იოანე IX (ა ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1612–16, მწიგნობარი, კალიგრაფი, მხატვარი. კათოლიკოსობამდე საფარის მონასტრის წინამძღვარი იყო, შემდგომში – ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი, მოგვიანებით ქართლის მთავარეპისკოპოსობა უბოძეს.
ი. IX და მისი ძმა ზაქარია დაახლოებული იყვნენ ქართლისა და კახეთის სამეფო ოჯახებთან. 1614, აბას I-ის აღმ. საქართველოში შემოსევის დროს, იმერეთში გაიხიზნა და დიდხანს მალაქია II-თან ცხოვრობდა, გარდაიცვალა იქვე. 1609 ი. IX-ს თეიმურაზ I-ის დედის – ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და აშიებით შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი. ერისკაცობის დროს მასვე გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია „ვეფხისტყაოსანი".
წყარო: ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.
ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე ს., ვეფხისტყაოსნის 1600 წლის ახლოდროინდელი მხატვრული ხელნაწერი, «საისტორიო მოამბე», 1925, [ტ.] 2.
ბ. ლომინაძე