ინვენტარიზაცია, ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ბუღალტრული ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის დადასტურება. ი. საკუთრების დაცვის, ნედლეულის, მასალის, მზა ნაწარმის ხარისხობრივი მდგომარეობის, სასაწყობო მეურნეობის სწორი გაძღოლისა და მიმდინარე აღრიცხვის კონტროლის საუკეთესო ხერხია. ი. შესაძლოა სხვადასხვა დანიშნულებით ჩატარდეს. ჩატარების სიხშირის მიხედვით იგი შესაძლოა იყოს ყოველწლიური და პერიოდული.
ყოველწლიური ი. ტარდება წლის ბოლოს და მისი მიზანია ინფორმაციის მოპოვება აღრიცხვის სისრულისა და აღრიცხული ქონების არსებობის შესახებ. იგი ძირითადად აუდიტორების დაკვირვებით მიმდინარეობს. პერიოდული ი. გულისხმობს საჭიროებიდან გამომდინარე ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, ყოველთვიურ, კვარტალურ და ნახევარწლიურ საკონტროლო აღწერას. პერიოდული ი. გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც, საქონლის სწრაფი ბრუნვის ხასიათიდან გამომდინარე (მაგ., საცალო ვაჭრობაში), არ ხდება გასული ქონების ქრონოლ. აღრიცხვა. ასეთ ვითარებაში ი-ის პერიოდებს შორის გაყიდული საქონლის რაოდენობა ან ღირებულება განისაზღვრება სწორედ შეძენილი საქონლის რაოდენობით კორექტირებულ ნაშთებს შორის სხვაობის დადგენის გზით. ქონების ი-ის შედეგის საბუღალტრო ჩანაწერებთან შედარებამ შესაძლოა გამოავლინოს შემდეგი გარემოებები: ქონება სრულად არ არის აღრიცხული (არ იქნა დროულად აღრიცხული შეძენილი ქონება); ქონება დაზიანებული, მოძველებული ან გამოსაყენებლად უვარგისია (საჭიროა შეფასების გადასინჯვა ან ქონების აღრიცხვის შეწყვეტა); ქონების ზედმეტობა (საბუღალტრო ნაშთი ნაკლებია, რაც შესაძლოა არასწორი აღრიცხვის შედეგი იყოს), რამაც შეიძლება სხვა საქონლის დანაკლისის ილუზია შექმნას; ქონების დანაკლისი (საბუღალტრო ჩანაწერების მიხედვით საქონლის რაოდენობა მეტი უნდა იყოს. არასწორი აღრიცხვის გარდა, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს ქონების ხელყოფით, მითვისების მცდელობით და სხვ.).
ი-ით მოპოვებული ინფორმაციის სარგებლიანობას ზრდის მისი მაკონტროლებელი როლი და დამადასტურებელი ხასიათი. თუ პერიოდულად და განსაკუთრებით წლის ბოლოს ფინანს. ანგარიშგების მომზადების ეტაპზე ქონების არსებობა ი-ის გზით არაა დადასტურებული, ნაკლებად სარწმუნო ხდება წლ. ფინანს. ანგარიშგების სამართლიანი წარდგენის პრინციპის მტკიცება. ი-ს, მისი კლასიკური გაგების მიუხედავად, შესაძლოა ქონებასთან ერთად ექვემდებარებოდეს ყველა სახის ფინანს. ვალდებულება, მ. შ.: 1. ძირითადი საშუალებები; 2. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები; 3. ფინანსური აქტივები (სალაროში არსებული ფულადი სახსრები, საბანკო ანგარიშების ნაშთები, დებიტორებთან საანგარიშსწორებო ანგარიშების ნაშთები, ფასიანი ქაღალდები და სხვა ფულადი დოკუმენტები); 4. ფინანსური ვალდებულებები; 5. დაუმთავრებელი წარმოება; 6. ბიოლოგიური აქტივები და სხვ.
ი. შეიძლება იყოს სრული ან შერჩევითი (ნაწილობრივი). სრული ი. მოიცავს პირის ყველა სახის ქონებისა და ფინანს. ვალდებულების შემოწმებას, ხოლო ნაწილობრივი ი-ის დროს მოწმდება ერთი ან რამდენიმე სახის ქონება და ვალდებულება, მაგ., მხოლოდ სასაქონლო-მატერ. ფასეულობები, ფულადი სახსრები ან ფინანს. ვალდებულებები.
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია საბიუჯეტო ორგანიზაციებში სავალდებულო ი-ის ჩატარების წესები („საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის" დამტკიცების შესახებ, საქართვ. ფინანსთა მინისტრის ბრძანება, 2010 წ. 3 ივლ.). ამ წესებით განისაზღვრება სავალდებულო ი-ის ჩატარების პერიოდულობა, სარეკომენდაციო ვადები, ი-ის ჩატარების საერთო წესი, საინვენტარიზაციო კომისიის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ფაქტობრივი ნაშთების შემოწმების პროცედურები და სხვ. საქართველოში მოქმედი პრაქტიკით, კერძო სექტორში ი-ის ჩატარების რაოდენობას, თარიღსა და ობიექტს ბრძანებით ადგენს იურიდ. პირის ხელმძღვანელი სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ. ი. ტარდება ორგანიზაციის ხელმძღვანელის წერილობითი ბრძანების საფუძველზე, რ-იც მოიცავს ამ პროცესის ორგანიზების აუცილებელ პროცედურებსა და ინსტრუქციებს. ი-ის ჩასატარებლად იქმნება კომისია, არანაკლებ სამი კაცის შემადგენლობით. კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადო პროფილის სპეციალისტებით (მაგ., ბუღალტერი, ტექნოლოგი, საქონელმცოდნე და სხვ.), ორგანიზაციის შიდა კონტროლის სამსახურის წარმომადგენლებით.
ი-ის ჩატარება შესაძლოა საჭირო გახდეს წლ. ფინანს. ანგარიშგების შედგენის წინ, ბუღალტრული ნაშთების დადასტურების მიზნით; ქონების იჯარით გაცემის, ყიდვა-გაყიდვის ან რაიმე სხვა ფორმით გასხვისების დროს; მატერ. პასუხისმგებელი პირის ან ხელმძღვანელის შეცვლისას; ქონების უკანონოდ მითვისების (დატაცების), ბოროტად გამოყენების ფაქტების გამოსავლენად ან ქონების დაზიანებისას; სტიქიური უბედურების, ხანძრის, ავარიისა და სხვ. შემდეგ; სუბიექტის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის დროს; ძირითადი საშუალებების გადაფასების დროს.
ლიტ.: აუდიტი და მარწმუნებელი მომსახურება, თბ., 2010; გოდერძიშვილი ი., ბუღალტრული აღრიცხვის თეორია, თბ., 1998; ხარაბაძე ე., ბუღალტრული აღრიცხვა, თბ., 2009.
ლ. ჭუმბურიძე