ინოვაცია (ლათ. Innovatio – სიახლე, განახლება), ადამიანის შემოქმედებითი (ინტელექტუალური) მოთხოვნილება, შექმნას (შემოიტანოს) წინანდელთან ან მოქმედთან შედარებით ახალი გადაწყვეტილება, იდეა, მეთოდი, ნაკეთობა. ი. ფაქტობრივად გვხვდება ყველა სფეროში: სამეცნ. კვლევებში, ტექნოლოგიებში, მართვის პროცესებში, ეკონომიკაში, ხელოვნების დარგებში, სტრატეგიულ საკითხებში თუ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში. ტერმინი „ინოვაცია" მეცნიერებაში პირველად შემოიტანა ავსტრიელმა მეცნიერმა ი. შუმპეტერმა XX ს. 30-იან წლებში.
ი-ები სამეცნ. კვლევებში მიმართულია ახ. ფიზ.-ქიმ. და სხვ. მეთოდების შემუშავებისა და გამოყენებისაკენ, სამეცნ. პრაქტიკაში მათი დანერგვითა და გავრცელებით.
ი-ები ტექნოლოგიებში გამიზნულია საწარმოო პროცესებში ახ. მასალების შექმნა-გამოყენებისა და დამუშავების ახ. მეთოდების დანერგვისაკენ, რაც განაპირობებს ახ. პროდუქციის გამოშვებას, წარმოებაში მეცნიერებატევადი ტექნოლოგიების, ახ. აღმოჩენებისა და გამოგონებების გამოყენებით. ინტენსიურად ინერგება თვისებრივად ახ. ტექნოლოგიები: თანამედროვე მიკროპროცესორული ტექნოლოგია, წარმოების კომპიუტერიზაცია, რო ბოტული და ლაზერული ტექნიკა, ბიოტექნოლოგია, მიკრობიოლოგიური მეცნიერების უახლესი მიღწევები, ნანოტექნოლოგია და ა. შ. მიუხედავად იმისა, რომ ი-ის შედეგად ზოგჯერ საწარმოო პროცესები რთულდება და ნაკეთობის თვითღირებულებაც იზრდება, ექსპლოატაციის საბოლოო ეტაპზე ხდება ეფექტიანობის ამაღლება. ი. არის ბიზნესის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების დაჩქარებული განვითარების პირობა და მძლავრი კატალიზატორი.
ი-ები მართვის პროცესებში (ეკონომიკა, წარმოება, სამხ. საქმე, ზოგიერთი შემოქმედებითი პროცესი – თეატრი, კინო, სასწ. პროცესი) მიზნად ისახავს შედეგის მიღებასა და დასახული ამოცანის შესრულებას.
ი-ის სიხშირით გამოირჩევა ყოველდღიური მოხმარების საგნების წარმოება (სურსათი, სამკურნ. პრეპარატები, სამოსი და ა. შ.), აგრეთვე განსაკუთრებული დანიშნულების ნაწარმის გამოშვება, მაგ., სამხ. ტექნიკის, კოსმოსის ათვისების აპარატების, დედამიწის შემსწავლელი მეცნ. დარგების, მედიცინის, ბიოტექნოლოგიების, ფარმაკოქიმიის, მეტალურგიის, მანქანათმშენებლობის, კომუნიკაციების და სხვა სფეროებში.
ი. თავისი ხასიათით შეიძლება იყოს თანმიმდევრული (ევოლუციური) და/ან მკვეთრად ცვალებადი, ნახტომისებრი (რევოლუციური), როცა რადიკალურად იცვლება ძველად ხმარებული მეთოდი, წარმოების წესი, ნაკეთობა (პროდუქტი). ამასთან, ახლის გამოყენება მომხმარებელი საზ-ბის ინტერესს, გატაცებას, მოხმარების მასობრიობას იწვევს. ასეთ დროს წარმოების გადაწყობა ხდება ბაზრის მოთხოვნილებათა მიხედვით, მისი დაკმაყოფილების გათვალისწინებით; ამდენად, ი. ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა წარმოებისა და რეალიზაციის სფეროს განვითარებისათვის.
ი-ის დაფიქსირება ხშირად ხდება აღმოჩენის, გამოგონების, რაციონალიზატორული წინადადების სახით, იმისდა მიხედვით, რამდენად მნიშვნელოვანი და რევოლუციურია იგი საზ-ბის ინტერესებისათვის.
ი-ები ფართოდ გამოიყენება სას.-სამ. აგრო-სექტორში, წვრილ ინდივიდ. წარმოებაში: მუდმივად ხდება სახელობო იარაღის გაუმჯობესება და სრულყოფა, ახ. ტექნოლოგიური მასალების, ახ. ჯიშებისა და სათესლე მასალების, მცენარეთა დაცვის ახ. მეთოდების შემოღება, შრომის პროცესის გასამარტივებლად და შედეგის გასაუმჯობესებლად.
ი-ების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია მოდა ახ. პროდუქტზე მრავალ სფეროში (კოსმეტიკა, სამკაულები, ყოველდღიური ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათვალე, საკანცელარიო საქონელი და სხვ.).
ი. შეიძლება იყოს ინიცირებული (შემოტანილი) საავტორო წინადადების ფორმით და პირიქით, წარმოებისა და ბაზრის მოთხოვნით (დაკვეთით). თავისთავად, ეს პროცესები დიდ გავლენას ახდენს მუშახელის გამოყენებაზე, დასაქმებაზე, ეკონ. განვითარების მახასიათებლებზე, რაც ითხოვს სამართლებრივი და ეკონ. კანონების დარეგულირებას, სახელმწ. მართვის პროცესების სრულყოფას.
ი-ის შეფასება ტექნიკასა და ეკონომიკაში ხდება მისი სიჩქარით, სხვადასხვა რეიტინგული კოეფიციენტებით, მაგ., ბლუმბერგის ინდექსით, რ-იც ასახავს მაღალტექნოლ. კომპანიებისა და მთლიანად ქვეყანაში წარმოების სფეროს გლობალურ კონკურენტუნარიანობას, საშ. და უმაღლესი სპეც. განათლების, კადრების მომზადების დონეს და სხვა. ეკონ. და სამართლებრივი კრიტერიუმები განსაზღვრავს წარმოების მახასიათებლებს: ინდივიდ. მეწარმეობას და ჯგუფურ ფორმებს (არტელებს, კოოპერატივებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებს, სააქციო საზ-ბებს, მსხვილ კორპორატიულ ფორმებს). ამიტომ, რეალური ი-ებით მდიდარი სახელმწ. ქმნის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკას, რაც მისი წარმატების საფუძველია. სამართლებრივი ნორმატივებით და ფინანს. ხელშეწყობით საზ-ბის ინვესტიციური შემოქმედებითი აქტივობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა.
ი-ების მხრივ შემოქმედებით აქტივობას განსაზღვრავს კომერციალიზაციაზე ორიენტირებული სამეცნ.-კვლ. და საინჟინრო-ტექნოლ. საქმიანობა.
საქართველოში ი-ის სფეროში წამყვან როლს ასრულებს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემია და უნ-ტები. ი-ების დარეგულირება ხდება სახელმწიფოს ინოვაციური სააგენტოს, აკადემიის „ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრისა" და სპეც. დანიშნულების საწარმოების მიერ.
განსაკუთრებული როლი ენიჭება საქართველოში საერთაშ. წყაროებიდან ცოდნისა და მეცნ.ტექ. მიღწევების შემოდინების ხელშეწყობას, ქართვ. მეცნიერთა და სპეციალისტთა საავტორო წინადადებების რეალიზაციას უცხოეთში, ანუ ორმხრივ ტრანსფერს. ინოვაციური წინადადებების ეფექტიანობითა და მათი დანერგვით წარმოებასა თუ პრაქტიკაში, საავტორო წინადადებების კომერციალიზაციის ხაზით, საქართველო ჯერჯერობით მოწინავე ქვეყნების რიგში არ მოიაზრება, თუმცა ქვეყანაში ი-ების განვითარების რეალური პოტენციალი არსებობს. მისი ამოქმედება და საზ-ბის სამსახურში ჩაყენება მნიშვნელოვანი სახელმწიფო ამოცანაა. აუცილებელია მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაც.
ლიტ.: ჩიქავა ლ., ინოვაციური ეკონომიკა, თბ., 2006; Мединский В. Г., Скамой Д. Г., Инновационное предпринимательство, М., 2002.
გ. აბდუშელიშვილი