იმუნოლოგია

იმუნოლოგია (<ლათ. immunitas– განთავისუფლება, თავის დახსნა; ­ბერძნ. logos – სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება ორგანიზმის დაცვით (უპირატესად სპეციფიკურ) რეაქციათა შე­სა­ხებ. ი. შეისწავლის იმუნური სისტემის უჯრედული და ჰუმორული კომპონენტების ურ­თიერთ­ქმე­დე­ბას ნორმასა და პათოლოგიაში. თანამედრო­ვე სამედიცინო-ბიოლოგიური მე­ცნიერების ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას ი-ის ინტენსიური განვითარება წარმოადგენს. ბოლო ­ათწლეულების განმავლობაში, მოლეკულურ ბიო­ლოგიასა და გენეტიკაში გა­მო­ყენებული ტექნო­ლოგიების გან­ვითარების ფონზე, იმუნური სისტემის ფუნქციონირების მრა­ვა­ლი მექანიზმი გაიშიფრა. ბევრმა მათგანმა ძირფესვიანად შეცვალა იმუნური სისტემის შე­სა­ხებ ადრე არ­სე­ბუ­ლი შეხე­დულებები.

ი. როგორც მეცნიერება, თავდაპირველად ინფექტოლოგიის სფე­რო­ში წარმოიშვა. უფრო მოგვიანებით გაირკვა, რომ იმუნური სისტემა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემასთან ერთად, ფუნქციურად ერთიან, ორგანიზმის ზოგადმარეგულირებელ სისტემას წარმოადგენს. ამიტომ ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დაავადება, რ-ის დროსაც იმუნური სისტემის რომელიმე რგოლში პათოლოგიური ძვრები არ ვითარდებოდეს. ეს დარღვევები ზოგჯერ დაავადების აღმოცენების მიზეზს, ზოგჯერ კი მის შედეგს წარმოადგენს. ორგანიზმის ჰომეოსტაზის მუდმივობის შენარჩუნება იმუნური სისტე­მის მთავარი დანიშნულებაა. იმუნური სისტემა ორგანიზმში შეჭრილ მიკროორგანიზმებს და, ასევე, ორგანიზმში ­წარმოქმნილ სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს. წარ­მატებული იმუნური პასუხის შედეგია ინფექციური აგენტებისადმი მდგრადობა და სიმსივნის განვითარების აღკვეთა. იმუნური სისტემა ერთმანეთისგან განარჩევს „საკუთარ" და „უცხო" უჯრედებს. იმუნური სისტემის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან საკუთარი ქსოვილების დაც­ვა ორგანიზმის ნორმალური ფუნქციო­ნირების აუცი­ლებელ პირობას ­წარმოადგენს. ­საკუთა­რი ქსოვილების განადგურების თავი­დან აცილებას აუტოტოლერანტობა (საკუთარისადმი შეგუება) ეწოდება. მისი დარღვევის შემთხვევაში აუტო­იმუნური დაავადებები ვითარდება. ნო­რმაში იმუნური პასუხი მხო­ლოდ უცხო, და ამასთანავე, ორგანიზმის დამაზიანებელი აგენტის წინააღმდეგ უნდა აღიძრას. ამდენად, იმუნური სისტემის მთავარი ფუნქცია ორგანიზმისთვის უცხო, საშიში აგენტის განადგურებაა საკუთარი ქსოვილების დაზი­ა­ნების გარეშე.

იმუნურ სისტემაში განარჩევენ ­ცენტრ. და პერიფერიულ ორგანოებს. ძვლის ტვინი და თიმუსი ­ცენტრ. (პირველადი) ლიმფური ორგანოებია. ­ცენტრ. ლიმფურ ორგანოებში ყო­ველ­დღიურად მრავა­ლი ლიმ­ფო­ცი­ტი წარმო­იქმნება და მწიფდება. მომწიფების შემდეგ ისინი მზად არიან თავიანთი ფუნქ­ციის შესასრულებლად. მწიფე ლიმფოციტები ­ცენტრ. ორგანოებს ტოვებენ და პერიფერიაზე გადადიან. მა­თი ნაწილი მეორად ლიმფურ ორგანოებსა და ქსოვილებში ცირკულირებს. ­ლიმფოციტები პერიფერიული სის­ხლის ლეიკოციტების 20–40% შეადგენს.

პერიფერიული (მეორადი) ლიმფური ორგანოები და ქსოვილებია: ლიმფური კვანძები, ელენთა და ლო­რ­წოვან გარსებთან ასოცირებული ლიმფური ქსო­ვილი. მათი ფუნქციაა ორგანიზმში მოხვედრილი ანტიგენის დაჭერა და ლიმფოციტთან მისი შეხვედრის უზრუნველყოფა, რასაც იმუნური პასუხი მოჰყვება.

იმუნური პასუხი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და ­ადაპტაციური (შეძენილი), უჯრედული და ჰუმორული. იმუნურ პასუხში მონაწილე უჯრედებია: თ-ლიმ­ფო­ციტი, B-ლიმ­ფო­ცი­ტი, NK-უჯრედი, ნეი­ტ­რო­ფილი, ეოზინოფილი, ბაზოფილი, პოხი­ე­რი უჯრედი, მონოციტი და სხვ. B-ლიმ­ფო­ცი­ტი ანტიგენის საპასუხოდ ანტისხეულებს წარმო­ქმნის. ანტისხეული ცილაა, რ-იც ანტიგენს სპეციფიკურად უკავშირდება.

ალერგია, ასთმა, იმუნოდეფიციტები, რევმატული დაავადებები, ვასკულიტები, ენდოკრინული სისტემის, თირკმლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის, კუნთოვანი სისტემის, სისხლის იმუნური დაავადებები და კიბო – ეს იმ პათოლოგიათა ჩამონათვალია, რ-ებიც უშუალოდ კლინიკური ი-ის სფეროს მიეკუთვნება.

ვაქცინაცია (იმუნიზაცია), პრაქტიკული ი-ის ყვე­ლაზე დიდი და მრავალსაუკუნოვანი „პროექტია". საყოველთაო ვაქცინაციის შედეგად XX ს. ბოლოს მთლიანად იყო ლიკვიდირებული ყვავილი და პოლიომიელიტი. მნიშვ­ნელოვნად შემცირდა გრიპის, შავი ჭირის, ქოლერის, ტიფის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის და სხვ. შემთხვევები. სადღეისოდ შექმნილია ვირუსული ჰეპატიტებისა და პაპილომავირუსების, კომბინირებული (უნივერსალური) ანტიგრიპოზული ვაქცინები, მიმდინარეობს აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა.

იმუნოდეფიციტები – იმუნოდეფიციტური მდგომარეობა (ხში­რად გვხვდება ბავშვებსა და მოხუცებში). ვითარდება ერთიანი იმუნური სისტემის რამდენიმე კომპონენტის დეფიციტის შემთხვე­ვაში. თანდაყოლილ, ანუ პირვე­ლად იმუნოდეფიციტს გენეტ. დე­ფექტი იწვევს, შეძენილი, ანუ მეორადი იმუნოდეფიციტი კი სხვა რაიმე დაავადების ან გარემო ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვითარდება.

აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა საკუთარ ქსოვილებს აზიანებს (მაგ., სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ჰაშიმოტოს დაავადება და ავთვისებიანი მიასთენია). ამ შემთხვევაში ანტიგენი, რ-იც იმუნურ პასუხს აღძრავს, საკუთარია. ბუნებრივია, რომ მისი განადგურების მცდე­ლობა საკუთარი ქსოვილის დაზიანებით მთავრდება. კლასიკური მაგალითი: ადამიანის ორგანიზმ­ში არის ორგანოები, რ-ებიც მთელი სხეულისგან ­გამიჯნულია ფიზიოლოგიური ბარიერებით (ცენტრ. ნერვული სისტემა, ფარისებრი ჯირკვალი, თვალი, მამაკაცის სასქესო ჯირკვლები, ნაყო­ფი). ისინი წარმოადგენენ საკუთარი იმუნური სისტემის უცხო სხეულს. ამ ბარიერების დარღვევისას ყალიბდება აუტოიმუნური კონფლიქტი.

ალერგია, ისე­ვე როგორც აუტო­იმუნური დაავადება, იმუნური პასუხის რეგულაციის დარღვევის შედეგია. ალერგიის შემთხვევაში იმუნური პასუხი გარემოს უსაფრთხო ანტიგენების (ყვავილისა და ოთახის მტვერი, საკვები პროდუქტები და სხვ.) საწინააღმდეგოდ აღიძვრება. ასეთი იმუნური პასუხი საკუთარ უჯრედებსა და ქსოვილებს აზიანებს.

სიმსივნის ი. – იმუნური სის­ტემა სიმსივნურ უჯ­რედებს გამოიცნობს და ანა­დგურებს. გადარჩება მხო­ლოდ ის სიმსივნური უჯრედი, რ-იც იმუნური სისტემის ზედამხედვე­ლობას თავიდან აიცი­ლებს. სიმსივნეებზე იმუნური ზედამხედვე­ლობის იდეა ფ. ბერნეტს ეკუთვნის. თანამედროვე შეხედულებით ­გა­სა­თვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია არა მხო­ლოდ ის ფაქტი, რომ იმუნურ სისტემას სიმსივნური უჯრედის აღმოჩენისა და განადგურების უნა­რი აქვს, არამედ ისიც, რომ სიმსივნე თავად ზემოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რი­თაც თავის საწინააღმდეგო იმუნურ პასუხს აქვეითებს.

ტრანსპლანტაციური ი. – კლინიკური მედიცინის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი სფეროა. იმუნოლოგიური მიდგომის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ტრანსპლანტოლოგიის მიღწევები.

კვლე­ვის იმუნოლოგიური მეთოდები დიდი სპეციფიკურობითა და მგრძნობელობით გამოირჩევა. იმუნოფლუორესცენციული, იმუნოფერმენტული, რადიოიმუნური და სხვა მეთოდები მედიცინის ყველა დარგში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ნანოტექნოლოგიების დახმარებით შექმნილი „ექსპერ-ტესტები" რამდენიმე წუთში არა მარტო სხვადასხვა ინფექციების დიაგნოსტირების, არამედ ონკომარკერების, სომატური და გენეტიკური დარღვევების პრედიქტორების, წამალდამოკიდებულების, ორსულობის და სხვ. გამოვლენის საშუალებას იძლე­ვა. იგივე ითქმის პროფილაქტიკისა და მკურნალობის იმუნურ მეთოდებზეც. იმუნური სისტემის კომპონენტების გამოყენება დაავადებათა სამკურნალოდ იმუნოთერაპიის სა­ხე­ლითაა ცნობილი. მას, ქიმიოთერაპიასთან და რადიოთერაპიასთან ერთად, ხში­რად იყენებენ სიმსივნეების სამკურნალოდ. იმუნოთერაპია ფართოდ გა­მო­იყე­ნე­ბა ასევე იმუნოდეფიციტების, აუტოიმუნური პათოლოგიების, ალერგიის და სხვა დაავადებების დროს.

საქართველოში ამ პრობლემატიკაზე მუშაობს თსსუ, თსუ, „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი", სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინ. იმუნოლოგიის სამეცნ.პრაქტიკული ცენტრი", თსსუ-ის ვ. ბა­ხუ­ტა­შვი­ლის სახ. სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინ-ტი, სა­ქართვ. იმუნოლოგთა და ალერგოლოგთა ასოციაცია და სხვ. მედიცინის ამ სფეროს ღირსეული წარმომადგენლები არიან: ნ. გოგება­შვი­ლი, ვ. ბახუტა­შვი­ლი, ი. მალაშხია, ვ. მეუნარგია, ბ. კორსანტია, ი. გიორგაძე, ა. გამყრე­ლიძე, ა. თელია, მ. გოთუა და სხვ.

ბ. კორსანტია

თ. ჩიქოვანი