ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირის სამეწარმეო საქმიანობის მოწყობის ფორმა, მეწარმე სუბიექტი.
საქართველოში მისი უფლებები მოწესრიგებულია კანონით „მეწარმეთა შესახებ“. ი. მ. არ არის იურიდ. პირი, თუმცა მისი რეგისტრაცია სავალდებულოა. ი. მ. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოდის როგორც ფიზ. პირი. ინდივიდ. მეწარმეობის განმახორციელებელი ფიზ. პირი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოქმნილი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პირადად აგებს პასუხს მთელი თავისი ქონებით. ი. მ-ს არ სჭირდება მართვის სპეც. ორგანოები, როგორც ეს სამეწარმეო საზ-ბების (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი) შემთხვევაშია, იგი სამეწარმეო საქმიანობას ორგანიზებას უწევს და ახორციელებს უშუალოდ. ი. მ-ის სამართლებრივი ფორმა შესაძლებლობას იძლევა, სამეწარმეო საქმიანობა განხორციელდეს მცირე კაპიტალით, ნაკლები დანახარჯებისა და დიდი სამეწარმეო თავისუფლების პირობებში, რაც მას მიმზიდველს ხდის მცირე მეწარმეობის განსახორციელებლად.
წყარო: კანონი მეწარმეთა შესახებ, «საქართველოს პარლამენტის უწყებები», 1994, №21–22, მ. 455.
ლიტ.: ჭანტურია ლ., ნინიძე თ., მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, თბ., 2002; ჭანტურია ლ., სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011.
ლ. ლაზარაშვილი