ინსტიტუციონალური ეკონომიკა

ინსტიტუციონალური ეკონომიკა, ინსტიტუციური ეკონომიკა, ეკონომიკური აზრის ერთ-ერთი მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი მიმართულება, რომელიც იკვლევს არაფორმალური და ­ფორმალური საზოგადოებრივი ინსტიტუტების (ინ­დივიდები, ფირმები, სა­ხელმწი­ფო, სო­ცი­ა­ლური ნორმები) გავლენას ეკონომიკაზე. იგი თანამედროვე ბაზრებს განიხილავს როგორც ამ ინ-ტების მოქმედების შედეგს, ეკონომიკური ინ-ტების ევოლუციას კი მიიჩნევს კულტ. განვითარების პროცესის ნაწილად. ი. ე. წარმოიშვა XIX–XX სს. მიჯნაზე, თუმცა მისი საწყი­სე­ბი გვხვდე­ბა შორეულ წარსულში პლატონის, არისტოტელეს, ასევე ევრ. განმანათლებელთა – შ. მონტესკიეს, ჯ. ლოკის, ტ. ჰობზის და სხვათა შრომებში. ი. ე-ის თეორ. ბაზას  წარმოადგენს ინსტიტუციონალიზმი, რ-იც შეისწავლის ­სა­ხელმ­წი­ფოს ფორმალური და საზ. ორგანი­ზა­ციების – ინ-ტების როლს და ზეგავლენას ადამიანების სოც., პოლიტ. და ეკონ. ქცევებ­ზე. იგი ინ-ტებს განიხილავს როგორც საზ-ბის სოც. სტრუქტურის მდგრად ნაწილს და განსაზღვრავს სოც. ცხოვრებას კულტურული, ნორმატიული და სხვა­და­სხვა მარეგულირებელი ნორმებით. მას საფუძველი ჩაუყარეს თ. ვებლენმა, ჯ. კომონზმა და უ. მიჩელმა. ისინი ითვლებიან ადრეული ინსტიტუციონალიზმის წარმომადგენლებად. კანონმდებლობისა და ეკონომიკის კავ­ში­რი და ქცევითი ეკონომიკა, რ-იც დაფუძნებულია კოგნიტურ მეცნიერებაზე, როგორც ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, ლინგვისტიკის, ანთროპოლოგიის მეცნიერებათშორის დარგზე, გახდა მათი კვლევების მთავარი ობიექტი. მათ ადამიანების, როგორც ეკონ. გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტების, ქცევები წარმოადგინეს როგორც უმთავრესად ინ-ტებისა და წეს-ჩვეულებების ზემოქმედების შედეგი. მათი მოძღვრება შემდგომ განავითარეს ნეოინსტიტუციონალიზმის ფუძემდებლებმა – კ. პოლანმა, დ. ნორთმა, ჯ. გელბრეითმა, რ. კოუზმა და სხვ., რ-ებმაც ტრად. ინსტიტუციონალიზმში შეიტანეს ახ. თეორიები ორგანიზაციის, ინფორმაციის საკუთრების უფლების და ტრანსაქციული ხარჯების შე­სა­ხებ და დაეფუძნენ ინ-ტების სოციოლოგიურ ხედვას. სწავლობდნენ წესების, ნორმების გზით ინ-ტების ზემოქმედებას ერთმანეთზე, მათ გავლენას საზ-ბაზე და ადამიანის, ორგანიზაციებისა და ხე­ლისუფ­ლე­ბის ქცევებზე, მათ მიერ რაციონალური არჩევანის გაკეთებაზე. ნეოინსტიტუციონალიზმი აერთიანებს რაციონალურობას, როგორც მიზნის მისაღწევ ეფექტიან მეთოდს და ორგანიზაციულ კულტურას; იგი მიიჩნევს, რომ როგორც ინ-ტის, ასევე ინდივიდის დონეზე გადაწყვეტილების მიღება ხდება როგორც რაციონალურად სარგებლის მაქსიმიზაციის და მწირი რესურსების ეფექტიანი გამოყენების, ასევე კულტურული და მორალური ღირებულებების შენარჩუნებისა და დაცვის გათვალისწინებით. ამასთან უარყოფს სოც. განვითარების კლასიკურ, ეკონ. მიდგომას, სადაც გადაწყვეტილების მიღება რაციონალური ქცევებით ხდება და ეკონ. და მატერ. სიკეთის ზრდისკენაა მიმართული. მიიჩნევა, რომ საზ. პროცესები, სოც. და ორგანიზაციული ფენომენები უფრო უკეთ შეიძლება კოგნიტური და კულ­ტუ­რო­ლო­გი­უ­რი მიდგომით აიხსნას. ნეოინსტიტუციონალიზმის თეორ. სკოლა სამ განსხვავებულ მიდგომას აერთიანებს, ესენია: ისტ. ინსტიტუციონალიზ­მი, რაციონალური არჩევანის ინსტიტუციონალიზ­მი და სოციოლოგიური ინსტიტუციონალიზმი.

ინსტიტუციონალიზმის თეორ. პრინციპები დღესაც მოქმედებს საზ. აზრის განვითარებაზე. მსოფლიოს და ცალკეული ქვეყნების ეკონ. განვითარებამ უკანასკნელ პერიოდში ცხადყო ინსტიტუციონალიზმის რიგ შეხედულებათა საფუძვლიანობა და მათი პრაქტი­კაში გამოყენების მიზანშეწონილობა. ამ სკოლის პოზიციებიდან ხდება ეკონომიკური პრობლემების ახსნა, ეკონ. სო­ცი­ა­ლური და კულტ. ფენომენების ინტეგრირება. ეკონ. განვითარების წინაპირობად სახელდება სო­ცი­ა­ლური ინ-ტების მოდერნიზაცია.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ინსტიტუციო­ნა­ლიზ­მის ცალკეული საკითხები ყოველთვის იყო ­ქართვ. საზ. მოღვაწეებისა და განმანათლებლების მსჯე­ლო­ბის საგანი. ეროვნულობას, ენას, კულტურას, რელი­გიას სა­ხელმ­წი­ფოს ეროვნ. მო­წყობის უდიდეს ფასეულობად აღიარებდნენ ი. ჭავჭავაძე, მ. წერეთელი, ა. ჯორჯაძე, დ. ყიფიანი, ნ. ნიკოლაძე და სხვა საზ. მოღვაწეები.

სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სახელმწ. მო­დე­ლის შემუშავება ქვეყნის ყველა მთავრობის პოლიტ. დღის წესრიგის უმთავრეს საკითხთა შორის იყო. დემოკრატიული ინ-ტების ფორმირება და ხე­ლისუფ­ლე­ბის რეფორმები მიჩნეულ იქნა ეკონ. განვითარების ერთ-ერთ ძირითად პირობად. ეკონ. განვითარებაში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იქნებიან სა­ხელმწ. ინ-ტები საზ. ღირებულების მატარებელნი და დამცველნი. დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შე­სა­ბა­მი­სად ეკონ. მართვის დერეგულირებამ, ძლი­ე­რი სა­ხელმწ. ინ-ტების ჩამოყალიბებამ, სოც. პასუხისმგებლობის და ეროვნ. გეზის მქონე, დემოკრ. ღირებულებებზე დაფუძნებული სა­ხელმ­წი­ფოს ფორმირებამ.

ი. ე-ის საკითხებზე მეცნიერმკვლე­ვართა სპეც. ნაშრომები არ შექმნილა. ცალკეულ საკითხებზე შეიძლება აღინიშნოს რ. აბესაძის, ა. აბრალავას, ი. მესხიას, ე. მექვაბი­შვი­ლის, გ. პაპავას, ვ. პაპავას, ა. სილაგაძის, ნ. ჭითანავას, ლ. ჩიქავას და სხვათა ნაშრომები. ავტორები ეხებიან ცენტრალიზებული გეგმიანი სოციალ. ეკონომიკიდან დეცენტრალიზებულ საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ და პოსტტრანსფორმაციულ პერიოდებში სა­ხელმ­წი­ფოს გარდა­ქმნის პრობლემებს. ი. ე-ის სწავლება, როგორც საჯარო მმართველობის, ასევე ეკონომიკის, ფილოსოფიისა და სოციოლოგიის მიმართულებით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქართვ. საზოგადოებრივ საქმეთა ინ-ტში, თსუ-ში, სტუ-ში, ილიას უნ-ტში და სხვა უნ-ტებში.

ლიტ.: ვ ე ბ ე რ ი  მ., პოლიტიკა როგორც მოწოდება და ხელოვნება, თარგმ. ინგლ., თბ., 2005; კ ი უ ნ გ ი  კ., მსოფლიო ზნეობა მსოფლიო ეკონო­მიკისათვის და მსოფლიო პოლიტიკისათვის, თარგმ. ინგლ., თბ., 2005; მ ა ლ ა შ ხ ი ა  გ., მეტაეკონომიკა – ეკონომიკის ფილოსოფია, თბ., 1995; პ ა პ ა ვ ა  ვ., პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და სა­ქარ­თვე­ლოს ეკონომიკა, თბ., 2002; სილაგაძე ა., ეკონომიკური დოქტრინები, თბ., 2010; ფრიდმენი მ., კაპიტალიზმი და თავისუფლება, თარგმ. ინგლ., თბ., 2002; წ ე რ ე თ ე ლ ი  მ., ერი და კაცობრიობა, თბ., 1990.

გ. მალაშხია

მ. თოქმაზი­შვი­ლი