იოანე ბატონიშვილის სჯულდება („წინადადებაჲ"), ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფო წყობილების რეფორმის პროექტი, რ-იც იოანე ბატონიშვილმა წარუდგინა მეფე გიორგი XII-ს 1799 წ. 10 მაისს. პროექტის ავტორი ცდილობს „განწირულებასა შინა" მყოფ სრულიად საქართველოს უჩვენოს მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი. იგი იხილავს სახელმწ. მმართველობისა და სამხ. უწყების რეფორმის საკითხებს. მისი მიზანია სახელმწ. ხელისუფლების გაძლიერება და ფეოდალთა თვითნებობის ალაგმვა. ძეგლის მიხედვით, საქართველოს უნდა ჰყავდეს დისციპლინებული რეგულ. არმია, რ-ის შესაქმნელად საჭიროა სახელმწ. შემოსავლის გადიდება სხვადასხვა გადასახადის შემოღებით. ყოველ ათ კომლ ყმას ერთი უცოლშვილო ყმაწვილი კაცი უნდა მიეცა სახელმწიფოსათვის „თავისის პურით ხუთს წელიწადს". ასე უნდა შექმნილიყო ჯარი „ვიდრე ორი ათას კაცამდე". არმიიდან დათხოვნის შემდეგ ჯარისკაცებს ეძლეოდათ ქორწინების ნებართვა. ცალკე უნდა შექმნილიყო ცხენოსანი ჯარი, მდევარი არ უნდა მოშლილიყო, უნდა გაუმჯობესებულიყო არმიის შეიარაღება, შექმნილიყო არტილერია.
ძეგლში შენარჩუნებულია სახელოების მემკვიდრეობითობის პრინციპი, თუმცა საჭიროდაა მიჩნეული სამოხელეო აპარატის გარკვეული რეფორმა, ახ. სახელოების შემოღება. სჯულდება ითვალისწინებს მამულების, ქვრივ-ოხერთა და ელჩების უფროსების, განათლების მოხელის თანამდებობებს. პროექტის ავტორი მეფეს ურჩევს, ხელი შეუწყოს ქართველთა შორის ვაჭრობის განვითარებას. აუცილებლადაა მიჩნეული ქვეყანაში ხელოსნობის განვითარება, თბილისში, გორსა და თელავში გათვალისწინებულია სასწავლებლების გახსნა, წერილების საცავის, ანუ დავთარხანის და „ბიბლიოთიკის" სახლის აშენება.
სჯულდების თანახმად უნდა განვითარებულიყო საჯარო სასჯელთა სისტემა. სამშობლოს მოღალატე – მამულის მუხანათი" – მკაცრად უნდა დასჯილიყო, მიუხედავად მისი პიროვნებისა. ძეგლის ავტორი კაცისმკვლელთა მიმართ ვახტანგის სჯულით გათვალისწინებულ „სისხლს" მსუბუქად მიიჩნევს და სასჯელად აწესებს მარჯვ. ხელის მოჭრას. ვინც მესამედ მოჰკლავდა კაცს, სიკვდილით უნდა დასჯილიყო. სჯულდება მნიშვნელოვანი ძეგლია გვიანდ. შუა საუკუნეების საქართველოს პოლიტ. და იურიდ. აზროვნების, ქართ. სამართლის, საქართვ. სახ. მეურნ., სამხ. წყობილებისა და განათლების სისტემის ისტ. შესასწავლად.
პუბლ.: ბაგრატიონი ი., სჯულდება (ქართლ-კახეთის სამეფოს სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტი), ი. სურგულაძის გამოც., თბ., 1957.
გ. ნადარეიშვილი