იოანე VI, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XII ს. პირველ მეოთხედში. იყო დავით აღმაშენებლის სახელმწ. ღონისძიებების ენერგიული გამტარებელი, 1104 თავმჯდომარეობდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებას, რ-მაც ეპისკოპოსობიდან გადააყენა ცენტრ. ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვარიანი ფეოდალები და მათ ადგილზე დაადგინა მეფის ერთგულნი; მოაწესრიგა საეკლ. წყობილების დარღვეული ნორმები, შეიმუშავა და დადგენილების სახით გამოუშვა ახ. საეკლ. კანონები. ი. VI-მ დავით აღმაშენებლის საგანგებო „ანდერძი"-ტიპიკონით (1123) შიომღვიმის სამეფო მონასტერს მიანიჭა მის საყმო მამულში სასამართლო და საგადასახადო შეუვალობა. ი. VI ეპისკოპოსებთან და მეუდაბნოეებთან ერთად მონაწილეობდა იმ საღვთისმეტყველო დისკუსია-პაექრობაში, რ-იც დავით აღმაშენებელს ჰქონდა სომეხ მონოფიზიტებთან. ზრუნავდა საზღვარგარეთის ქართ. კულტ. ცენტრებში ლიტ. მუშაობის გააქტიურებისათვის.
წყარო: ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1953; ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; „ძეგლისწერა" რუის-ურბნისის კრებისა, წგ.: დიდი სჯულისკანონი, ე. გაბიძაშვილის რედ., თბ., 1975; Марр Н. Я., Описание грузинских рукописей Синайского монастыря, М.–Л., 1940.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე