ბერძნულ ენაზე სხვადასხვა ავტორთა მიერ შექმნილია იოანე ოქროპირის ცხოვრება-მოქალაქეობის ამსახველი არაერთი თხზულება. მათგან ყველაზე ცნობილია VII ს. მოღვაწის – გიორგი ალექსანდრიელის `იოვანე ოქროპირის ცხოვრება~, რ-იც სხვადასხვა ქრისტიანი ხალხის ენაზე ითარგმნა. ქართველებიც დაინტერესებულან ამ თხზულებით და უთარგმნიათ მისი კიმენური და მეტაფრასული რედაქციები. მეტაფრასული რედაქცია ორჯერაა თარგმნილი თეოფილე ხუცესმონაზვნისა (ათ. 36, XI ს.) და ეფრემ მცირის მიერ (384, XI–XII სს.). ქართველებს ქართ. კიმენური და ეფრემ მცირის მიერ თარგმნილი მეტაფრასული რედაქციების საფუძველზე თავადაც შეუქმნიათ ახ. კომპილაციური რედაქცია (A 188, XIII). საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა კი მენური რედაქცია, რასაც მოწმობს მისი შემცველი ხელნაწერების რაოდენობა და მათი ქრონოლ. ჩარჩოები (X–XIX სს.). კიმენური რედაქციის ხელნაწერთაგან ერთერთი უძველესი ქართ. თარიღიანი ხელნაწერია H. 2124. მას ერთვის გადამწერისა და მომგებლის ანდერძები, რ-ებშიც არის ზუსტი ცნობები ამ ხელნაწერის შექმნის შესახებ (256ვ – 157რ). იგი გადაუწერიათ 968 პალესტინაში, ხარიტონის ლავრაში. გადამწერია ივანე საფარელი, მომგებელი – სინას მთის მკვიდრი, ხუცესი მიქაელ ფანასკერტელი, რ-საც ხელნაწერი სინას მთისთვის შეუწირავს, საიდანაც იგი ჩამოუტანია პ. უსპენსკის, შემდეგ კი მის სხვა ხელნაწერებთან ერთად პეტერბურგის საჯარო ბ-კის საკუთრება გამხდარა. იქ ხელნაწერს გაუკეთდა ახ. ყდა და გატარდა ნომრით H⋅C⋅13. 1923 იგი სხვა ქართ. ნუსხებთან ერთად ჩამოიტანეს საქართველოში და გადასცეს საქართვ. სახელმწ. მუზეუმს. დაცულია ხელნაწ. ეროვნულ ცენტრში, შეიცავს 258 ფურცელს. მისი ზომაა 16 × 13; ნაწერია ეტრატზე კალიგრაფიული ნუსხურით. საზედაო ასოები მხატვრულადაა გაფორმებული. 1 ვ-ზე იოვანე ოქროპირის გამოსახულებაა მთელი ტანით, რ-საც ახლავს მთავრული ასოებით შესრულებული დაქარაგმებული წარწერა: "წმიდაო იოვანე, შეიწყალე გიორგი". 258რ-ზე არაბ. მინაწერია: "დავთარი, რომელშიც არის იოვანე ოქროპირის ამბავი. წყეულიმც იყოს ის, ვინც გაიტანს მას სინას მთიდან". ყდა ხისაა, გადაკრული აქვს მოყავისფრო ტყავი. ყდის ზედა ფრთაზე ამოტვიფრულია მოოქრული ჯვრის გამოსახულება, ქვედა ფრთაზე – ბარძიმი.
ხელნაწერში დაცული იოვანე ოქროპირის ცხოვრების ქართ. ვერსიის ტექსტი საინტერესოა ენობრივი თვალსაზრისით. იგი თარგმნილია ბერძნულიდან, რ-ის დამამტკიცებელი სხვადასხვა ხასიათის ჩვენებები მასში საკმაოდ მრავლადაა. მაგრამ ტექსტში არაბ. ენის ზეპირი გავლენის კვალიც შეინიშნება, რაც ვლინდება ზოგიერთი საკუთარი სახელის არაბიზებული ფორმით ხმარებასა და რამდენიმე შემთხვევაში – სინტაქსშიც. მსგავსი ვითარება პალესტინაში ბერძნულიდან თარგმნილ სხვა ძეგლებშიც გვხვდება, მაგ., ნიკოდიმოსის სახარებაში. ეს აიხსნება იმ არაბულენოვანი გარემოთი, რ-იც არსებობდა VIII–X სს-ში პალესტინასა და მის ცნობილ ინტერნაციონალურ სკრიპტორიუმებში, სადაც ქართველები მოღვაწეობდნენ და სადაც ინტენსიურად ვითარდებოდა არაბ. ქრისტ. ლიტ-რა. ქართ. ვერსია საინტერესო ჩანს იოვანე ოქროპირის ბერძნ. ჰაგიოგრაფიული დოსიეს შესწავლის თვალსაზრისითაც, ვინაიდან საფიქრებელია, რომ ქართვ. მთარგმნელმა გამოიყენა გიორგი ალექსანდრიელისეული `იოვანე ოქროპირის ცხოვრების~ არა დღეისათვის ცნობილი გამოქვეყნებული ბერძნ. ტექსტი, არამედ მისგან რამდენადმე განსხვავებული სხვა ტექსტი.
ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე ი., ქართული წიგნები იოანე ოქროპირის ცხოვრებისა და მისი გამოძახილი ძველქართულ მწერლობაში, შრომები, III, თბ., 1982; ი მ ნ ა ი შ ვ ი ლ ი ი., ათასი წლის ქართული წიგნი, გაზ. «თბილისი», 1968, 28. XII; `იოვანე ოქროპირის ცხოვრების~ ძველი ქართული თარგმანი და მისი თავისებურებანი 968 წლის ხელნაწერის მიხედვით, რ. გვარამიას გამოც., თბ., 1986; ჭ უ მ ბ უ რ ი ძ ე ზ., ათასწლოვანი ხელნაწერი, მის წგ.: ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ, თბ., 1983; G v a r a m i a R., Version géorgienne ancienne de la Vie de saint Jean Chrysostome, «Le Muséon», t. 99, fasc. 3–4, Louvain, 1986.
რ. გვარამია.