ინდუიზმი (სანსკრ. ჰინდუმატა; სანათანა – დჰარმა – მარადიული რელიგია, გზა, კანონი. თანამედროვე – ჰინდუდჰარმა), ძველი აღმოსავლეთის ჩვენამდე მოღწეულ რელიგიათა შორის უძველესი (ძვ.წ. III ათასწლეული) რელიგია. ი. პოლითეისტური რელიგიაა. ი-ს დაახლ. მილიარდი მიმდევარი ჰყავს და ასობით სხვადასხვა სექტასა და მიმდინარეობას მოიცავს. მისი სახელწოდება მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს; ზოგიერთის აზრით, ტერმინი მოიხსენიება ისტ.-გეოგრ. ჭრილში (სინდ – რეგიონი პაკისტანში; მდ. ინდუს-ი) და მას არანაირი რელიგ. დატვირთვა არ აქვს. ყველაზე გავრცელებული შეხედულება კი დაკავშირებულია ინდოეთში XVIII–XIX სს-ში მყოფ ბრიტანელ კოლონიზატორებთან. მკვლევართა აზრით, ამ სახელწოდებაში იგულისხმება ადგილ. მოსახლეობა, ინდოელები, რ-ებიც არც მუსლიმები იყვნენ, არც ქრისტიანები და არც იუდეველები. ი. ძირითადად ირანულ-სირიული და ადგილ. ინდური კულტების შერწყმის შედეგად წარმოიშვა. სხვები კი მიიჩნევენ, რომ ტერმ. „ი." სიტყვა „ჰინდუსგან" მომდინარეობს. ასე მოიხსენიებდნენ ძვ. ირანელები იმ ხალხს, რ-იც მდ. ინდ-ის აღმ-ით ცხოვრობდა. ამ გზით დამკვიდრდა ევრ. ენებში „ინდოელიც" („ინდუსი") და „ი"-ც. ვედების სახელითაა ცნობილი მისი წმ. წიგნები (ბრაჰმანა, არანიაკა, უპანიშადა, სუტრა, მაჰაბჰარატა და რამაიანა), რ-ებიც ეპიკურ თხზულებებზეა დაფუძნებული და ათასწლეულის განმავლობაში იქმნებოდა. ინდუისტური მოძღვრება ეფუძნება ბრაჰმას, რ-იც სამყაროს სულია, მისგან შედგება ყოველივე და სუფევს ყველგან (პანთეისტური კოსმოლოგია) ვიშნუსა და შივასთან ერთად. მის მიმდევრებს სწამთ რეინკარნაცია, უზენაესთან მისაახლოებლად ხელახლა დაბადებისა და გარდაცვალების ციკლი სანსარა (სამსარა) და კარმა (კეთილი და ბოროტი საქმეების ჯამი). იგი განსაზღვრავს მათ ბედსა და მომავალს.
საქართველოში ი. XX ს. 80-იან წლებში კერძოდ, ქ. სოხუმში „კრიშნას ცნობიერების" სახელით ჩამოყალიბდა, მაგრამ მალევე ამ ჯგუფის წევრები დააპატიმრეს და მოძრაობის ცენტრმა თბილისში გადმოინაცვლა. 1986 აქვე დაარსდა ვედური კულტურის ცენტრი, რ-შიც 500-მდე ადამიანი იყო გაერთიანებული, თუმცა მოგვიანებით მათი რიცხვი 200-მდე შემცირდა.
ლიტ.: რელიგიები საქართველოში,თბ., 2008; The Hindu World, ed. by M. S. and G. R. Thursby, N. Y., 2004; The tantric body: the secret tradition of Hindu religion. Flood, D. Gavin, L., 2006; The quest for the origins of Vedic culture: the Indo-Aryan migration debate, Br. F. Edwin, Oxf., 2001; World Religions, ed. by W. G. Oxtoby and A. F. Segal. Second ed., Oxf., 2012.
რ. შაინიძე