იმეროცეტუსი (Imerocetus karaganicus Mchedlidze 1964), უკბილო ვეშაპების ნამარხი სახეობა შუა მიოცენიდან (დაახლ. 14–13 მილიონი წლის წინანდელი კარაგანული ასაკის დანალექი ქანებიდან).
ი-ის თავის ქალა და კიდურის ძვლები ნაპოვნია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯალაურთაში. ი. მცირე ზომის ვეშაპია. მისი თავის ქალა სხვა ზედა მიოცენურ უკბილო ვეშაპებთან შედარებით ვიწროა და წაგრძელებული, მხრის ძვალი კი უფრო გრძელი. ეს და სხვა პრიმიტიული ნიშან-თვისებები ი-ს განასხვავებს მიოცენური ნამარხი ვეშაპებისგან. ი-ის ნამარხი ნაშთები მხოლოდ სოფ. ჯალაურთიდანაა ცნობილი.
ლიტ.: Мчедлидзе Г. А., Ископаемые китообразные Кавказа, Тб., 1964; მ ი ს ი ვ ე, Fossil Cetacea of the Caucasus, Wash., 1988 (D.C.: Smithsonian Institution Libraries and National Science Foundation).
მ. ბუხსიანიძე