ინდო-ხმელთაშუაზღვისპირული რასა, თანამედროვე კლასიფიკაციური სქემების თანახმად, შეესაბამება ევროპეოიდული დიდი რასის სამხრეთულ შტოს. მისი გავრცელების არეალი მოიცავს ტერიტორიას 44-ე და მე-20 პარალელებს შორის ინდოეთიდან ატლანტის ოკეანემდე. გავრცელებულია სამხრ. ევროპის, ჩრდ. აფრიკის, არაბეთის ნ.-კ-ის, ერაყის, ირანის სამხრ. ოლქებისა და ჩრდ. ინდოეთის ტერიტორიაზე. თავის მხრივ, ი.-ხ. რ. აერთიანებს ხმელთაშუა-ბალკანურ, წინააზიურ და ინდო-პამირულ ქვერასებს. სხვა მოსაზრებით ი.-ხ. რ. და ბალკანურ-კავკასიური რასები განიხილება სამხრეთევროპეოიდული რასის შემადგენლობაში, რ-შიც შედიან უფრო დაბალი კატეგორიით – ლოკალური რასების სახით. სამხრ. ევროპეოიდული რასობრივი შტოს წარმოქმნის დრო და გავრცელების არეალი მიუთითებს საბჭ. ანთროპოლოგის ნ. ნ. ჩებოქსაროვისა და მ. აბდუშელიშვილის მოსაზრებების მართებულობას.
ზოგადად, ი.-ხ. რ. ხასიათდება კანის ღია, საშუალო და მუქი შეფერილობით, თვალების მუქი ფერით (85–100%), ტალღოვანი თმით, თმოვანი საფარველის უხვი ან საშ. განვითარებით, გრძელი და ვიწრო ცხვირით, ცხვირის ზურგის გამოდრეკილი ფორმებით, ვიწრო და საშ. სიგანის მკვეთრად პროფილირებული სახით, თავის დოლიქო-მეზოკრანული და ბრაქიკრანული ფორმით, სხეულის საშუალო ან დიდი სიმაღლით (162–172 სმ).
განსხვავება ამ რასის სამივე დანაყოფს შორის აღინიშნება კანის ფერის, თავის ფორმისა და სხეულის სიმაღლის მიხედვით.
ლიტ.: Абдушелишвили М. Г., Антропология древнего и современного населения Грузии, Тб., 1964; მისივე, Антропология древних и современных народов Кавказа. Горизонты антропологии, «Труды Международной научной конференции памяти академика В.П. Алексеева», М., 2003; Рогинский Я. Я., Левин М. Г., Антропология, М., 1978; Чебоксаров Н. Н., Основные принципы антропологических классификаций, წგ.: Происхождение человека и древнее расселение человечества, «Труды Ин-та этнографии АН СССР». Новая серия, т. 16, М., 1951.
ლ. ბითაძე