იმერხეული დიალექტი, კლარჯული, ქართული ენის დიალექტი. შემორჩენილია ისტ. შავშეთ-კლარჯეთის ტერიტორიაზე, მდინარეების – იმერხევისა და შავშეთისწყლის აუზებში (მდ. ჭოროხის ხეობამდე). ამჟამად თურქეთის საზღვრებშია.
ტერმ. „ი. დ." ქართ. დიალექტოლოგიაში დამკვიდრდა იმ ძირითადი გეოგრ. ადგილის მიხედვით, სადაც დღეს იმერხეული მეტყველებაა გავრცელებული, თუმცა საქმის რეალურ ვითარებას უფრო კლარჯული (ან შავშურ-კლარჯული) შეეფერება. იმერხეულად მეტყველთა შორის ორი ფენა გამოიყოფა: ტაო-კლარჯეთის ძირძველი მოსახლეობის შთამომავალნი და აჭარა-მესხეთიდან XIX ს. მუჰაჯირებად წასულ ქართველთა შთამომავალნი. ამათ შორის ენობრივ სხვაობას მეცნიერებიც ამჩნევენ და თვით მოსახლეობაც.
იმერხეულის დიალექტოლოგიურ სახეს ორი ფაქტორი განაპირობებს: საქართველოსაგან ამ კუთხის ხანგრძლივი მოწყვეტით განპირობებული ფონეტ.-გრამატ. არქაიზმები და თურქ. გარემოში ასევე ხანგრძლივი ცხოვრებით გაჩენილი უამრავი ლექსიკური ნასესხობა.
შ. ფუტკარაძე ადასტურებს ი. დ-ის შიგნით კილოკაურად განსხვავებულ ხუთ ნაირსახეობას: მუჰაჯირი ქართველების შთამომავალთა მეტყველებას ბურსის ვილაიეთში, ქ. ინეგოლისა და ინეგოლის რ-ნის სოფლებში; ტაოს ქართ. მეტყველებას ისტ. ტაოს სოფლებში; იმერხეულ მეტყველებას მდ. იმერხევის აუზში შემავალ სოფლებში; ლივანურ მეტყველებას ბორჩხისა და მურღულის რ-ნების სოფლებში; მაჭახლურ მეტყველებას ზედა მაჭახლის სოფლებში.
აღსანიშნავია ფონეტ. თავისებურებები: დაცულია ჴ (ჴელი „ხელი", ჴარი „ხარი"). გვხვდება უ (დეკეული, ბეური, ყაუს „ჰყავს"), დასტურდება ჲ როგორც ი-ს რეფლექსი (ანაჲ –„დედა", ფენჯერეჲ – „ფანჯარა", ფენჯერაჲს – „ფანჯრის", წაჲ – „წადი", აჲ – „ადი"). გავრცელებულია ხმოვანთა რეგრესული ასიმილაცია (დაეძინა > დეეძინა, დაუძახა > დოუძახა); ბოლოკიდურ პოზიციაში დისიმილაციით აე > ეე > იე (თმაები > თმეები > თმიები); ნაწილობრივი ასიმილაციით იცვლება აი კომპლექსი (დაიჭირა > დეიჭირა); რეგრესიული დისტანციური ასიმილაციის შემთხვევები (დეიჭედებიან > „დაიჭიდებიან"). ოა, ოე, ეა კომპლექსებში ხდება დისიმილაცია (მოვათავე > მოათავე > მუათავე, მოველი > მოელი > მუელი, შეაქო > შიაქო). ხდება მჟღერი აფრიკატების დეზაფრიკატიზაცია (ჩაზვრა, გოუზახა). ვე და ვი კომპლექსები იცვლება შესაბამისად ო და უ ხმოვნებით (ზოლი – „ძველი", სირცხული – „სირცხვილი").
მორფოლ. თავისებურებანი: ხმოვანზე ფუძედაბოლოებული სახელები სახ. ბრუნვაში დაირთავენ – ი // -ჲ-ს (ანაჲ–„დედა", ბაბოჲ – „მამა", გიდელაჲ–„გიდელი"); მოთხრობითში ამ ტიპის სახელებთან გაჩნდება -მა (ანამა, ბაბომა). მავრცობ ხმოვნად დასტურდება -ა (მირზასა) და -ი (მირზასი). გვხვდება -დამ თანდებული (ქვეშედამ „ქვეშიდან"). რეალური სუბიექტის მრავლობითობა გამოიხატება -ან // -ენ ფორმანტებით (აქან –„აქვთ", ძინუან – "სძინავთ", უქნიან –„უქნიათ"). -ავ და -ამ თემის ნიშნები გახმოვანებას იცვლიან ნამყო უსრულსა და მასზე დაფუძნებულ მწკრივებში (მალევდა „მალავდა"). ამავე თემისნიშნიან ზმნათაგან ვნებითი არქ. წესით იწარმოება (იმალვის, იბმის).
სინტაქსური თავისებურებანი: „ეშინია" ტიპის ზმნებთან დაცულია ძვ. ქართულისებური კონსტრუქცია: ჩიტიდამ მეშინოდა, „ჩიტისგან მეშინოდა – ჩიტისა მეშინოდა". აქტ. სემანტიკის გარდაუვალი ზმნების II სერიის „ორმებთან ქვემდებარე დასმულია მოთხრ. ბრუნვაში: წეუდა კაცმა. „დაუძახა" ზმნასთან ობიექტი დგას სახ. ბრუნვაში: დუუძახა ქელოღლანი –„დაუძახა ქელოღლანს".
ლექსიკაში შენახულია არქ. ფენა, ქართ. ლექსიკა კარგადაა დაცული სას.-სამ. ტერმინოლოგიაში. შეინიშნება დიალექტური ინოვაციები: მრავლადაა თურქ. ნასესხობანი, თითქმის მთლიანად თურქულია ნათესაობის ტერმინოლოგია. ტოპონიმიკა ქართულია. სიტყვებიც კი, რ-ებიც ცოცხალ მეტყველებაში აღარ იხმარება, დაცულია ტოპონიმიკაში (ბოსლიეთი – ბოსელს „ახორი" ჰქვია; ვაკიეთი – ვაკეს „დუზი" ჰქვია).
ლიტ.: გიგინეიშვილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლოგია, I, თბ., 1961; ფუტკარაძე შ., ჩვენებურების ქართული, ბათ., 1993; Марр Н. Я., Дневник поездки в Шавшетию, «Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии», VII, СПб., 1911.
გ. ცოცანიძე