იოანე დამასკელი [Iōannēs Damaskēnos (დაახლ. 675, დამასკი, – 753)], ბიზანტიელი ღვთისმეტყველი, ფილოსოფოსი და მწერალი. იგი ითვლება ქრისტ. აზროვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად. კარგად იცნობდა ანტიკური ხანის ბერძნულ ფილოსოფიას და თავის ნაშრომებში მის ქრისტიანულ ინტერპრეტაციასა და ტრანსფორმაციას ახდენდა. ი. დ. კარგად აცნობიერებდა არისტოტელეს ლოგიკის მნიშვნელობას ერეტიკოსთა წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ამის ნათელი მაგალითია მისი მთავარი ნაშრომი „ცოდნის წყარო", რ-იც სამი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი („ფილოსოფიური თავები") ფილოს. გამოკვლევებს მოიცავს და მისი მიზანი ქრისტ. ფილოსოფიის კატეგორიათმოძღვრების გადმოცემაა. ფილოს. ისტორიაში ეს ნაწილი "დიალექტიკის" სახელწოდებით შევიდა; მეორე ნაწილში („წვალებათათჳს") ი. დ. ერესებს აღწერს და ერეტიკოსთა (ნესტორიანელები, მონოფიზიტები, მანიქეველები და ა. შ.) წინააღმდეგ იბრძვის; მესამე ნაწილი ("გარდამოცემაჲ") მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გადმოცემას ეძღვნება. აქ ი. დ. ისეთი ამაღლებული საკითხების შესახებ მსჯელობს, როგორიცაა ღმერთი, სამყაროს წარმოშობა, ანგელოზები, ადამიანი და ბუნება. ამავე კონტექსტში იგი საეკლ. კანონებსაც განმარტავს.
ი. დ. იმ ბიზანტ. მოაზროვნეთა რიცხვს მიეკუთვნება, რ-ებმაც საქართველოში დიდი აღიარება მოიპოვეს. მისი „ცოდნის წყარო" (კერძოდ კი, ამ ნაშრომის პირველი და მესამე ნაწილები) შუა საუკუნეებში ორჯერ ითარგმნა ქართულ ენაზე ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელის მიერ. არსებობდა „ცოდნის წყაროს" პირველი ნაწილის („დიალექტიკა") სამი ქართული თარგმანი (ექვთიმე ათონელის, ეფრემ მცირისა და არსენ იყალთოელისა). შუა საუკუნეების ქართულსა და კავკასიურ აზროვნებაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა „დიალექტიკას", რ-იც არსენ იყალთოელის ქართ. თარგმანიდან XIII ს-ში სომხ. ენაზე თარგმნა სომეხმა ბერმა სიმეონ პღინძაჰანეციმ.
ქართ. ენაზე, გარდა „ცოდნის წყაროსი", თარგმნილია ი. დ-ის სხვა თხზულებებიც. არსენ იყალთოელის მიერ შედგენილი „დოგმატიკონი" მოიცავს ი. დ-ის სხვა ქრისტოლოგიურ ნაშრომებსაც, კერძოდ – მის პოლემიკურ და დოგმატურ თხზულებებს.
ი. დ-ის თეორიული ნააზრევი შუა საუკუნეების ქართ. ქრისტ. ფილოსოფიის ფორმირების პროცესში მთავარ როლს თამაშობდა. ამ პერიოდის ქართვ. სწავლულები მისი შემოქმედების ეფექტური გამოყენების წყალობით ცდილობდნენ წარმართ ფილოსოფოსთა სწავლებების უარყოფას. ი. დ-ის დარად, ეფრემ მცირე ფილოსოფიის ადგილსა და დანიშნულებას ღვთისმეტყველების მსახურებაში ხედავდა. ეფრემმა ი. დ-ის „დიალექტიკის" თავისსავე თარგმანს დაურთო წინასიტყვაობა, რ-შიც იგი ამ წამოწყებას შემდეგნაირად ამართლებს და ასაბუთებს – ეს მეცნიერება იმისთვისაა საჭირო, რომ ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება იქნეს დაცული. როგორც ვენახს სჭირდება ღობე დასაცავად, ასევე სჭირდება საეკლ. მოძღვრებებს „საფილასოფოსოჲ სწავლაჲ". ფილოსოფიურად განათლებული მორწმუნე იოლად შეძლებს მოწინააღმდეგის (ანუ ურწმუნოს) განიარაღებას: „ამათ მიერ წინააღუდგებოდინ შვილნი ეკლესიისანი გარეშეთა მათ ფილოსოფოსთა და მათითავე ისრითა განჰგუმერდენ მათ".
აღსანიშნავია, რომ ი. დ-ის თხზულებათა შემცველ ხელნაწერებში გამოთქმული შეხედულებები ასახულია არა მარტო შუა საუკუნეების მეცნიერთა, არამედ ახალი დროის ფილოსოფოსთა შრომებშიც. საქართველოში მის დიდ ავტორიტეტზე მეტყველებს. ქართველმა მეცნიერებმა მისი შემოქმედების სხვადასხვა ასპექტები საფუძვლიანად შეისწავლეს. ი. დ-ის ქრისტოლოგიურ სწავლებას ეძღვნება შ. ნუცუბიძის, მ. გოგიბერიძის, გ. თევზაძის, მ. რაფავას, ე. ჭელიძის, თ. ირემაძის და სხვათა ნაშრომები.
თხზ.: დიალექტიკა, თბ., 1976; მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა, თბ., 2000.
ლიტ.: თ ე ვ ზ ა ძ ე გ., შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1996; ი რ ე მ ა ძ ე თ., ფილოსოფია ეპოქათა და კულტურათა გზაგასაყარზე, თბ., 2013; ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია, თბ., 1988.
თ. ირემაძე