იოაკიმე

იოაკიმე, ი ო ვ ა კ ი მ ე, აფხა­ზე­თის (დას. სა­ქარ­თვე­ლო) კათოლი­კოსი დაახლოებით XV ს. 70-იან წლებში, ცაიშელ-ბედიელი მთავარეპისკო­პო­სი. ქართლ-იმერეთის მეფის, ბაგრატ VI-ის, დადიანისა და გურიელის თანამზრახველობით ი. კათოლიკოსად აკურთხა არა სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა, არამედ დას. სა­ქარ­თვე­ლოში ჩამოსულმა იერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქმა მიქაელ­მა (1470/74–84). ამ აქტით ბაგრატ VI-მ პოლიტიკურად დაშლილ საქარ­თვე­ლო­ში დასავლეთის ეკლესიაც მცხე­თისაგან დამოუკიდებელი გახადა. იმავე პატრიარქ მიქაელის სახელით შედგა კა­ნო­ნი­კუ­რი ძეგლი „მცნებაჲ სასჯულოჲ", რითაც აფხაზეთის (დას. სა­ქარ­თველოს) კათოლიკოსი გაუთანასწორდა მცხე­თის კათოლიკოს-პატრიარქს და განსაზღვრა მისი იურისდიქცია [იურიდიულად განამტკიცა აფხაზეთის (დას. საქარ­თვე­ლოს) კათოლიკოსის დამოუკიდებლობა აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს უმაღლესი საეკლ. ხე­ლი­სუფ­ლებისგან].

წყა­როებში ი. დახასიათებულია როგორც საეკლ. საქმეების ენერგიული გამგებელი, რ-იც განსაკუთრებით ზრუნავდა საკუთრივ აფ­­ხაზეთში ქრისტ. რელიგიის განმტკიცებაზე. ი-მ დიდი ამაგი დასდო ქართველთა ჯვრის მონას­ტერს იერუსალიმში, რის გამოც ხსენებულ მონასტერში საუკუნო აღაპი დაუწესეს.

წყა­რო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., სა­ქარ­თველო XV ს. მეორე ნახევარში. ერთიანი სა­ქარ­თვე­ლოს საბოლოო დაშლა სამეფოებად და სამთავროებად, წგ.: სა­ქართვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979; სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ჯ ა ­ვ ა ­ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 3, თბ., 1982.

თ. მარგველა­შვი­ლი