იოანე ზონარა (Iōannēs Zonaras), XI ს. დასასრ.–XII ს. I ნახ. ბიზანტიის სახელმწიფო მოღვაწე და ისტორიკოსი. მეფის კარზე მას ეკავა მაღალი სამხ. პირის (ყორჩიბაშის) და მწიგნობართუხუცესის თანამდებობები. მოხუცებულობის დროს ბერად აღიკვეცა და სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმინდა გლიკერიის კუნძულზე მდებარე მონასტერში გაატარა.
ავტორია „მსოფლიო ქრონიკის", რ-იც მოიცავს ამბებს ქვეყნის დასაბამიდან ვიდრე 1118-მდე. თხზულება საკმაოდ დიდი მოცულობისაა. ი. ზ. ფართოდ იყენებს ანტ. და შუა საუკუნეების ავტორთა შრომებს. მისი „ისტორიის" მთავარი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ შემოგვინახა მრავალი ძვირფასი საისტ. წყარო, რ-ებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ასე მაგ.: ი. ზ-მ და იოანე ქსიფილინოსმა აღადგინეს დიონ კასიოსის 1–21 წიგნი, რ-თა დედნები დღემდე დაკარგულად ითვლება.
ი. ზ-ს თხზულებაში საკმაოდ უხვადაა ცნობები საქართველოს შესახებ: პომპეუსის ლაშქრობა, წათე I-ის მონათვლისა და მისი ლაზიკაში გამეფების ამბავი; იოანე ოქროპირის გადასახლება აფხაზეთის განაპირა კუთხეში – ბიჭვინთაში და სხვ. აგრეთვე XI ს. საქართველოს (გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის) ურთიერთობაზე ბიზანტიასთან. იბერების სიმამაცის შესახებ ი. ზ. წერს: „იბერები ალბანელებზე უფრო კარგი მებრძოლები არიან; ისინი არც მიდიელებსა და არც სპარსელებს არ დამორჩილებიან და მხოლოდ მაკედონელთა ძლიერებას (ვერ გაუმაგრდნენ) გაექცნენ. ალექსანდრე მაკედონელმა ვირკანიის (ე. ი. კასპიის) ზღვიდან მოულოდნელი დარტყმით დასცა იბერიელები. მაშინაც არ გაქცეულან იბერები უბრძოლველად, დიდი ბრძოლა გაუმართეს. ბევრი მათგანი ამოწყდა და ბევრიც ტყვედ ჩაიგდო ხელში მაკედონელმა". ი. ზ-ს ეს ცნობა იმ მხრივაცაა საინტერესო, რომ აქ საუბარია ალექსანდრე მაკედონელის საქართველოში ყოფნის შესახებ (რასაც მხარს უჭერს გ. წერეთელი და მ. ბროსე, საწინააღმდეგო აზრისა არიან ამ საკითხზე ივ. ჯავახიშვილი და ს. ჯანაშია).
თხზ.: : Epitomae historiarum, v. 1–6, Lipsiae, 1868–75; libri XIII–XVIII, v. 3, Bonnae, 1897; [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.
ნ. ლომოური