იმნაძე ევგენი სიმონის ძე (4. XII. 1875 – დაახლ. 1944), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1916).
1893 დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი, 1895 – კონსტანტინეს საარტ. სასწავლებელი, 1903 – ნიკოლოზის გენ. შტაბის აკადემია (I თანრიგით). 1893-იდან მსახურობდა ჯარში (მე-20 საარტ. ბრიგადაში). 1904–07 იყო ვილნოს სამხ. ოლქის შტაბის უფრ. ადიუტანტის თანაშემწე. 1911 მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–18). 1915–16 მეთაურობდა კავკასიის მე-12 მსროლელ პოლკს. 1916-იდან იყო ციმბირის მე-14 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი, 1918-იდან – თეთრი მოძრაობის მონაწილე, 1919–20 – ოდესის სამხ. სასწავლებლის უფროსი. 1920-იდან ემიგრაციაში წავიდა აშშ-ში. 1930-იდან ცხოვრობდა დეტროიტში, ხელმძღვანელობდა ვეტერანთა საზ-ბას. 1932-იდან გადავიდა ნიუ-იორკში. 1938-იდან იყო ჟურნალ „ჯარი და ფლოტის" წარმომადგენელი. დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის I ხარისხის, წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით, ასევე ოქროს იარაღით.
სავარაუდოდ გარდაიცვალა ნიუ-იორკში და იქვეა დაკრძალული.
ლიტ.: Гогитидзе М., Грузинский генерაлитет, К., 2001; მისივე, Военная элита Кавказа (Генералы и адмиралы из Грузии), кн. 1, თб., 2007.
მ. გოგიტიძე