ინდიკატიური დაგეგმვა, მაკროეკონომიკური დაგეგმვის ერთ-ერთი სახე, რომლითაც განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კურსი, სტრატეგიული მიზნები, ამოცანები, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები (მთლიანი შიდა პროდუქტი, დასაქმების მაჩვენებლები, ინვესტიციების მოცულობები და სხვ.). ი. დ. არის გრძელვადიანი (10 და მეტი წელი), საშუალოვადიანი (3–5 წელი) და მოკლევადიანი (უმთავრესად 1 წელი). ი. დ., დირექტიულისაგან განსხვავებით, ჯერ ერთი არაა სავალდებულო, ატარებს ინფორმაციულ, სარეკომენდაციო ხასიათს და მეორე – კონკრეტულად არ მიუთითებს მაჩვენებელთა შემსრულებელ სუბიექტებს, შესაბამისად, მათთვის არ წარმოადგენს კონკრეტულ დავალებას. მისი საჭიროება და სარგებლიანობა გამოიხატება სათანადო მეცნ. კვლევებისა და გათვლების საფუძველზე, სამომავლო მოთხოვნილებებისა და მათი დაკმაყოფილებისათვის საჭირო დოვლათის, მისი შექმნის რესურსების მონაცემების განსაზღვრით. ამდენად, იგი გამოსადეგია როგორც ქვეყნის მთავრობისთვის, ასევე კონკრეტული ეკონ. სუბიექტებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასეთი გეგმის მნიშვნელობა სახელმწ. ბიუჯეტის შედგენისას; მესამე – ინდიკატიური გეგმა არაა და არც შეიძლება იყოს კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული საბაზრო ეკონ. მართვის ინსტრუმენტი, რადგან ამგვარი დეცენტრალიზებული ეკონომიკა მაკროდონეზე არ იმართება, მაგრამ ის ეკონომიკაზე მარეგულირებელი ზემოქმედების ბერკეტად გვევლინება.
თავიდან გაჩნდა ი. დ-ის თეორ. იდეა, შემდეგ რიგ ქვეყნებში იგი კიდევაც განხორციელდა. ამ იდეის ავტორები იყვნენ ინსტიტუციონალისტურ და სოციოლოგიურ მიმართულებათა წარმომადგენელი ეკონომისტები. დაგეგმვის იდეა და საკითხები მუშავდებოდა XX ს. 30-იანი წლებიდან. 1928 მექსიკაში, ქვეყნის პრეზიდენტის ინიციატივით, მუშაობა დაიწყო ეროვნ. ეკონ. განვითარების გეგმის შესადგენად. 1932 გერმანიაში შეიმუშავეს მაკროეკონომიკური გეგმა, რ-ის ძირითადი მიზანი იყო უმუშევრობის დაძლევა. 1933 ინდოეთში შემუშავდა ეროვნ. ეკონ. გაორკეცების გეგმა, 1938 კი შეიქმნა ეროვნ. საგეგმო კომიტეტი. საფრანგეთში დაგეგმვის იდეის დამამკვიდრებლის როლი სოციოლოგიური სკოლის წარმომადგენელმა ფ. პერუმ შეასრულა. საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში აშშ-შიც გამოჩნდნენ დაგეგმვის მომხრენი. განსაკუთრებით ამაში წამყვანი როლი შეასრულა ინსტიტუციონალისტმა უ. მიჩელმა. მან 1937 სპეც. ჟურნალიც კი დააარსა სახელწოდებით – „გეგმიანი მეურნეობა". კ. ლანდაუერმა გამოსცა წიგნი „ეროვნული ეკონომიკური დაგეგმვა", რ-შიც ავტორი ასაბუთებდა ი. დ-ის არსს და მისი ანტიკრიზისულ ინსტრუმენტად გამოყენების შესაძლებლობას. აშშ-ში 1975 მომზადდა კანონპროექტი სახელწოდებით – „კანონი დაბალანსებული ზრდისა და ეკონომიკური დაგეგმვის შესახებ", მაგრამ მაკროეკონომიკური დაგეგმვა ფართოდ ვერ გავრცელდა, თუმცა ეროვნ. მასშტაბის რიგი ეკონ. და სოც. პროგრამა ამჟამადაც მუშავდება. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტური დაგეგმვა თითქმის ყველა სახელმწიფოში ხორციელდება და ინდიკატიურთან ერთად დირექტიულ ხასიათს ატარებს.
ი. დ-ისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაძლიერდა II მსოფლიო ომის (1939–45) შემდეგ. ამ მხრივ აღსანიშნავია საფრანგეთის, შვედეთის, იაპონიის, სამხრ. კორეისა და ინდოეთის, მალაიზიის, ტაივანის, ნიდერლანდების, მექსიკის და სხვა ქვეყნების პრაქტიკა. მაგ., საფრანგეთში ი. დ-ის სფეროში ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილება დაგროვდა, რაც მიუთითებს მაკროეკონომიკური გეგმიანობის მნიშვნელოვან როლზე ამ ქვეყნის განვითარებაში. პირველი ხუთწლიანი ინდიკატიური გეგმა იაპონიაში 1948–52 წლებისთვის შეადგინეს, ხოლო ოფიციალურად ხუთწლიანი გეგმა 1955 დაამტკიცეს. მას შემდეგ სისტემატურად დგებოდა პერსპექტიული საშუალოვადიანი და მიმდინარე (მოკლევადიანი) გეგმები. შეადგინეს ათწლიანი გეგმაც 1980–90 წლებისათვის, რ-იც შვიდ წელიწადში შესრულდა. შექმნილი იყო დაგეგმვის სახელმწ. ორგანო – ეკონომიკური დაგეგმვის სახელმწ. სამმართველო. მაკროეკონომიკურმა ი. დ-მ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა სამხრ. კორეისა და ზოგი სხვა ქვეყნის ეკონ. განვითარების პროცესში.
ი. დ-ის მოდელები განსხვავებულია ქვეყნების ტრადიციების, საზ. მსოფლმხედველობის, პოლიტ. სისტემის, ეკონ. თავისებურებათა მიხედვით. პირობითად გამოყოფენ სამ ძირითად სახეობას: ევროპულს (საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია), აზიურს (იაპონია, სამხრ. კორეა, ტაივანი), ამერიკულს (აშშ, კანადა, მექსიკა). ამ სახეობათა განსხვავება ძირითადად მდგომარეობს დაგეგმვის მეთოდების გამოყენების მასშტაბებსა და სისრულეში. ისინი ზოგან უფრო სრულადაა გამოყენებული, ზოგან – ნაწილობრივ.
ბოლო წლებში სახელმწიფოთა პოლიტიკაზე ლიბერალურ მიმართულებათა გავლენით, რ-თა ძირითადი დოქტრინა მდგომარეობს დერეგულირების მიზანშეწონილობასა და სახელმწ. მარეგულირებელი ფუნქციების შესუსტებაში, დაგეგმვისადმი ყურადღება განელდა. ამასთან, უკანასკნელ ხანს მსოფლიო ეკონომიკაში წარმოჩენილი ტენდენციები გვიჩვენებს ამ მიდგომის გაუმართლებლობას, ზიანს ეკონ. სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის. ამდენად, სავარაუდოა მსოფლიოში ი. დ-ისადმი ყურადღების შემობრუნება.
ცალკე შეიძლება გამოვყოთ გეგმიანობა, რ-იც უკანასკნელ ხანებში ხორციელდება ჩინეთში სახელმწ. და კერძო საკუთრების თანაბარუფლებიანობის, კომუნისტური იდეოლოგიისა და საბაზრო ურთიერთობათა თანაარსებობის პირობებში. ადრინდელი დირექტიული დაგეგმვა შეცვალა ი. დ-ის ელემენტებით გაჯერებულმა საგეგმო სისტემამ, რ-იც, ერთი მხრივ, არბილებს ცენტრალიზებული ადმ. ბერკეტების გამოყენებას და საგეგმო მაჩვენებელთა დირექტიულ ხასიათს, არასტრატეგიულ და კერძო ეკონ. ობიექტთა მიმართ; მეორე მხრივ, გარკვეულწილად ზღუდავს საბაზრო მექანიზმს და საერთო-საქვეყნო ეკონ. პოლიტიკას უთმობს მნიშვნელოვან ადგილს. ასეთმა პრაქტიკამ დადებითი შედეგი გამოიღო და უზრუნველყო ჩინეთის „ეკონომიკური სასწაული" – არნახული ტემპებით განვითარება.
საქართველოში ი. დ. შემოიღეს XX ს. 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც განხორციელდა საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა, მანამდე არსებული ე. წ. სოციალ. სისტემის დემონტაჟის, ეკონომიკაში კერძო საკუთრების უპირატესობის, თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების პერიოდში. ამ მიზნით შესწავლილია საფრანგეთის, იაპონიის, სამხრ. კორეის და სხვა ქვეყნების პრაქტიკა. სასარგებლო იყო დირექტიული დაგეგმვის გამოცდილების არსებობა, რაც წინა პერიოდებში იყო ქვეყანაში დაგროვილი. საქართველოში დიდძალი მეცნ. მასალა არსებობდა ქვეყნისა და მისი რეგიონების ეკონ. და სოც. განვითარების საკითხების კვლევის შედეგების, მ. შ. ეკონ. რესურსების შეფასების, განვითარების მიღწეული დონის ანალიზისა და პერსპექტივის პროგნოზების სახით. ინდიკატიური გეგმის პროექტის, რეკომენდაციების მოსამზადებლად მნიშვნელოვან მეცნ. სამუშაოებს ასრულებდა ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-იც ფუნქციონირებდა ეკონ. სამინისტროს დაქვემდებარებაში (გაუქმდა 2006).
ი. დ-ის ფუძემდებლური სახელმწ. დოკუმენტი იყო 1994 წ. 11 ოქტომბრის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმვის საფუძვლების შესახებ". შემდგომ წლებში მას მოჰყვა კიდევ რამდენიმე სახელისუფლებო დოკუმენტი ქვეყანაში ი. დ-ის სრულყოფის თაობაზე. ი. დ. იქცა ქვეყანაში ეკონ. და სოც. პოლიტიკის, კონკრეტული სოც.-ეკონ. პროგრამების შემუშავების, საბიუჯეტო საქმიანობის უმნიშვნელოვანეს ბერკეტად. ამ პერიოდიდან მოყოლებული მუშავდებოდა და გამოიყენებოდა საშუალოვადიანი (ხუთწლიანი) და მიმდინარე (წლიური) ინდიკატიური გეგმები. კერძოდ, შემუშავდა 1993–94, 1995–2000, 2000–05 წლების, აგრეთვე ამ პერიოდების ცალკეული წლების ინდიკატიური გეგმები. ამგვარი საგეგმო მუშაობა ხელს უწყობდა ეკონ. რეგულირების, ანალიზის, ახ. საბაზრო ურთიერთობის პირობებში საქმიანობის მეთოდების ათვისებასა და ეფექტიანობას არა მხოლოდ სამთავრობო სტრუქტურებში, არამედ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, რეგიონულ და დარგობრივ მმართველობით ორგანოებში.
ინდიკატიური კომპლექსური დაგეგმვა საქართველოში 2004 წლის საკანონმდებლო გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყდა.
ლიტ.: გუგუშვილი პ., სოციოლოგიური ეტიუდები, ტ. 1, თბ., 1990; კაკულია რ., საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები, თბ., 2003; მალაშხია გ., მეტაეკონომიკა – ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995; საქართველოს პარლამენტის უწყებები, თბ., 1997; წოწერია ი., ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება და ინდიკატიური დაგეგმვა საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, თბ., 1995; ჭითანავა ნ., გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, თბ., 1999.
გ. მალაშხია