იოანე ხახულელი, X–XI სს. სასულიერო მოღვაწე, კალიგრაფი და მთარგმნელი, ბაგრატ IIIის თანამედროვე. გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებით, რის გამოც „ოქროპირი" უწოდეს.
ი. ხ-ის მიერ საქართველოში შესრულებული ხელნაწერი ანდერძის მიხედვით, მისი მოძღვარი იოანე გრძელისძე ყოფილა. არაერთი წყარო ადასტურებს ი. ხ-ის ხელდასხმას თავდაპირველად ბოლნისის, ხოლო შემდეგ – ხახულის ეპისკოპოსად. დაახლ. 1019 არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთაზე გაემგზავრა და იქვე დამკვიდრდა სამოღვაწეოდ. მკვლევართა ნაწილი ი. ხ-ს და იოანე ბოლნელს ერთსა და იმავე პიროვნებად მიიჩნევს, რადგან დიდ მსგავსებას პოულობენ მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაში – ერთნაირად გამოირჩეოდნენ მჭევრმეტყველი ქადაგებებით და, ასევე, ორივენი ბაგრატ III-ის თანამედროვენი იყვნენ.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ღირსი ი. ხ. წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 10 (23) მარტი დაადგინა.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ.– ათენი, 2003.
თ. მარგველაშვილი