ინგუშეთის ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები

ინგუშეთის ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები, XVIII ს. ­მიწურულიდან მკვლე­ვართაგან ინგუშეთში გამოვლენილი და შესწავლილი ქარ­თული ქრისტიანული კულტურის ძეგლები: ნაეკლესიარნატაძრალები (ტყობია-ჲერდას ტა­ძა­რი, ალბი-ჲერდის, თარგემის, მაღი-ჲერდის ეკლესიები და სხვ.); მონუმენტური და მცი­რე პლასტიკის ძეგლები (ჯვრები, ქვის ჯვრის კვარცხლბეკი, ქვის ემბაზი, ჯვრების გამოსახულებანი სამლოცველოებზე, ტაძრის სახურავის კრამიტებზე, კოშკებზე, აკლდამებზე); ეკლესიის ექსტერიერის შემამკობელი რელიეფები (სიუჟეტურ-კომპოზიციურ-იკონოგრაფიული თვალსაზრისით, ორნამენტული მოტივებითა და შესრულების ტექნიკით ისინი ანალოგიებს პოულობს შუა საუ­კუ­ნე­თა სა­ქართვ. არქიტექტურულ, კედლის მხატვრობის, ჭედურ, ქვისა და ხეზე კვეთილობის ძეგლებში, რაც მათთან გენეტ. კავ­ში­რით აიხსნება და, ამავე დროს, გააჩნიათ ლო­კა­ლუ­რი ნიშნებიც); საეკლ. კედლის მხატვრობის ნიმუშები; ადგილობრივ მცხოვრებთა ქრისტ. სამარხები; სამლოცველო, სამშ., ლიტურგიკული შინაარსისა და ად­გილ. სახელწოდებების აღმნიშვნელი ძველ­ქართული წერილობითი ძეგლები (უმთავრესად X–XI სს. და XII–XIV სს.). ისინი საისტორიო, ენობრივ (ქრისტ. ლექსიკის, ონომასტიკის, ტოპონიმიკის), ფოლკლორულ და ეთნოგრ. მასალებთან ერთად, ნათელყოფენ შუა საუკუნეების ინგუშეთში ქრისტიანობის გავრცელების მაღალ დონეს, ქრონოლ. დიაპაზონს, ქართ. ღვთისმსახურების, მოსახლეობაში ქართ. ენისა და დამწერლობის არსებობას.

ინგუშეთში არ­სე­ბუ­ლი ქრისტ. კულტ. ძეგლები ნათლად მიუთითებს შუა საუკუნეების სა­ქართვე­ლო-ინგუშეთის (ისტ. „დურძუკეთი") მჭიდრო ისტ. ურთიერთობებზე, რაც ჩამოყალიბდა ადრე შუა საუ­კუ­ნე­თა მიწურულიდან კავკასიის ხალხთა პოლიტ., სოც.-ეკონ. და კულტ. სფეროებში მიმდინარე იმანენტური პროცესებით (ფეოდ.-ფორმაციული ძვრები, ძლი­ე­რი მეზობელი სა­ხელმ­წიფოებისაგან თავდაცვა, ტრანსკავკასიური გზების ფლობა, მთისა და ბარის ეკონ. კავშირები, ძირძველი ეთნო-კულტ. ურთიერთობანი, ეთნო-ფსიქ. წყობა და სხვ.) და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელმწი­ფოს მიერ წარმართული კავკ. პოლიტიკით, რის შედეგადაც წარმოქმნილი საერთო კავკ. სა­ხელმწი­ფოებრიობის რელიგ.-კულტ. სა­ფუძვლად ქრისტ. რელიგია და კულტურა გვევლინება.

ლიტ.: ღამბაშიძე გ., „არსენი მ"-ის სამშენებლო-კერამიკული წარწერა ტყობჲა-ჲერდას (ინგუშეთი) ქრისტიანული ტაძრიდან, კრ.: ფეოდალური საქარ­თვე­ლოს არქეოლოგიური ძეგლები, VI, თბ., 1998; მისივე, ქართული ფსალმუნი მაღი-ჲერდას ეკლესიიდან (ინგუშეთი), საერთაშორისო კონგრესი "ქართველოლოგიის პრობლემები და პერსპექტივები". მასალები, I, თბ., 2015; მისივე, Изображение епископа Георгия (Х в.) из христианского храма Ткобя-Ерда (Ингушетия). Международная научная конференция «Кавказ и этнология», Б., 2009; მისივე, Надпись «Патриарха Востока Мелкизедека» из грузино-ингушского христианского храма Ткобя-Ерда (Ингушетия), გორის სა­ხელმ­წი­ფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი. შრომათა კრებული, 2014, N7; Чубинашвили Г. Н., Ткобя-Ерди (к вопросу о культурных связях Ингушетии и Грузии), კრ.: Вопросы истории искусства. Исследования и заметки, т. 2, Тб., 2002.

გ. ღამბაშიძე