ინტელიგენცია

ინტელიგენცია (ლათ. Intelligentia – შემეცნებითი ძალა, ცოდნა < intelligens > მოაზროვნე, გონიერი), სოციალური ფენა, რომელიც გო­ნებრივ, შემოქმედებით ­საქმიანობას ეწევა, ამავე დროს ხელს ­უწ­ყობს კულტურის განვითარებასა და გავრ­ცელებას. მისთვის დამახასიათებელია დას. ­ფასეულობებ­ზე დამ­ყარებული მეტ-ნაკლებად საერ­თო ღირებულებანი, ქვეყნის ევროპეიზაცია-მოდერნიზაციისაკენ და პროგრესისაკენ სწრაფვა. ი-ის საერთო თვისებებია განათლება, დამოუკიდებელი, კრიტ. აზროვნება, კეთილშობილება, სულიერება, ჰუმანიზმი, ცივილიზებული ქცევის მანერები, მაღალი მორალურზნეობრივი პრინციპები და ა. შ. ტერმინი ი-ის სოც. საზრისი წარმოიშვა პოლონეთში და აქედან გავრცელდა რუსეთში (თუმცა XIX ს. 60-იან წლებში ამ ტერმინის პირველი შემომტანი პ. ბიბროკინი ამტკიცებდა, რომ იგი გერმანული სინამდვილიდან აიღო, სადაც intelligenz ინტე­ლექტუალური საქმიანობით დაკავებულ ადამიანთა ფენას ასახავს), შემდეგ კი დამკვიდრდა სხვა ენებში. XIX ს. 40-იანი წლებიდან პოლონეთში ი-დ მიიჩნევდნენ პატრიოტ, უმაღლეს სასწავ­ლებლებში ღრმად და საფუძვლიანად განსწავლულ ადამიანებს. ლიდე­რებს, რ-თაც შეეძლოთ გაეწიათ მთელი საზ-ბის, ერისა და ქვეყნის წინამძღოლობა. პოლონეთში ი-ის გაგება დაუკავშირდა ­განათლებულ, მცოდნე, დამსახურებული წარმო­შო­­ბის ახალ არისტოკრატულ იდეას, რ-იც ჩა­მოყალიბების ­შემდეგ ჩაანაცვლებდა მემკვიდრეობით არისტოკრატი­ას. რუსეთში კი ი-ის საქმიანობა რაღაც მესიანისტურ სიმაღლემდე იყო ასული, თუმცა ახასიათებდა კრიტ. აზროვნება, მონაწილეობდა არა მარტო ინტელექტუალურ მოძრაობებში, არამედ ქვეყნის საზ. ცხოვრების ყველა სფეროში, ხოლო რადიკალური ნაწილი აქტიურად მოქმედებდა ხელი­სუფ­ლე­ბის წინააღმდეგ, ხელმძღვანელობდა სხვა­დასხვა პოლიტ. გაერთიანებას, ღიად უჭერდა ­მხარს 1905–07 და 1917 თებერვლის რევოლუციებს, ხოლო მცირე ნაწილი – 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალებასაც.

საქართველოში ი-ის ბუნდოვანი კონტურები, იმის მიუხედავად, რომ თავად ტერმინი ჩვენში XIX ს-ში დამკვიდრდა, XVII ს. ისახება, როდესაც დას. ევროპასთან გაცხოველდა სავაჭრო ურთი­ერთობა და ვაჭრებს ელჩები, მეცნიერები, მისიონერები მოყვნენ. გარდა სარწმუნოებრივი საქმიანობისა, მათ „საერო" მოქმედებითაც (ექიმები, მხატვრები ასწავლიდნენ ლათინურ და ევროპულ ენებს) მოიცვეს ქვეყანა. სიტყვა „ფრანგი" ევროპელსა და კათოლიკესთან ერთად ნასწავლის, განათლების სინონიმად იქცა. მისიონერები ქართველ მოღვაწეებს აცნობდნენ ევროპაში მიმდინარე პოლიტ. პროცესებს და მათაც აქეთკენ მოუწოდებდნენ. აღნიშნულის გაგრძელება იყო ვახტანგ VI-ის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი საქმიანობაც, ხოლო ის სათავეები უნდა დავინახოთ XVIII ს. ბოლო პერიოდისათვის. მეტი პროგრესი საჯარო განათლებაში სწორედ ამ დროიდან შეინიშნება, როდესაც მრავალ მონასტერში აღდგა ან თავიდან გაიხსნა სკოლები, 1755 კი თბილისსა და თელავში დაარსდა სას. აკადემიები, სადაც ასწავლიდნენ თეოლოგიას, გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას, მათემატიკას და სხვ. ამ საქმეში თავისი სიტყვა თქვეს კათოლიკე მისიონერებმაც. 1749 აღდგა 20-იან წლებში გაუქმებული ქართული სტამბა, რ-ის მუშაობას დიდ ყურადღებას აქცევდნენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა კალიგრაფიულ საქმიანობას, XVIII ს. II ნახ-ში კალიგრაფთა სპეციალური კურსებიც კი არსებობდა. ქართლ-კახეთის სამეფოში აქტიურად იღვწოდნენ ევროპ. მეცნიერების, ფილოსოფიის, მწერლობის გადმოსანერგად – თარგმნიდნენ ფიზიკის, ფილოსოფიურ, მათემატიკურ, საბუნებისმეტყველო, სამხ. ხასიათის თხზულებებსა და სახელმძღვანელოებს. რადიკალური რეფორმებია დასახული ი. ბატონი­შვი­ლის შემუშავებულ პროექტში, რ-იც ითვალისწინებდა სახელმწ. წყობილების შეცვლა-გაუმჯობესებას, ევროპულად გამართვას, სამი უმაღლესი ტიპის ლიცეუმის გახსნას, თუმცა ყოველივეს წერტილი დაუსვა 1801 ანე­ქსიამ.

ახალ ისტორიულ ­ვითარებაში, 1802 თბილისში დაარსდა კეთილშობილთა სასწავლებელი, რ-იც 1830 გადაკეთდა გიმნაზიად და მიზნად ისახავდა ქართული ფეოდ. არისტოკრატიის მსახურეულ არისტოკრატიად გარდაქმნას, რაც თანდათან წარმატებით განხორციელდა. დაარსდა გაზეთები („საქარ­თველოს გაზეთი", „ტფი­ლი­სის უწ­ყებათანი", „სალიტერატურონი ნა­წილ­ნი ტფილისის უწყებათანი", მო­გვიანებით „კავკასიის მხარეთა უწყებანი"), ქართვ. ახალგაზრდობა ეზიარა უმაღლეს განათლებას (ს. დოდა­შვი­ლი, ე. ერისთავი და სხვ.), სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში გადასახლებულ ბატონი­შვილებსა თუ მათ თანამოაზრეებს, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს, აღარ აკმაყოფილებდათ რუსეთსა და ანექსირებამდელ საქართველოში შემოსული მოწინავე, პროგრესული აზრების, განსაკუთრებით ფრანგ განმანათლებელთა იდეების გაცნობა-მიღება. ცდილობდნენ გარშემომყოფნი ეზიარებინათ ახალი იდეების, ქცევის ნორმებისა თუ ეპოქისათვის დამახასიათებელი სიახლეებისადმი, რაშიც თავისი წვლილი შეჰქონ­და ქვეყანაში არსებულ ლიტ. წრეებსა და სალონებს, „ტფი­ლისის კერძო ბიბლიოთეკას". განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ხე­ლი­სუფ­ლების მხრიდან ქართველ თავადებთან აზნაურების გა­თანაბრება, თა­ვადაზნაურთა სა­კრებულოს და­არსება და თავადაზნაურობის, როგორც საერთო უფლების მქონე წოდებრივი ერთეულის, გამოსვლა საზ. პოლიტიკურ ასპარეზზე.

აღნიშნულმა გარემოებებმა ერთობლიობაში საფუძველი ჩაუყარა ქართველი ი-ის ჩამოყალიბებას, რ-იც, ორიოდე გამონაკლისის გარდა, მთლიანად თავადაზნაურული იყო. მიუხედავად პირველი თაობის ი-ის რეაქციული, კონსერვატორული, არისტოკრატიულ-ლიბერალური ჯგუფების საერთო სოციალური კონსერვატიზმისა, მისი არისტოკრატიულ-ლიბერალური ნაწილი, წოდებრივი თანამოძმეებისაგან განსხვავებით, გამოდიოდა თავადაზნაურობის შიდასოციალური ბარიერების წინააღმდეგ და გაბატონებული წოდების (თავადობა, აზნაურობა) შიგნით იღვწოდა დემოკრატიზმისა და თავისუფლების დასამკვიდრებლად, რითაც ახდენდა პროგრესულ გავლენას მაშინდელ ქართ. საზოგადოებაზე, ი-ის რეაქციული და კონსერვატორული ჯგუფების ჩათვლით. 1832 წლის შეთქმულებისას განცდილი მარცხის შემდეგ ი-მ მოახერ­ხა მნიშვნელოვანი სტიმული მიეცა კოლონიურ უღელ­ში მყოფი საქართველოსა და ქართველთა პოლიტ.-კულტურული გამ­თლიანება-აღმავლობისათვის, ­ქართვ. ერის კონსოლიდაციისათვის. ჟურნალის („ცისკარი") დაარსება, ბიბლიოთეკის გამართვა, ქართ. ხელნაწერი წიგნებისა თუ საქართველოს ისტ. წყაროების, პოეზიაზე, საერთოდ ლიტ-რაზე ზრუნვა და სხვა ქმედებები ამ მიზანს ემსახურებოდა და თავისი წვლილი შეჰქონდა ერის შემდგომი წინსვლის, მისი თვითშეგნების გამომუშავება-დადგინებაში.

უკვე XIX ს. I ნახ-ის ბოლო წლებიდან გაისმის ი-ის პროტესტი არსებული სოც. სიმახინჯის – ბატონყმური ურთიერთობის წინააღმდეგ, რამაც მეტი გაბედულება, დინამიკურობა და მასშტაბურობა შეიძინა 60-იან წლებში, რუსეთის იმპერიის დიდი რეფორმების ხანაში, საზ. ასპარეზზე გამოსულმა ქართ. კლასიკური ლიბერალიზმის ბრწყინვალე წარმომადგენლებმა – თერგდალეულებმა (ი. ლიბერალ-დემოკრატ-ნაციონალისტთა ახალმა თაობამ), რ-თა შორის იყვნენ ლიბერალ-კონსერვატორდე­მოკრატი და ლიბერალ-რადიკალ-დემოკრატი მამულიშვილები. ი-მ საკუთარი თვალთახედვის არეალში მოაქცია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფერო, გამოკვეთა თავისი ეროვნ.-დემოკრ. პროგრამა – გადაჭრით უარყო ბატონყმობა (ადამიანის პიროვნული თავისუფლების გამქელავი სისტემა), წინ წამოსწია ისეთი საკითხები, თემები და პრობლემები, რ-თა მიზანი იყო „ჩვენი დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და დაცვა მოსალოდნელის ფათერაკისაგან" – ე. ი. საერთო-ეროვნულ თვითშეგნებაზე ზრუნვა, ქვეყნის კოლონიური უღლისაგან განთავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ეროვნ. სუვერენიტეტისათვის ბრძოლა, რაშიც ქვეპრობლემებად კონსოლიდირდებოდა მრავალი სხვა საკითხი. აქეთკენ იყო მიმართული პერიოდული ორგანოების („საქართველოს მოამბე", „დროება", „ივერია", „ობზორ", „სასოფლო გაზეთი" და სხვ.), წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, სკოლების, ბანკების, სხვა საზ.-კულტურულ დაწესებულებებში მო­ღვაწე ი-ის ძალისხმევა.

ქართველი ი-სთვის ასევე ნაცნობია დასავლეთში უკვე საკმაოდ გავრცელებული სოციალ. იდეები, მისი მიმდევრების თეორ. თუ პრაქტიკული საქმიანობა. ქართვ. ი-ის ერთი ნაწილი ეხმაურება იმ პრობლემებსა და პროცესებს, რ-იც ხორციელდება ევროპის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ლიბერალური სოციალიზმით გატაცებული ი-ის ეს ჯგუფი ცდილობს ეროვნ. საკითხის ეკონ. წარმატების საკითხთან, მისი მეშვეობით კი სოციალისტურ აზროვნებასთან დაკავშირებას და რადგან მათ მსოფლმხედველობაში წამყვანი ადგილი ეროვნულ საკითხს ეთმობა, ისინი მოკლე ხანში სწრაფად, უმტკივნეულოდ, ბუნებრივად ავსებენ ქართ. კლასიკური ლიბერალურ-დემოკრა­ტიული ი-ის რიგებს.

ამათგან განსხვავდება XIX ს. 70-იან წლებში ასპარეზზე გამოსული რუს სოციალისტ-რევოლუციონერ ნაროდნიკთა იდეურად თანამოაზრე ქართველ ხალხოსან ინტელიგენტთა ჯგუფი, რ-ებიც გამოხატავენ გლეხობის ინტერესებს, მოითხოვენ მსხვილი მიწათმფლობელობის გაუქმებას, მიწის უფასოდ გადაცემას ღარიბებისათვის და ა.შ. თავიანთი პერიოდული ორგანოებითა თუ ორგანიზაციებით ი-ის ეს თაობა იღვწის საკუთარი მოთხოვნების რეალიზაციისათვის და უპირისპირდება ი-ის ლიბერალურ-დემოკრატიულ ნაწილს. საქართველოში ­არსებული იდეური გარემო და რუსული პირობებისაგან ქართული სინამდვილის პრინციპული განსხვავებულობა 80-იანი წლებისთვის აიძულებს ქართველ ხალხოსან ი-ს ხელი აიღონ რუსი ნაროდნიკების გავლენით მიღებულ თეორიულ წარმოდგენებზე. ისინი იკრიბებიან ი. ჭავჭავაძის გარშემო და მასთან ერთად განაგრძობენ საზ.კულტურულ საქმიანობას.

XIX ს. 90-იანი წლებიდან, განსაკუთრებით XIX–XX სს. მიჯნიდან თანდათან უფრო მრავალ­მხრი­ვი ხდება ქართული ი-ის ინ­ტერესები, ფართოვდება ის სოცია­ლური წრე, საიდანაც ივსება მათი რიგები. ესენი ­მასწავლებ­ლები, იურისტები, ექიმები, ჟურ­ნალის­ტები, გამომცემლობათა თა­ნა­მშრომლები, მოსწავლეები, რუ­სეთის იმპერიისა თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფი სტუდენტე­ბი და პროფესურა, სხვადასხვა სა­ზოგადოებების (წე­რა-კითხვის გა­მავრცელებელი, საისტორიო-სა­ეთნოგრაფიო, თეატრალური და სხვ.) ­წარმომადგენლები თბი­ლისისა და ქუთაისის ბანკის თანამშრომლები, ქართული სპეციფიკიდან გამომდინარე – სამღვდელოებაც. კვლავაც აქტიურია ­თერგდალეულ ლიბერალდ ე მ ო ­კ რ ა ტ - ნაციონალისტთა ­სახელო­ვანი თაობა. ყოფილ ხალხოსანთა ნა­წილიც, ფასეულობათა გადაფა­სე­ბის შემდეგ კაპიტალიზმს პროგრესულ მოვლენად აცხადებს, გვევლინება ეროვნ. ბურჟუაზიის დამცველად და ახალ რეალობაში ახალ პოლიტ. მიმდინარეობას უყრის საფუძველს. თანდათან იქმნება პოლიტ. პარტიები, რ-თა შორის მიმდინარეობს მძაფრი იდეური ბრძოლა მოსახლეობაში გავლენის მოსაპოვებლად, რასაც შეეწირა ი. ჭავჭავაძე. ეს მკვლე­ლობა კიდევ უფრო აკონსოლიდირებს ქართველი ინტელიგენციის ბრძოლას. მათი ნაწილი ან ხელმძღვანელობს, ანდა ღიად უჭერს ­მხარს სასურველ პარტიას, ი-ის მოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლე­ბა ლეგალური და არალეგალური საქ­მიანობა, ორივე მიმართულია ქარ­თველი ერის კულტურულ-პოლიტ. წინსვლისათვის. მომავალი უნ-ტისთვის შენობის აგება, აქტიური მონაწილეობა 1905–07 რევოლუციაში, ბრძოლა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისათვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის შექმნა და ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით გერმანიასთან დაკავშირება – აი, ცარიზმის დამხობამდე ი-ის ქმედებათა არასრული ჩამონათვალი.

სოციალ-ფედერალისტების პარტიამ, რ-იც ქართული ი-ის დიდ ნაწილს აერთიანებდა, I მსოფლიო ომში საქართველოს მიერ ავტონომიის მოპოვების შანსი დაინახა და პროგერმანული პოზიცია დაიკავა. პარტია რუსეთიდან გამოყოფის და გერმანიის მფარველობაში გადასვლის პროპაგანდას ეწეოდა.

1917 თებერვლის შემდეგ აღდგა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, დაარსდა უნ-ტი, ქვეყანამ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ი-ს, რ-ის აქტიურობამ საქართველოს დემოკრატიული (პირველი) რესპუბლიკის წლებში მოიცვა ეროვნ. მეცნიერების, კულტურისა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის ყველა სფერო. პოლიტ. კუთვნილებისა თუ სიმპატიის მიუხედავად, ი. ენერგიულად ელტვოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღიარებას, რაც 1918 პირველად მოხდა გერმანიის, ხოლო 1920 (როგორც გაირკვა, ტაქტიკური მოსაზრებით) – საბჭოთა რუსეთის მიერ.

1921 რუსეთის მიერ საქართველოს ფაქტობრივი ანექსიით შექმნილმა რეალობამ გამოიწვია პოლიტ. კრიზისი, რასაც მოჰყვა პარტიათა უმეტესობის "თვითლიკვიდაცია", სათავე დაედო კომპარტიის ხანგრძლივ მმართველობას. ქართველი ნაციონალ-უკლონისტები ცდილობდნენ მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ ქვეყნის პოლიტ. სუვერენიტეტი, თუმცა უშედეგოდ. უფრო რეალისტი გამოდგა მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა რიგებში გაერთიანებული ი-ის ერთი ნაწილი, რ-მაც მონაწილეობა მიიღო საბჭოების I ყრილობაში, ხელისუფლებას მოსთხოვა და აიძულა პირველ საბჭოთა კონსტიტუციაში დაეკანონებინათ ქართული ენის სახელმწ. სტატუსი, მაგრამ სხვა არსებითი მოთხოვნების გატანა ვერ შეძლო.

საბჭოთა ­რესპუბლიკის პირველი წლები წინააღმ­დე­გობ­რი­ვი ხანაა. ახალი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საარჩევნო სტრუქტურებში მონაწილეობს ქართველი ი-ის ნა­წილი, მათი უმეტესობა კი თა­ნაუგრძნობს 1922 და 1924 აჯანყებებს, თან ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით იღვწის მისი მეცნიერულ-კულტ. პოტენციალის განმტკიცებაგანვითარებისათვის, რაც გულისხმობს არსებული მდგო­მარეობის გათვალისწინებას, მმართველ ორგანოებთან თანამშრომლობას.

1926 თსუ-ის რექტორობიდან ივ. ჯავახი­შვი­ლის განთავისუფლებით იწყება ინტელიგენციისადმი დამოკიდებულების ახალი ეტაპი. კომპარტიის პოზიციები მტკიცეა, ჰყავს იდეური მხარდამჭერები და ცდილობს მოიცვას საზ. კულტურული ცხოვრების – მეცნიერების, მწერლობის, ხელოვნების ყველა სფერო, თუმცა დასავლეთთან ურთიერთობები ჯერ კიდევ დაშვებულია. ქართულ ი-ს აქვს კონტაქტები უცხოეთთან და მეტ-ნაკლები წარმოდგენა იქ მიმდინარე პროცესებზე.

XX ს. 30-იანი წლებიდან მდგომარეობა მწვავდება. 1930 თსუ-ს, როგორც ეროვნული ცნობიერების ცენტრს, აუქმებენ და ცვლიან პედინსტიტუტით, რაც ი-ის პროტესტს იწვევს. 1933 გერმანიაში იმარჯვებს ფაშიზმი, საერთაშ. ვითარების შესაბამისად ხდება სსრკის პოლიტიკის გარკვეული გამემარჯვენება. 1932 წ. 23 აპრილს საკ. კპ. (ბ) ცეკას დადგენილებით "სალიტერატურო სამხატვრო ორგანიზაციების გაუქმების შე­სა­ხებ" თითქოს ი-ის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. 1933 წ. 8 იანვარს ხელისუფლებამ აღადგინა თსუ, ხოლო 1934 ი. სტალინის დას­ტურით, მწერალთა I საკავშ. ყრილობაზე მ. ტოროშელიძის მო­ხსენებაში უკუგდებული იქნა მრა­ვალსაუკუნოვანი ქართული ლი­ტერატურისადმი, ჩვე­ნი კულტუ­რული წარსულისადმი საბჭ. ხელისუფლების მხრიდან მანამდე არსებული უარყოფითი დამოკიდებულება. მომდევნო წლებ­ში შოთა რუსთაველისა და ი. ჭავ­ჭავაძის იუბილეების აღნიშვნა, სა­ქართველოს ისტორიის სახელმძღვა­ნელოს მო­მზადება, მცხე­თის არქეოლოგ. გა­თხრების და მისი შედეგების საზოგადოებისათვის გა­ც­ნობა, მრა­ვალსაუკუნოვანი ქარ­თული კულტურის გარე სამყაროსთან კავშირურთიერთობების წარმოჩენა, მეცნიერების, მწერლობის, ხელოვნების დარგში მიღებული წარმატებებია საქარ­თველოს მეცნ. აკად. დაარსება, თბილისის განაშენიანება-კეთილ­მოწყობა და მრავალი სხვა რამ ცხადყოფს ი-ის მხრიდან ქართველი ერის სასარგებლოდ კრემლის ახალი პოლიტიკით შექმნილი რეალობის გამოყენებას, თანაც ისე, რომ ყოველივე მორგებოდა ცენტრის ოფიციალურ კურსს.

1920–30-იანი წლების საბჭ. რეპრესიებმა ი-ის მნიშვნელოვანი ნაწილი იმსხვერპლა. შეთითხნილი ბრალდებების, დასმენებისა და სახელმწიფო ტერორის კამპანიებს უამრავი ადამიანისა და მათი ახლობლების განადგურება მოჰყვა. ეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი პერიოდი იყო.

XX ს. 50-იანი წლების II ნახ. ეპოქათა მიჯნაა, რა დროიდანაც იწყება ახალი ხანა სსრკ-ში. მიმდინარე პოლიტ. ცვლილებებით საქართველოს უბრუნდება რეპრესირებულ მეცნიერთა, მწერალთა, ხელოვანთა სახელები და მემკვიდრეობა. სიახლეთა მასშტაბურობის მიუხედავად [თბილისის (იხ. ცხრა მარტი 1956), უნგრეთის, ნოვოჩერკასკის მოვლენები რეალურად მიმდინარეობს მხოლოდ ფასადის კოსმეტიკა, თუმცა პროგრესი მაინც აშკარაა. ახლა უკვე პოლიტ. (პარტ.) სახელმწ. აპარატ­ში, მის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, II მსოფლიო ომის შემდეგ ინტელიგენტური ოჯახებიდან გა­მო­სული ახალგაზრდების ერთი ნა­წილი, რ-თაგან ზოგი რეპრესირე­ბულ პირთა შთამომავალია, აღიარებს სისტემის ნაკლოვანებებს, ახდენს ფასეულობათა გადაფასებას, რეალობისა და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს უწყობს არსებული რეალობის გარდაქმნას.

ასპარეზზე გამოდის ქართველ ხელოვანთა და ტექნიკური ი-ის ახა­ლი თაობა, რ-საც გააზრებული აქვს თავისი საქმიანობის მნიშვნელობა საქართველოს მომავლისათვის.

ი-ის პატრიოტული ნაწილი ყო­ველ წარმატებას და მნიშვნელოვან მოვლენას იყენებს ეროვნ. ცნობიერების, თვითშეგნე­ბის მუხტის გასა­ღვივებლად. ამ მხრივ აღსანიშნა­ვია ქართული სპორტის წარმატებები, შოთა რუს­თაველის 800 წლის იუბი­ლე, თბილისის მეტროპოლიტენის გახს­ნა, ქართული საბჭოთა ენციკ­ლო­პედიის დაფუძნება (ყველა 1966), თსუ-ის 50 წლისთავის იუბილე (1968); მეცნიერებაში, მწერლობაში, თეატრსა და კინოში მოვიდა ღირსეული, ახა­ლი თაობა, დაარსდა ჟურნ. „ცისკარი" (1956), გაზ. „თბილისი", „ვეჩერნი ტბილისი" (1958), ალმანახი, „ხომლი" და სხვ.

მრავალმხრივია ი-ის ­საქმიანობა XX ს. 70–80-იანი წლე­ბის I ნახ-ში. ამ ­დროისთვის ახალი თაობის ქართველმა მეცნი­ერებმა მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება. მხატვრულ ლიტ-რაში, თეატრში, კი­ნოში, სახვით ხელოვნებაში წინ წამოიწია ეროვნულმა და სა­კაცობრიო პრობლემატიკამ, რუს­თაველის თეატრმა სახელი გაითქვა უცხოეთში, ალაპარაკდნენ ქართული კინოს ფენომენზე. ი-ის ინიციატივით რესპუბლიკის ხელი­სუფლებამ საბჭოური სადღესასწაულო თარიღები ­ჩაანაცვლა სახალხო დღესასწაულებით („თბი­ლისობა", შოთაობა, გარეჯობა, საბაობა და სხვ,). და­წესდა „ხსოვნის დღე", რ-იც საეკლ. დღესასწაულების აღ­ნიშვნის უზრუნველსაყოფად იყო შემოღებული. პარალელურად ქართველი ი-ის რადიკალურმა პატრიოტულმა ნაწილმა შექმნა ე.წ. "ჰელსინკის ჯგუფი", რ-ის დამფუძნებელთა დისიდენტური მოღვაწეობა 1956-იდან იღებს სათავეს. 1975 ძალას იკრებს სტუდენტური მოძრაობა, რაშიც უნ-ტის პროფესორთა წვლი­ლიც იყო. აღსანიშნავია საზ.-კულტურულ ცხოვრებაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლის ზრდა.

საბჭ. ხელისუფლების მცდელობამ ამოეღო საბჭ. საქართველოს ახალი კონსტიტუციიდან მუხლი ქართული ენის სტატუსის შესახებ, 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ი-ის მასობრივი მანიფესტაცია გამოიწვია. ამ ფონზე რესპუბლიკის ხელისუფლებამ დაარწმუნა საბჭ. ხელმძღვანელობა, რომ აუცილებელი იყო ქართულის, როგორც სახელმ­წიფო ენის სტატუსის შენარჩუნება, რაც დიდი გამარჯვება იყო. 14 აპრილი საყოველთაოდ აღინიშნება ქართული ენის დღედ.

სსრკ-ში 1985 დაწყებულმა ე. წ. პე­რესტროიკამ მსოფლიო მასშტაბის ცვლილებებს დაუდო სათავე. პროცესებს არც ქართული ი. ჩამორჩა, რ-იც ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის თანამონაწილე იყო. იგი იყენებდა საკავშირო თუ რესპუბლიკურ უმაღლესი საბჭოების ტრიბუნებს და არც რადიკალურ ქმედებებზე ამბობდა უარს. ი-ის ერთი ჯგუფის მიერ 1987 წ. 11 დეკემბერს შეიქმნა პირველი ლეგალური საზ. ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის სახელობის საზოგადოება", რ-საც მოჰყვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბისადმი ლოიალურად თუ ოპოზიციურად განწყობილი სხვადასხვა ორგანიზაციების გამოსვლა ასპარეზზე. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი თანდათან იზრდებოდა.

მოსკოვის მცდელობას საკავშირო კონსტიტუციიდან გაექრო რესპუბლიკის კავშირიდან ­გასვლის უფლება, მოჰყვა ი-ის რადიკა­ლური ნაწილისა და ფართო საზოგადოების პროტესტი და პირველი 100 ათასიანი კაციანი დემონსტრაცია, რ-იც ნათლად უჩვენებდა საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ. საპასუხოდ, 1989 წ. 18 მარტს, აფხაზეთის ასსრ პარტიულ და საბჭოთა ნომენკლატურასთან ერთად, გუდაუთის სოფ. ლიხნში მიიღეს „მიმართვა" რუსეთის ფედე­რაციაში შესვლის მოთხოვნით, რამაც ქართული საზ-ბის საყო­ველთაო აღ­შფოთება ­გამოიწვია. საქართვ. დიდ ქალაქებში მოეწყო ი-ის თავყრილობები; ქართველ­მა ისტორიკოსებმა დასაბუთებული პასუხი გასცეს ლიხნის მიმარ­თვას. თბილისში დაიწყო დემონსტრაციები, რაც მერე საყოველთაო გამოსვლებში გადაიზარდა. რესპ. ხელისუფლებამ ვერ შეძლო ვითარების დარეგულირება, დაძა­ბულობას კი 9 აპრილის დრამ. მოვლენები მოჰყვა.

ამ მოვლენებმა ­რადიკალურად შეცვალა ი-ისა და ზოგადად საზ-ბის განწყობა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მომდევნო პოლიტიკური პროცესები (იხ. ცხრა აპრილი 1989). 1991 საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამ დასაბამი მისცა ახალ ისტ. ეპოქას, რ-შიც ი-მ თავისი ახალი როლი და ფუნქცია გამოკვეთა.

ლიტ.: ბ ე ნ დ ი ა ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ალ., დ ა უ ­შ ვ ი ­ლ ი  ალ., ნათმელაძე მ., წგ.: საქართველოს ისტორია. მთ. რედ. მ. ლორთქიფანიძე, ტომის რედ. მ. ნათმელაძე, ტ. 4, თბ., 2012; ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., საქარ­თველოს ისტორიის საკითხები, ტ. 5–6, თბ., 1971–73; კ ო ხ რ ე ი ძ ე  ა., სიმონ ხუნდაძე ადრინდელი ქართველი განმანათლებლების – გრიგოლ ორბელიანისა და დიმიტრი ყიფიანის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ შეხედუ­ლებათა მკვლევარი, «საისტორიო მოამბე», 2003, №75–76; მ ი ს ი ვ ე , სიმონ ხუნდაძე, თბ., 2005; ნ ა ნ ე ი ­ შ ვ ი ­ლ ი  მ., ილია ჭავჭავაძის სააზროვნო საგნის რაობისათვის, «მაცნე». ფილო­სო­ფიისა და ფსიქოლოგიის სერია, 1987, №4, 1989, №2; მ ი ს ი ვ ე, პოლიტიკაზე-პოლიტიკის გაღ­მიდან, თბ., 2003; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., ქართული საზოგადოებრივი აზრი XIX საუკუნის II ნახევარში, თბ., 1973; ქ ი ქ ო ძ ე  გ., რჩეული თხზულებანი სამ ტომად, თბ., 1963–68; მ ი ს ი ვ ე, თანამედროვეს ჩანაწერები, თბ., 2003; ხ უ ნ დ ა ძ ე  ს., ქართველი ინტელიგენციის პროფილე XIX საუკუნეში, ტფ., 1927; მ ი ს ი ვ ე, სოციალიზმის ისტორიისათვის საქართველოში, ტ. 1–2, ტფ., 1927; მ ი ს ი ვ ე , დიმიტრი ყიფიანი, ტფ., 1936; მ ი ს ი ­ ვ ე, ნარკვევები, თბ., 1941; მ ი ს ი ვ ე, მასალები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისათვის, თბ., 1949; ჯ ა ვ ა ხ ი ­შ ვ ი ­ ლ ი  ივ., დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, თხზ., თორმეტ ტომად, ტ. 12, თბ., 1998; ჯ ო რ ჯ ა ძ ე  ა., ეროვნული პრობლემების გარშემო, თხზ., ტ. 1, ტფ., 1911; მ ი ს ი ვ ე, ჩვენი საზოგადოებრიობა, თხზ., ტ. 2, ტფ., 1911; მ ი ს ი ­ვ ე, მასალები ქართველი ინტელიგენციის ისტორიისათვის, თხზ., ტ. 5, ტფ., 1914.

ა. კოხრეიძე