ინვესტიცია

ინვესტიცია (გერმ. Investition <ლათ. investio – ვმოსავ, ვაცმევ), კაპიტალის გრძელვადიანი დაბანდება ეკონომიკის სხვა­დასხვა სფე­რო­ში მოგების მიღების მიზნით. ადრეულ პერიოდში ი-ის სინონიმები იყო ისეთი კა­ტე­გო­რიე­ბი, როგორიცაა სიმდიდრე, დანაზოგი, დაგროვება, კაპიტალი. ცენტრალიზებული, გეგმიანი ეკონომიკის პირობებში იყენებდნენ ტერმინს „კაპიტალური დაბანდებები", ე. ი. დანახარჯები ძირითადი ფონდების ­კვლავწარმოების, გადიდებისა და სრულყოფისათვის, ანუ ი. გაიგივებული იყო კაპიტ. დაბანდებებთან. საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში „ინვესტიციის" კა­ტე­გო­რი­ის შე­სა­ხებ თვალსაზრისი შე­ი­ცვა­ლა, რამაც თავისი ასახვა პოვა კანონმდებლობაშიც. ეკონ. ლიტ-რაში „ინვესტიციის" ცნება ახლოს დგას დანაზოგების ცნებასთან. მართლაც, ი. საჭიროებს დანაზოგებს, მაგრამ ყველა დანაზოგი ი-ის სტატუსს ვერ ღებულობს. ი-დ გადაიქცევა ის დანაზოგი, რ-საც ირიბად თუ პირდაპირ იყენებენ წარმოების გასაფართოებლად და და­მა­ტე­ბითი შემოსავლის მიღების მიზნით.

ი-ის კატეგორიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მაშინ, როდესაც პოსტსოციალისტურ ქვეყნებში დაიწყო პოლიტ. და ეკონ. გარდაქმნები, საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გა­მო­ყე­ნე­ბით ეკონ. ფორმირების პროცესი.

ი. თანამედროვე ეკონომიკის განუყოფელი ნაწილია. დღეს იგი ერთ-ერთი ხში­რად გამოსაყენებელი კატეგორიაა, თუმცა ლიტ-რაში ცნებას ხშირად საკმაოდ წინააღმდეგობრივად განმარტავენ.

ერთმანეთისგან განასხვავებენ ფინანსურ და რეალურ ი-ებს. ფინანსურია ი., როდესაც კაპიტალის დაბანდება ხდება კორპორაციის ან სა­ხელმწ. მიერ გამოშვებული აქციების, ობლიგაციებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შესასყიდად. რეალური კი არის ის ი., როდესაც კაპიტალის დაბანდება ძირითადად ხდება საწარმოო კაპიტალში კერძო კორპორაციების ან სა­ხელმ­წი­ფოს მიერ. კერძო კორპორაციები კაპიტალს აბანდებენ ეკონ. იმ დარგებში, სადაც მეტი მოგება მიიღება, ხოლო სა­ხელმწ. კორპორაციები კი – მცირეშემოსავლიან დარგებში, მაგ., ინფრასტრუქტურაში.

თანამედროვე ეკონ. გლობა­ლიზაციის პირობებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საინვესტიციო საქმიანობას, რაც გულისხმობს ი-ის დაბანდებას და პრაქტ. საქმიანობის განხორციელებას მოგების მიღების ან უფრო სასარგებლო ეფექტის მიღწევის მიზნით.

ი. შეიძლება სხვა­და­სხვა ­სახის იყოს: კაპიტალის სხვა­და­სხვა ფორმით პირდაპირი დაბანდება (რეალური ი.); კაპიტალის არაპირდაპირი ფორმით დაბანდება ფინანს. აქტივების საშუალებით (ფინანსური ი.); მატერ. აქტივების ფორმით ყიდვა (მიწა, ძირითადი ფონდები); მშენებლობასა და რეკონსტრუქციაში ჩადებული კა­პიტალი; დაბანდებები არამატერიალურ აქტივებში – პატენტები, ლიცენზიები, სარგებლობისა და საავტორო უფლებები, სავაჭრო ნიშნები, ნოუ-ჰაუ, ადამიანური კაპიტალი (აღზრდა, განათლება, მეცნიერება), ფასიანი ქაღალდების შეძენა, ლიზინგის ყიდვა და ა.შ.

ი-ისადმი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა განსხვავებულია იმის მიხედვითაც, თუ რას ისახავს კაპიტალის ინვესტირება მიზნად – პირდაპირ ინვესტირებას, პორტფელური ი-ების ­ზრდას თუ ინტელექტუალუ­რი სფეროს ინვესტირებას, რაც დაკავშირებულია კადრების მომზადებასთან, სპეციალისტების ტრენინგთან, კადრების გადამზადებასთან და ა.შ.

ინვესტირების პერიოდების მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებენ მოკლევადიან (1 წლამდე), საშუალოვადიან (1–3 წლამდე), გრძელვადიან (3 წელზე მეტი) ი-ებს. ი-ების ეფექტიანობის შესაფასებლად გაიანგარიშება მათი გამოსყიდვის ვადის (კაპიტალის უკუგების) კოეფიციენტები.

საკუთრების ფორმის მიხედვით საინვესტიციო რესურსები შეიძლება სხვა­და­სხვა ფორმის იყოს – კერძო, სა­ხელმ­წი­ფო, უცხოური ან შერეული.

ყველა ქვეყნისთვის მნიშვ­ნე­ლოვა­ნია პირდაპირი უცხ. ი-ების მოზიდვა. ამისათვის საჭიროა ქვეყანაში უცხოელი ინვესტორისათვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს არსებობა. ყოველივე ეს გულისხმობს თანაბარ პირობებს ადგილ. და უცხ. ი-ისთვის, ლი­ბერა­ლური საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც ინვესტორისთვის მასტიმულირებელი პირობაა.

საინვესტიციო საქმიანობის და­სახასიათებლად აუცილებელია უცხ. ი-ების რაოდენობისა და მთლიან შიდა პროდუქტთან მი­მარ­თებით მისი პროცენტული წი­ლის განსაზღვრა.

ინვესტირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო პირდაპირი უცხ. ი-ების მოზიდვას, არამედ რეინვესტირების პროცესის განხორციელებასაც. რეინვესტირება ეს არის პროცესი, როდესაც ინვესტორი ი-ებს ზრდის მიღებული შემოსავლიდან ან მოგების ხარჯზე. რეინვესტირების დროს ინვესტორები საგადასახადო შეღავათებს იღებენ, რაც მათი მასტიმულირებელია.

ქვეყნის საინვესტიციო ­გარემოს მახასიათებელია ასევე უცხ. ქვეყნების ი-ების ქვეყანაში შემოდინების მაჩვენებელი.

ი-ების დახასიათებისთვის, გარდა მომგებიანობის მაჩვენებლისა, ანგარიშობენ რისკის დონის მაჩვენებელს, თუ რაოდენ სარისკოა კაპიტალის დაბანდება. საინვესტიციო საქმიანობაში ­რისკის გამომწვევი შეიძლება იყოს სხვადა­სხვა ფაქტორი: საკანონმდებლო, პოლიტიკური, სო­ცი­ა­ლური, ეკონომიკური, ეკოლოგიური. რისკებსა და მოგებას შორის შეფარდების აღწერისათვის გა­მო­იყე­ნე­ბა აქტივების შემოსავლიანობის შეფასების მოდელი (CAPM-ის მოდელი). საინვესტიციო რისკის ოდენობა უჩვენებს ი-ისა და მისგან შემოსავლის დაკარგვის ალბათობას.

საქართველოში გარკვეულწილად ი-ებზე არის დამოკიდებული ეკონომიკისა და მისი დარგების განვითარება. ი-ების აღრიცხვიანობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში 1997-მდე არ ხდებოდა, რადგან არ არსებობდა მისი აღრიცხვის ერთიანი მეთოდოლოგია და სისტემა. 1997-იდან დღემდე ი-ების ნაკადი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. შიდა დანაზოგების დაბალი ტემპების გამო დიდია უცხ. ი-ების როლი ეკონომიკაში. 1997 წ. იგი შეადგენდა 242,6 მლნ. აშშ დოლარს, 2010 წ. – 845,1 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო 2015 წ. იგი გაიზარდა 1564,5 მლნ. აშშ დოლარამდე, 2017 წ. კი – 1861,9 მლნ. აშშ დოლარამდე. 2017 ი-ებმა შეადგინა მშპ-ის 31,9%.

საქართველოში ი-ებს აბანდებენ ევროკავშირისა და დსთ-ის ქვეყნები, თურქეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სხვ. პირდაპირი უცხ. ი-ების დაბანდება ძირითადად ხდება შემდეგ სფეროებში: საფინანსო სექტორი, ტრანსპორ­ტი და კავშირგაბმულობა, მშენებლო­ბა, უძრავი ქონება, დამმუშავებელი და სამთომომპოვებელი მრეწველობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხ. ი-ების დინამიკა ძალზე ცვალებადი იყო. 2010–11 წლებში პირდაპირმა უცხ. ი-ებმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შეადგინა 7,3–7,7%, 2012–13 წლებში იგი შემცირდა 6,5-იდან 6,3%-მდე, 2014–15 წლებში კი გაიზარდა შესაბამისად 10,6 და 11,2%-მდე, ხოლო 2016–17 წლებში შეადგინა შესაბამისად 11,1% და 12,3%. ი-ების ძირითადი ნაწილი გამოყენებული იქნა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის.

2017 წ. პირდაპირი უცხ. იების მეოთხედზე მეტი – 25,9% დააბანდა აზერბაიჯანმა. სულ დაბანდებული ი-ების 39,44% მოდიოდა ევროკავშირის ქვეყნებზე, რ-თა შორის ყველაზე მსხვილი ინვესტორი იყო გაერთიანებული სამეფო (13,6%), ნიდერლანდები (12,0%) და ჩეხეთი (7,2%). დსთ-ის ქვეყნების ი-ების 92,2% აზერბაიჯანზე მოდის. რუსეთის წილი შემცირდა ი-ებში 2016 წლის 2,3%იდან 2017 წლის 1,8%-მდე. ამავე პერიოდში გაიზადა ჩინეთის ი-ები – 1,7%-იდან 2,8%-მდე, აშშ-იდან მიღებული ი-ები – 3,5%-იდან 4,0%-მდე, თურქეთიდან მიღებული ი-ები – 12,0%-იდან 15,0-მდე. 2017 წ. ი-ების ყველაზე მსხვილი დაბანდების სფერო იყო კავშირგაბმულობა და ტრანსპორტი (28,3%), საფინანსო სექტორი (16,3%), მშენებლობა (15,8%), ენერგეტიკა (10,1%). უცხ. ი-ების თითქმის 4/5 (78,2%) დაბანდებულ იქნა თბილისის ეკონომიკაში.

ვ. სართანია