იოანე-ზოსიმე, X ს. მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე. ბიოგრ. ცნობები მის შესახებ ძუნწადაა შემონახული, ძირითადად, ქართ. ხელნაწერთა სინური კოლექციის ანდერძ-მინაწერებში. ი.-ზ-ს სახელს უკავშირდება მრავალი ხელნაწერის როგორც შედგენა-გადაწერა, ისე შემოსვა-განახლება. მისი მოღვაწეობა მთლიანად დაკავშირებულია პალესტინასთან: თავდაპირველად იმყოფებოდა საბაწმიდის ლავრაში (40-იანი წლების დასაწყისიდან 60-იანი წლების დასასრულამდე), შემდგომ კი – სინას მთაზე. უადრესი ხელნაწერი, რ-იც ადასტურებს ი.-ზ-ს მოღვაწეობას სინაზე, არის Sin.-35, მის მიერ შემოსილი 973, ხოლო უგვიანესი – ა. ცაგარლის კატალოგის N 93 და N 92 (ამჟამად გაფანტულია სხვადასხვა სიძველეთსაცავში), გადაწერილი და შემოსილი 986.
ი.-ზ. იმ ქართვ. საბაწმიდელსინელ საეკლ. მოღვაწეთა წარმომადგენელია, რ-ებიც ქრისტ. ღვთისმსახურების წინაბიზანტიური, ანუ იერუსალიმური წესის აღმსრულებელი უკანასკნელი თაობა გამოდგა. საქართველოს პოლიტ. ორიენტაციამ X ს. II ნახში განსაზღვრა ქართ. ეკლესიის გადასვლა კონსტანტინოპოლის საღვთისმსახურო წესზე. ამ პროცესმა, როგორც ჩანს, განაპირობა საბაწმიდელ-სინელ მწიგნობართა მოღვაწეობის შინაარსი და მიმართულება. თავისი დროის სიახლეთა დანერგვასთან ერთად ისინი ცდილობდნენ, იერუსალიმური ტრადიციის ამსახველი მრავალი ძეგლი თუ ლიტურგიკული წესი შეეფარდებინათ ახ. პრაქტიკასთან. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ი.-ზ-ს, როგორც ლიტურგისტის, მოღვაწეობა. მის მიერ შედგენილი კრებულები ერთდროულად მოიცავს სიახლესაც და სიძველესაც. პირველ რიგში გამოყოფენ მის ენციკლოპედიური ხასიათის ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულს Sin.- 34-ს, რ-იც, თვით ი.-ზ-ს თქმით, მას შეუდგენია სწავლულ კაცთათვის („მეცნიერისა კაცისათჳს"). ანდერძის მიხედვით, კრებულის შედგენა ი.-ზ-ს 965 დაუსრულებია, მაგრამ გარკვეული შენიშვნა-განმარტებები თუ სხვა მასალა კრებულში შეტანილი ჩანს მისი მოღვაწეობის სინურ პერიოდში. Sin.- 34-ის ზოგიერთი ნაწილი, რ-იც დაკარგულად ითვლებოდა, დაცული აღმოჩნდა პეტერბურგის საჯარო და ლაიფციგის უნ-ტის ბ-კების ხელნაწერთა კოლექციებში. ეს შევსება კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის Sin.-34-ის მნიშვნელობას. მრავალი ძეგლი, რ-იც მხოლოდ ი.-ზ-ს კრებულებმა შემოინახა, პირველად Sin.-34-შია შეტანილი ან მხოლოდ ამ ხელნაწერითაა მოღწეული. ხელნაწერის შენიშვნა-განმარტებებსა და ანდერძ-მინაწერებში ნათლად ჩანს, თუ როგორ იძიებს ი.-ზ. ამა თუ იმ ძეგლის წარმომავლობისა და სიძველის რედაქციებს, აჯერებს მათ თანამედროვე პრაქტიკასთან და ქმნის სრულიად ახ. მთლიანობას. ამგვარ იშვიათ ძეგლებს მიეკუთვნება პასქალისტური ხასიათის ვრცელი ნაშრომი ცნობისათჳს და უწყებისა, ჭეშმარიტად რომელი მოგუეთხრა ჩუენ მოძღუართა მიერ, განსაზღვრული გამოძიებისათჳს ჟამთა და წელთა..." (Sin. -34, Sin.- 38), რ-შიც განმარტებულია ქართ. და ბერძნ. ტრადიციაში სხვადასხვა კალენდარული გამოთვლების წესი და მოცემულია მე-13 მოქცევის (781– 1312) 532-წლიანი ციკლის ტაბულა (გამოცემულია). განსაკუთრებით საყურადღებოა ნაშრომში მოცემული ქრონოლოგიური სისტემები, მ. შ. „ქართველთა სათვალავი". ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა წყაროს საფუძველზე შედგენილი „კრებაჲ თთუეთაჲ წელიწადისათაჲ", რ-იც პალესტინური ტრადიციის საეკლ. დანიშნულების ვრცელი კალენდარია. საეკლ. დღესასწაულთა და ხსენებათა, მ. შ. ქართვ. წმინდანების ხსენებათა, გარდა კალენდარი შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს პალესტინის წმინდა ადგილებისა და ეკლესია-მონასტრების, აგრეთვე ჰაგიოგრაფიისა და ლიტურგიკის საკითხების შესასწავლად. ი.-ზ. დიდ ყურადღებას უთმობდა ჰიმნოგრაფიული კრებულების შედგენას. კრებულთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე ადრეული Sin.- 34 ხელნაწერი, რ-შიც იადგარის ორი – უძველესი და ახ. – რედაქციებია შეტანილი. ამ კრებულში აისახა ძველიდან ახ. ტიპის საგალობლებზე გადასვლის პროცესი, ამ ეტაპზე საღვთისმსახურო პრაქტიკაში ძვ. და ახ. ტრადიციების ურთიერთშეთავსება.
ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში ი.-ზ. მოიხსენიება როგორც „მჩხრეკალი", ანუ ტექსტის დამდგენელი და რედაქტორი, მომგებელი, ხელნაწერის შემმოსველი. იგი არსად არის დასახელებული ავტორად ან მთარგმნელად. ამის მიუხედავად, მას მიაწერენ ავტორობას ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლისა, როგორიცაა „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ", რ-ის სამი ნუსხა ი.-ზ-ს ხელით არის გადაწერილი. მკვლევართა ნაწილი მას მხოლოდ ამ ძეგლის გადამწერად მიიჩნევს. ი.-ზ-ს მიეწერება ასევე ორიგინ. აკროსტიქული ლექსი Sin.-34-იდან. ეს არის შესხმის ფორმით დაწერილი თავისებური ანდერძი Sin.-34-ის იადგარისა. ლექსის ორმხრივ კიდურწერილობაში იკითხება სახელი „გეორგი", რ-საც მკვლევართა ნაწილი ლექსის ავტორად მიიჩნევს.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., თხზულებათა კრებული, ტ. 3, თბ., 1965; ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი. ორი ძველი რედაქცია X–XI სს. ხელნაწერების მიხედვით, გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ე. მეტრეველმა, თბ., 1971; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., იოანე ქართველის კალენდარი (X ს.). – იხ. მისი: ეტიუდები ძველი ქართული მწერლობის ისტორიიდან, V, თბ., 1957; მ ი ს ი ვ ე, ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 1, თბ., 1951; მ ე ნ ა ბ დ ე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980; შ ა ნ ი ძ ე ა., ქართული ხელნაწერები გრაცში. – «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე», 1929, ტ. 9; ჭანკიევი ც., პალესტინელ გადამწერ „იოვანეთა" შესახებ. – «მრავალთავი», III, თბ., 1973; ხ ე ვ ს უ რ ი ა ნ ი ლ., Sin. 34-ის შედგენილობის საკითხისათვის, იქვე, VI, თბ., 1978; მ ი ს ი ვ ე, იოანე-ზოსიმეს ერთი ხელნაწერის შესახებ, «მრავალთავი», VII, თბ., 1980; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947; Марр Н. Я., Описание грузинских рукописей Синайского монастыря, М.–Л., 1940; Цагарели А., Памятники грузинской старины в Святой Земле и на Синае, «Православный Палестинский сборник», т. 4, вып. 1, СПб., 1888; B r o s s e t M., Études de chronologie technique, I. – «Men. de l’Academie Imp. des Sciences de St. Petersbourg», VII série, XI, №13, 1868; G a r i t t e G., Catalogue des manuscrits géorgiens littéraires du Mont Sinaї. – «CSCO», vol. 165, Subsidia, t. 9, Louvain, 1956; Le Calendrier palestino-géorgien du Sinaїticus 34, édité, traduit et commenté par G. Garitte, Bruxelles, 1958; E s b r o e c k M. van, Les manuscrits de Jean Zosime Sin.- 34 et Tsagareli 81, «Revue de Kartvélologie», vol. XXXIX, Paris, 1981.
ლ. ხევსურიანი