იოანიკე (ერისკაცობაში – ივანე მაქსიმეს ძე რ უ დ ნ ე ვ ი) (20. II. 1826, ტულის გუბერნიის ნოვოსელსკის მაზრა, – 4. VI. 1900, დაკრძალულია კიევ-პეჩერის ლავრაში), საქართველოს ეგზარქოსი 1877–82.
1835–39 სწავლობდა ნოვოსელსკის სას. სასწავლებელში, შემდგომ სწავლა განაგრძო ტულის სას. სემინარიაში, ხოლო 1849 დაამთავრა კიევის სას. აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. სტუდენტობის დროს იგი კიევ-პეჩერის ლავრაში აღიკვეცა ბერად. მალევე ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, ხოლო 1850 – ბერმონაზვნად. 1856 მიანიჭეს ექსტრაორდინარული პროფესორის წოდება და უბოძეს არქიმანდრიტის ხარისხი. 1861 ეპისკოპოსის ხარისხში იქნა აყვანილი. 1864 წ. 12 იანვარს დაინიშნა სარატოვისა და ცარიცინის ეპარქიის მმართველად, ხოლო 1873 წ. 13 ივნისს – ნიჟნინოვგოროდისა და არზამასის ეპისკოპოსად. 1877 წ. 14 თებერვალს სანქტ-პეტერბურგის სას. აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. იმავე წელს ი. დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად.
მოქნილი დიპლომატიური საქმიანობის წარმართვის მიზნით ი-მ ქართული ენა იმდენად შეისწავლა, რომ ღვთისმსახურების დროს ზოგიერთ ფრაზას ქართულად წარმოთქვამდა. მისი ინიციატივით, აღმ. საქართველოს სამღვდელოებას გადაეცა სანთლის ქარხნის შემოსავლები, რამაც ერთგვარად გააუმჯობესა მათი მატერიალური მდგომარეობა. ი-მ გარკვეული შეღავათები დაუწესა სას. სასწავლებლის პედაგოგებს, ქართული ენის სწავლება სავალდებულო გახდა სას.-სამრევლო სკოლებში. მისი ინიციატივით 1879 მცხეთის სამთავროს მონასტრიდან თბილისში გადმოიტანეს ქალთა საეპარქიო სასწავლებელი, ამ სასწავლებელთან არსებულ ობოლ ბავშვთა თავშესაფარს კი 40 ათასი რუბლი შესწირა. მან დიდი ყურადღება მიაქცია სას. სასწავლებელში ქართ. სასულიერო გალობის სწავლებას.
1882 წ. 27 ივნისიდან ი. მოსკოვისა და კოლომნის მიტროპოლიტად გადაიყვანეს, შემდგომ კი კიევის ეპარქიის მიტროპოლიტი გახდა.
დაჯილდოებულია წმ. ანას II ხარისხისა და წმ. ვლადიმირის III ხარისხის ორდენებით. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად.
ლიტ.: ბ უ ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ე., XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ეგზარქოსები (მოკლე დახასიათება), კრ.: საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, VII, თბ., 2004; ფ ე რ ა ძ ე ი., საქართველოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1901, №4; ც ი ნ ც ა ძ ე კ., ჩემი მოგონებებიდან, თბ., 2001; Православная энциклопедия, т. 25, М., 2010.
ე. ბუბულაშვილი