იოანისიანი აბგარ რუბენის ძე [30. V (12. VI). 1908, თბილისი, – 1991], სომეხი ისტორიკოსი. სომხ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1947-იდან). 1947–53 იყო სომხ. მეცნ. აკად. ისტორიის ინ-ტის დირექტორი, 1949–60 – სომხ. მეცნ. აკად. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყ-ბის აკადემიკოს-მდივანი, 1960–63 და 1967-იდან – სომხ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი. კვლევის მთავარი თემები: უტოპიური სოციალიზმის ისტორია, სომეხი ხალხის განმათ. მოძრაობა და სამხრ. კავკასიის შეერთება რუსეთთან.
ი. ყურადღებას აქცევდა საქართველოს სომხ. მოსახლეობის ობიექტურ ინტერესებს. მისი აზრით, სომხ. სავაჭრო კაპიტალის მფლობელები დაინტერესებული იყვნენ ერეკლე II-ის მიერ დამოუკიდებელი და ძლიერი კავკ. სახელმწიფოს შენარჩუნებით. სომხ. ისტორიოგრაფიაში ერეკლე II-ის კავშირი ყარაბაღის ხან იბრეიმთან სომეხთა ინტერესებისათვის არახელსაყრელადაა მიჩნეული. ამ მოსაზრებას იზიარებს ი. იგი აღნიშნავს, რომ ოცი წლის განმავლობაში ერეკლე II ყარაბაღის ხან იბრეიმის მოკავშირე იყო და მასთან მეგობრობა ეწინააღმდეგებოდა ყარაბაღელი სომხების ინტერესებს.
თხზ.: Россия и армянское освободительное движение в 80-х годах XVIII столетия, Ер., 1947.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. მაისურაძე