იოანე I

იოანე I, ქართლის პირველი მამამთავარი (ეპის­კო­პო­სი) IV ს. 20–60-იან წლებში.

„მოქცევაჲ ქართლისაჲს" მიხედვით, მირიან მეფის თხოვნით იმპ. კონსტანტინემ ქართლში გამოგზავნა „იოვანე ეპის­კო­პო­სი და ორნი მღდელნი და ერთი დიაკონი", ხოლო ლეონტი მროველის ცნობით: „წარმოგზავნა მღდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, და მის თანა მღდელნი ორნი და დიაკონნი სამნი". ქართლ­ში წამოსულებმა მონათლეს მირიან მეფე, დედოფალი ნანა, მათი სახლობა, დიდებულები და „ყოველი ერი". ი. I-მა უფლის „სამჭუალნი და ხურონი განძი", რ-იც კონსტანტინემ გამოატანა, ერუშეთს ჩაიტანა, ხოლო „ფიცარნი იგი უფლისანი" მანგლისში დატოვა, სადაც ეკლესიის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მისი ზრუნვით აღუმართავთ სალოცავი ჯვრები; მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიუღია მცხე­თის საეპისკოპოსოს ჩამოყალიბებასა და წმ. ნინოსთან ერთად მთის მოსახლეობის ქრისტეს სარწმუნოებაზე მოქცევაში.

ი. I, „მოქცევაჲ ქართლისაჲს" თანახმად, მეფე ბაკურის დროს გარდაიცვალა და მის შემდეგ ეპისკოპოსად იაკობი დაჯდა.

წყა­რო: ლეონტი მროველი, ცხოვ­რება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; „მოქცევა" ქართლისაჲ", შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეი­შვი­ლისა და ელ. გიუნა­შვი­ლის გამოც., თბ., 1979.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

თ. მარგველა­შვი­ლი