ინტელექტუალური საკუთრება, ინტელექტუალური საკუთრების სამართლის შემადგენელი უფლებები, რომელთა ერთობლიობაც შეადგენს ინტელექტუალური შემოქმედებით დაკავებულ ადამიანთა ქონებას. მათი ობიექტია ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების ნებისმიერი შედეგი, რ-იც დაცულია სამრეწვ. და კომერციულ ურთიერთობებში უნებართვო გამოყენებისაგან. იურიდ. ცნება „ინტელექტუალური საკუთრება“ ამჟამინდელი გაგებით დამკვიდრდა 1967 ი. ს-ის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ. ამ კონვენციის მე-2 (VIII) მუხლი იძლევა ი. ს-ის ობიექტების ჩამონათვალს, რ-იც არ არის (და არც შეიძლება იყოს) ამომწურავი. იგი მოიცავს ლიტ-რას, ხელოვნებასა და სამეცნ. ნაშრომებს; მსახიობთა შესრულებას და მათ ჩანაწერებს, რადიო- და ტელეგადაცემებს; გამოგონებებს, დაკავშირებულს ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროსთან; მეცნ. აღმოჩენებს; სამრეწვ. ნიმუშებს (დიზაინებს); სასაქონლო და მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებს და სხვა კომერციულ აღნიშვნებს; აგრეთვე ითვალისწინებს ჩამოთვლილი და სხვა მსგავსი ობიექტების გამოყენებით წარმოქმნილი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას.
ი. ს-ის ერთ-ერთი სფეროა საავტორო სამართალი – ინტელექტუალურ უფლებათა სამართლის ნაწილი, რ-იც აწესრიგებს ლიტერატურასთან, მეცნიერებასთან და ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინტელექტუალური შემოქმედების შედეგით წარმოქმნილ ურთიერთობებს. საავტორო სამართ. უფლებები წარმოიშობა და ძალას იძენს ავტომატურად, ინტელექტუალური შემოქმედების შედეგის ობიექტური ფორმით გამოხატვასთან ერთად. საავტორო სამართლებრივ პირად არაქონებრივ უფლებებს ეკუთვნის ავტორად და შემსრულებლად აღიარების მოთხოვნის, სახელის, ნაწარმოების გამოქვეყნებისა და ხელშეუხებლობის უფლებები. მათი სხვა პირთათვის გადაცემა დაუშვებელია. განსაკუთრებული უფლებები ვრცელდება ნაწარმოების, შესრულების, ჩანაწერისა და სამაუწყებლო გადაცემის ნებისმიერი სახით უნებართვო გამოყენებაზე (სარგებლობაზე); ამ უფლებათა სხვა პირისათვის გადაცემა დასაშვებია ჩვეულებრივი ქონების მსგავსად.
ი. ს-ს ეკუთვნის აგრეთვე სამრეწველო საკუთრება – სამრეწვ. საკუთრების სამართლის შემადგენელი, მრეწველობასთან და კომერციასთან დაკავშირებული ქონებრივი ინტელექტუალური უფლებები, რ-ებიც ვრცელდება ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებულ გამოგონებებზე, სასარგებლო მოდელებზე (მცირე გამოგონებებზე), სამრეწვ. ნიმუშებზე (დიზაინებზე), სასაქონლო და მომსახურების ნიშნებზე, საფირმო სახელწოდებებზე, გეოგრ. აღნიშვნებზე და მათთან დაკავშირებული არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთაზე. ცნება „სამრეწველო საკუთრება" დამკვიდრდა 1883 სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის ამოქმედების შემდეგ.
ი. ს-ს უკავშირდება საერთაშორისოდ აღიარებული ცნობილი ტერმინი „ნ ო უ - ჰ ა უ" – სამრეწვ. და კომერციული საიდუმლოება, რ-საც შეადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, კონკურენტულ გარემოში გამოსაყენებელი ინტელექტუალურ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცოდნა (ინფორმაცია) – საიდუმლოების დაცვა უზრუნველყოფილია ტექ. და ორგანიზაციული ღონისძიებებით. ნოუ-ჰაუს ეკუთვნის, მაგ., საიდუმლოდ შენახული გამოგონებები, რეცეპტები, ლაბორ. ცდების შედეგები, კომერციული პარტნიორების სიები და ეკონ. ურთიერთობებში გამოსაყენებელი სხვა მონაცემები.
ი. ს. დაცულია საქართველოს კანონმდებლობით.
ლიტ.: ძ ა მ უ კ ა შ ვ ი ლ ი დ., ინტელექტუალური უფლებები, თბ., 2006; მ ი ს ი ვ ე, ინტელექტუალურ უფლებათა სამართალი, თბ., 2013; ჯ ო რ ბ ე ნ ა ძ ე ს., ინტელექტუალური საკუთრების განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 1998.
დ. ძამუკაშვილი