ინფლაცია

ინფლაცია (ლათ. inflatio– გაბერვა), საქონელსა და მომსახურებაზე ფასების საერთო დონის ზრდა. ი-ის დროს წინა პერიოდთან შედა­რე­ბით ფულის ერთი და იმავე მოცულობით ხდება უფრო ნაკლები საქონლისა და მომსახუ­რების შეძენა. ამ დროს მცირდება ვალუტის მსყიდველობითუნა­რიანობა, ფული უფასურდება, ანუ კარგავს თავისი რეალური ღირებულების ნაწილს.

ი-ის სა­პი­რის­პი­რო პროცესია დეფლაცია, რაც ნიშნავს საქონლისა და მომსახუ­რების ფასის საერთო დონის შემცი­რებას. ტერმინი „ინფლაცია“ პირველად გამოიყენეს ჩრდ. ამერიკაში სამოქალაქო ომის პერიოდში (1861–65) და გულისხმობდა ქაღალდის ფულის რაოდენობის ­ზრდას. ი-ის წარმოშობის მიზეზებია: მონეტარული ფაქტორები – მთლიანი შიდა პროდუქტის შემცი­რება მიმოქცევაში ფულის მასის უცვლელი მოცულობის პირობებში, სა­ხელმწ. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვა ემისიური ფულით, ჭარბი ინვესტირება, მ. შ., საკრედიტო, როდესაც ინვესტიციების მოცულობა აჭარბებს ეკონ. შესაძლებლობებს; ს ტ რ უ ქ ტ უ რ უ ლ ი ფაქტორები – ეკონ. სტრუქტურის დეფორმაცია, რ-იც გამოიხატება სამომხმარებლო სექ­ტორის დარგების ჩამორჩენით, ინვესტიციების ეფექტიანობის შემცი­რება და მოხმარების ­ზრდის შეზღუდვა, ეკონ. მართვის სისტემის არასრულყოფილება, მონოპოლიზაციის მაღალი დონე; ს ა გ ა რ ე ო ფაქტორები – ექსპორტიდან ამონაგების შემცირება, საგარეო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო.

ფასების ზრდის ტემპის მიხედვით განასხვავებენ ი-ის სამ ძირითად სახეს: მ ც ო ც ა ვ ი (ზომიერი) ი. – ფასების ყოველწლ. ზრდა არ აღემატება 10%-ს და ფული არ უფასურდება. ასეთი ი. არ წარმოადგენს საფრთხეს ეკონომიკისათვის, ვინაიდან პროგნოზირებადია და ადვილად რეგულირებადი, იგი ხელს უწყობს ეკონ. ­ზრდას; გალოპირებადი (ნახტომი­სებრი) ი. – ფასების საშუალო წლ. ზრდა მერყეობს 10–20%-იდან 50–200%-ის დიაპაზონში, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ეკონ. განვითარებაზე. მისი რეგულირებისათვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპეც. ფინანს. ბერკეტები, ხში­რად ტარდება ფულის რეფორმა; ჰ ი პ ე რ-ი ნ ფ ლ ა ც ი ა – ფასების ყოველთვიური ზრდის ტემპი აჭარბებს 50%-ს, დამახასიათებელია სტრუქტურული გარდაქმნების მქონე ქვეყნებისათვის, აგრეთვე ომისა ან პოლიტ. რყევების პერიოდებისათვის. ასეთი ი. მკვეთრად აუფასურებს ფულის ერთეულს, შლის საგადასახდელო სისტემას, ზრდის ეკონ. განვითარების დისპროპორციებს და ­ქმნის კრიზისულ სიტუაციას.

გამომწვევი მიზეზების მიხედვით განასხვავებენ ი-ის შემდეგ სახეებს: მოთხოვნის ი-ს – წარმოიქმნება ერთობლივი მოთხოვნის ზრდის შედეგად, რ-საც წარმოება ვერ აკმაყოფილებს. საქონლის დეფიციტი ზრდის მოთხოვნას, რ-იც, თავის მხრივ, იწვევს მისი ფასის ­ზრდას; მიწოდების (ხარჯების) ი-ს – წარმოიქმნება საწარმოო რესურსების არაეფექტიანი გამო­ყენების პირობებში, რაც ზრდის წარმოების ხარჯებს და შე­სა­ბა­მი­სად – საქონლის ფასს. ასეთი ი. აუფასურებს ფულს, ვინაიდან უცვლელი შემოსავლების პირობებში მყიდველები იძენენ იმავე საქონლის ნაკლებ რაოდენობას; სტრუქტურულ და ინსტიტუციურ ი-ს – განპირობებულია ეკონომიკაში სტრუქტურული ძვრებით, კერძოდ, ფასების ­ზრდით მის ცალკეულ სექტორებში, სადაც პროდუქციაზე მოთხოვნა ჭარბობს მიწოდებას. ასეთი ზრდა დამახასიათებელია ინოვაციური დარგებისათვის, რ-თა პროდუქციაზე მაღალია მოთხოვნა.

ი-ის უარყოფითი შედეგებია ფუ­ლადი მარაგის (ანაბრები, კრედიტები, ნაშთები ანგარიშებზე და სხვ.) და ფასიანი ქაღალდების გაუფასურება, შემოსავლების სტი­ქიური, არაკონტროლირებადი გადანაწილება – ი-ის დროს ზარალდებიან კრედიტორები, გამ­ყიდველები, ექსპორტიორები, საბიუჯეტო სფეროს მუშაკები, ხოლო იგებენ მოვალეები, მყიდველები, იმპორტიორები, რეალური სექტორის მუშაკები; მახინჯ­დე­ბა ყველა ძირითადი ეკონ. მაჩვენებელი – მთლიანი შიდა პროდუქტი, რენტაბელობა, პროცენტი და სხვ.; ფასების ვარდნას თან სდევს ეროვნ. ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნა.

ი-სთან ბრძო­ლის მეთოდებია: წარმოების სტაბილიზება და სტიმულირება – რაც გულისხმობს ეკონ. სტრუქტურულ გარდაქმნას, ადგილ. წარმოების განვითარებას, ეკონ. შედეგებზე მეწარმეების პასუხისმგებლობის ­ზრდას; დაბეგვრის რეფორმა; სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შ ე მ ც ი ­რ ე ბ ა უმეტესად არამწარმოებლური ხარჯების შემცი­რების გზით; ვაჭრობის ლიბერალიზაცია – ექსპორტისა და იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვების შემცირება ან გაუქმება; ს ა ბ ა ზ რ ო ინფრასტრუქტურის განვითარება; ს ა ­ვ ა ლ უ ტ ო კურსის რ ე გ უ ლ ი ­რ ე ბ ა; ს ა ­ხ ე ლ მ ­ წ ი ­ფ ო ქონების პრივატიზაცია; ეკონომიკის დემონოპოლიზაცია.

დამოუკიდებელი ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ლ ო ს ეკონომიკისათვის ხში­რად იყო დამახასიათებელი ი-ის მაღალი დონე. საშ. წლ. ი-ს მაჩვენებელი 1980–89 წლებში 0,6 % იყო, ხოლო 1990-იდან მისმა დონემ დაიწყო ზრდა. 1990 წ. ი-მ შეადგინა 1,7%, 1991 წ. კი – 4,9%. 1992-იდან ი-მ მიიღო გალოპირებადი სახე და მიაღწია 21,3%. ამის მიზეზი იყო იმ პერიოდში არ­სე­ბული მძიმე ეკონ. პირობები, ეროვნ. ვალუტის არარსებობა და და­მო­კიდე­ბუ­ლე­ბა მიმოქცევაში არსებულ რუს. რუბლსა და აშშ დოლარზე. 1993 წ. გარდამავალი ვალუტის – კუპონის – შემოღებამ კიდევ უფრო გააძლიერა ი-ის ზრდის ტემპი, რ-მაც წლ. 34,6% შეადგინა, ხოლო 1994 წ. – 56,3%. 1995 წ. განვითარდა ჰიპერინფლაცია – 1990 წელთან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თველო­ში ფასები 356,9 ათასჯერ გაიზარ­და მაშინ, როდესაც მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 4-ჯერ. ამავე წელს სა­ქართვ. ეროვნ. ვალუტის – ლარის შემოღებამ დადებითად იმოქმედა ი-ის ვარდნის ტენდენციაზე. 1996 წლის განმავლობაში ი-ის მაჩვენებელი შემცირდა 42,9%-იდან (წლის დასაწყისში) 13,8%-მდე (წლის ბოლოს). ი-ის მაჩვენებლის ვარდნა განპირობებული იყო გატარებული ფისკალური და ფულად-საკრედიტო, აგრეთვე რეგულირებადი ფასების სწორი პოლიტიკით. 1997–98 წლებისათვის დამახასიათებელი იყო დეფლაციური პროცესები. 1998 დეკემბრისათვის ი-ის მაჩვენებელი გახდა უარყოფითი – 0,6%, ხოლო 1999-იდან ი-მ ისევ მიიღო გალოპირებადი ხასიათი, რ-ის ძირითადი მიზეზი იყო სავალუტო კრიზისი და ცვლილებები საგადასახადო პოლიტიკაში. 2000–10 წლებში ი. სა­ქართვე­ლო­ში ატარებდა მცოცავ ხასიათს და ძირითადად ერთნიშნა მაჩვენებლით გამოისახებოდა (გარდა 2006–08 წლებისა, როცა ი-ის მაჩვენებელი გაი­ზარ­და 10%ზე მეტად და განპირობებული იყო ძირითადად იმპორტის ფასების ­ზრდით). გამონაკლისი იყო 2009 აგვისტოს თვე, როდესაც ი-ის მაჩვენებელი გახდა უარყოფითი – 3,1%. 2011 წლის ბოლოსათვის კი განვითარდა დეფლაციური პროცესი, გამოწვეული მოხმარების საერთო დონის შემცი­რების ტენდენციით. ეს პროცესი გაგრძელდა 2012 წელსაც. მხო­ლოდ 2013 წლის მიწურულს დაიწყო მისმა მაჩვენებელმა ზრდა და 2014 წ. საშუალოდ შეადგინა წლ. 3,1%. 2014 ნოემბერში განვითარებული სავალუტო კრიზისის შედეგად ეროვნ. ვალუტის კურსის ვარდნის გამო გაი­ზარ­და სამომხმარებლო ფასები, რამაც განაპირობა ი-ის მაჩვენებლის ზრდა წლის დასაწყისში 1,4%-იდან წლის ბოლოსათვის 4,9%-მდე. 2015 წ. ეროვნ. ვალუტის მკვეთრად მერყევმა გაცვლითმა კურსმა გამოიწვია ი-ის მაჩვენებლის რყევა წლის განმავლობაში 1,3%-იდან 6,3%მდე, 2016 წ. – 5,6%-იდან – 0,2%მდე, ხოლო 2017 წ. – 3,9%-იდან 6,9%-მდე. საშ. წლიურმა ი-მ კი შეადგინა შესაბამისად 4,0%, 2,1% და 6,0%.

სა­ქარ­თვე­ლოსათვის, როგორც იმპორტზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ქვეყნისათვის, მეტწილ შემთხვევაში დამახასიათებელი იყო იმპორტირებული ი., გამოწვეული როგორც იმპორტის ფასების ­ზრდით, ასევე ეროვნ. ვალუტის კურსის ვარდნით გარე შოკების შედეგად.

ლიტ.: ბ ლ ა ნ შ ა რ ი  ო., მაკროეკონომიკა, თარგმ. ინგლ., თბ., 2010; ე ლ ი ა ვ ა  ლ., სა­ქარ­თვე­ლოს თანამედროვე ფინანსური გამოწვევები, თბ., 2015.

ლ. ელიავა