იმერეტინსკები

იმერეტინსკები, იმერეთის ბაგრატიონების სამეფო შტო. 1804 წელს მეფე სოლომონ II-მ ელაზ­ნაუ­რის შეთანხმების მე-2 პუნქტით იმერეთის ტახტის მემკვიდრედ (იმ შემთხვევაში თუ თავად მას ვაჟი არ შეეძინებოდა) წინამორბედი მეფის, დავით II-ის ­შვი­ლი, კონსტანტინე ბატო­ნი­შვი­ლი გამოაცხადა. 1810, სოლომონ მეფის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ, რუსეთის მთავრობამ კონსტანტინე ბატონი­შვი­ლი რუსეთში გადაასახლა. რუსეთის იმპერიის სახელმწ. საბჭოს 1804 წ. 12 სექტემბრის დადგენილებით და 1812 წ. 12 მარტის მინისტრთა კომიტეტის გადაწყვე­ტილებით ქართლ-კა­ხეთის და იმერეთის მეფეების შვილები ინარჩუნებდნენ ბატონი­შვი­ლის წოდებას, მათი შთამომავლები კი, შესაბამისად, ატარებდნენ „ქართველი თავადის" (გრუზინსკი) და „იმერეთის თავადის" (ი.) წოდებას. კონსტანტინეს, როგორც მეფის შვილს, ბატონიშვილობა შეუნარჩუნეს, ხოლო მის შვილებს – კონსტანტინეს, ნიკოლოზსა და ალექსანდრეს (ვარშავის გენერალ-გუბერნატორი) – თავადი ი-ების წოდება დაუკანონეს, რაც შემდგომში მათ გვარად იქცა. 1865 მათ უგანათლებულესი თავადის ტიტული მი­ე­ნი­ჭათ. მამრობითი ხა­ზით ამ შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი იყო გიორგი ი. (1900–78).

ლიტ.: ბერძნიშვილი მ., მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1980; მაჭარაძე ვ., ელაზნაურის ხელშეკრულება, „ქართული დიპლომატია", თბ., 2000; ხომერიკი მ., იმერეთის სამეფოს გაუქმება, იმერეთის 1819–1820 წლების აჯანყება და იმერეთის ბაგრატიონები, თბ., 2012.