ინდოლოგია, ინდიანისტიკა, დისციპლინათა კომპლექსი, რომელიც შეისწავლის ინდოსტანის ხალხების კულტურულ მემკვიდრეობას, ენებს, იდეოლოგიურ შეხედულებებს, ლიტერატურასა და ხელოვნებას, ინდოეთის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ისტორიას. ევროპაში ჩამოყალიბდა XIX ს-ში, თუმცა ინდოეთისადმი ინტერესს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იჩენდნენ.
ინდურ-ქართული ურთიერთობის განხილვა შეიძლება ლინგვისტური, ლიტ. და კულტ.-ისტ. თვალსაზრისით. შუა საუკუნეებში საქართველოსა და ინდოეთს მჭიდრო ეკონ. და სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ. ინფორმაცია ინდოეთის შესახებ საქართველოში მოჰქონდათ ვაჭრებს, აგრეთვე ქართვ. მეფეებსა და მხედართმთავრებს, რ-ებიც მონაწილეობდნენ ირანის შაჰებისა თუ მონღოლთა ლაშქრობებში ინდოეთის წინააღმდეგ (ჯუანშერის ცნობა ვახტანგ გორგასლის საბრძოლო მოქმედების შესახებ ინდოეთში, ერეკლეს ლაშქრობა იმავე ქვეყანაში ნადირ-შაჰთან ერთად, რ. დანიბეგაშვილის მოგზაურობა და სხვ.). ინდ. ენების, კერძოდ, სანსკრიტის შესწავლა თსუ-ის დაარსებიდანვე დაიწყო გ. ახვლედიანის ხელმძღვანელობით. 1920 გამოქვეყნდა გ. ახვლედიანის სანსკრიტის პირველი ქართ. სახელმძღვანელო. მანვე თარგმნა ქართულად „რიგვედის" ჰიმნების ნიმუშები. საქართველოში ინდოლოგიური მუშაობა მიმდინარეობდა თსუ-სა და საქართვ. მეცნ. აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტში. ქართვ. ინდოლოგ-ლინგვისტები იკვლევდნენ ძვ. ინდური ენის გრამატ. სტრუქტურას, ინდოირანული ენების შედარებითი გრამატიკისა და ტიპოლოგიის საკითხებს, აგრეთვე ინდოირანული ენების ურთიერთმიმართებასა და ქართულთან მათი ენობრივი კონტაქტების საკითხებს (თ. ჭავჭავაძე, გ. ნახუცრიშვილი, ე. ალექსიძე, მ. მოდებაძე, მ. ანდრონიკაშვილი, ნ. კენჭოშვილი). ქართ. ენაზე ითარგმნა „რიგვედა", ეპიკური პოემები „მაჰაბჰარატა" და „რამაიანა", კალიდასას დრამები, რ. თაგორი, ინდოელი მწერლების ნაწარმოებები ჰინდისა და ურდუს ენებიდან.
ლიტ.: ანდრონიკაშვილი მ., ინდური „რიგვედის" ჰიმნებისა და ძველი ინდური ეპოსის „მაჰაბჰარატას" ეპიზოდის „„ნალა და დამაჲანტის" თარგმანი, კრ.: «არმაღანი», თბ., 1977; ახვლედიანი გ., სანსკრიტი, ტფ., 1920; Андроникашвили М., О лексических встречах древнеиндийских языков с картвельскими, კრ.: Санскрит и древнеиндийская культура, М., 1979.
მ. ანდრონიკაშვილი