და 1789 თვითონ გამეფდა სოლომონ II-ის სა­ხე­ლით. დამარცხებული დავით გიორგის ძე ბრძო­ლას განაგრძობდა. მხოლოდ XVIII ს. მიწურულისათვის შეძლო სოლომონ II-მ სამეფოს საბო­ლო­ოდ შემომტკიცება. მაგრამ გამწვავდა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანთან. თურქებიც განუწყვეტლივ არბევდნენ ი. ს-ს საზღვრისპირა ტერიტორიებს. რუსეთის მთავრობა სარგებლობდა დადიანსა და იმერეთის მე­ფეს შორის ჩამოვარდნილი შუღლით და მას თავისი ინტერესებისათვის იყე­ნებდა, ამავე მიზნით ეხმარებოდა იგი დადიანსაც.

1801, ქართლ-კა­ხე­თის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუს. სამხ. მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება ი. ს-ს გა­საუქმებლად. ასეთ ვითარებაში მყოფმა სოლომონ II-მ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შესანარჩუნებლად 1804 წ. 25 აპრილს რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა. ელაზ­ნა­უ­რის შეთანხმებით, რ-ის პირობები რუსეთის მიერ იყო ნაკარნახევი, იმერეთის მეფე ყველაფერში რუსეთს უნდა დამორჩილებოდა. სოლომონი კი საშინაო დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და რუს. იმპერატორის ვასალობას თხოულობდა. ურთიერთობა იმერეთის მე­ფესა და ცარიზმის ად­გილ. მოხელეებს შორის თანდათან მწვავდებოდა. სოლომონი დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლას განაგრძობდა (იხ. იმერეთის აჯანყება 1810), მაგრამ 1810 რუს. თვითმპყრობელობამ გააუქმა ი. ს. და იქ თავისი მმართველობა დაამყარა.

წყა­რო: გიულდენშტედტის მოგზაურობა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გ. გელა­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1962; დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973: Переписка на иностранных языках грузинских царей с российскими государями от 1659 по 1770 гг. Под ред. М. Броссе, СПб., 1861; Посольство стольника Толочанова и дьяка Иевлева в Имеретию 1650–1652. Документы издал М. Полиевктов, Тфл., 1926.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქარ­თვე­ლო XIX ს. პირველ მეოთხედში, წგ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფო 1768–1784 წწ., «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1961, ტ. 3; მ ი ს ი ვ ე, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784–1789 წწ., იქვე, 1960, ტ. 2; მისივე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789–1802 წწ., იქვე, 1962, ტ. 4; გვენეტაძე ე., იმე­რეთის სამეფოს წარმო­ქმნის ისტორიიდან, თბ., 2003; რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო (1462–1810 წწ.), თბ., 1989; სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურპოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973; წიტაიშვილი დ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური გეოგრაფიიდან, ქუთ., 2004; Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения в первой половине XVII века, Тб., 1968; Пайчадзе Г., Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века, Тб., 1970; Пирцхалаишвили А. Г., Имеретия и Гурия в период 1804–1840 гг., «მასალები სა­ქარ­თვე­ლოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 1.

ო. სოსელია