ინოკენტი

ინოკენტი (ერისკაცობაში – ივანე ვასილის ძე ბ ე ლ ი ა ე ვ ი) (23. IX. 1862, ვლადიმირის გუბერნია, – 9. IX. 1913, პეტერბურგი, დაკრძალულია პეტერბურგის ალექსანდრე ნეველის ნიკოლსკის საძმო სასაფლაოზე), სა­ქარ­თვე­ლოს ეგზარქოსი, ქართლისა და კა­ხეთის მთავარეპის­კო­პო­სი 1909–13. ვლადიმირის სას. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ამავე ქალაქის სას. სემინარიაში. 1885 ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაამთავრა ყაზანის სას. აკადემია. 1895 ბერად აღიკვეცა. იმავე წლის 26 მარტს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და მალევე არქიმანდრიტის პატივი მი­ე­ნი­ჭა. 1899 თავდაპირველად იყო სუმსკის, შემდგომ კი ხარკოვის მთავარეპის­კო­პო­სი, 1901 დეკემბრიდან – ნარვის ეპის­კო­პოსი, 1903-იდან კი – ტამბოვისა და შაცკის ეპარქიის მმართველი. ამ დროს მან მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიიღო ღირსი სერაფიმე საროველის წმ. ნაწილთა აღმოყვანებაში. აღნიშნულ ეპარქიაში აქტიურად იბრძოდა მომრავლებული სექტანტების წინააღმდეგ.

ი-ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამოსვლა დაემთხვა ქუთაისში გამართულ საეპარქიო ყრილობის ­სხდო­მას. დეპუტატებმა ყრილობის სახე­ლით ახალჩამოსულ ეგზარქოსს მი­სალმება გაუგზავნეს და გამოთქვეს იმედი, რომ ივერიის სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებათა განახლებისა და აღდგე­ნის საქმეში საჭირო ნაბიჯებს გადადგამდა. საპასუხო მიმართვაში ეგზარქოსი გადაჭრით აცხადებდა უარს ივე­რიის ეკლესიის მისწრაფებებისა და უფლებების აღდგენის ხელშეწყობაზე.

ი. სარგებლობდა კავკასიის მეფისნაცვლის, ვორონცოვ-დაშკოვის მფარველობით და ­მოხერხებულად, შენიღბულად ავიწროებდა სა­ქართვე­ლოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლ ქართველ სას. პირებს. ხში­რად უკონტროლოდ ერეოდა საეგზარქოსოს საფინანსო საკითხებში. მისი მოღვაწეობის უღირსი საქმეების შე­სა­ხებ ეპისკოპოსმა დავითმა (იხ. დავით მიტროპოლიტი) 1912 მიმართვა გაუგზავნა რუსეთის წმ. სინოდს.

ი-მ ­ქართვ. ავტოკეფალიის მომხრეთა გულის მოსაგებად დაუშვა საღვთო სჯულის სწავლება ქართ. ენაზე. მისივე ინიციატივით ბოდბის, სამთავროსა და მამკოდის მონას­ტრებში ჩამოყალიბდა მოწყა­ლების დების მოსამზადებელი კურსები. ამავე მიზნით თბილისში დაარსდა წმ. ნადეჟდას სახ. საძმო.

ი. არჩეული იყო მოსკოვისა და ყაზანის სას. აკადემიების საპატიო წევრად, წმ. იოანე კრონშტადტელის სახ. ეკლესიურ-საქველმოქმედო საზ-ბის წევრად. დაჯილდოებული იყო ძვირფასი ქვებით შემკული პანაღიით, კუნკულაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით.

ლიტ.: ცინცაძე კ., ჩემი მოგონებებიდან, თბ., 2001; Православная энциклопедия, т. 22, М., 2010; Цагарели А., Статьи и заметки по грузинскому церковному вопросу, СПб., 1912; Экзарх Грузии Иннокентий, «Церковные ведомости», 1913, №37.

ე. ბუბულა­შვი­ლი