იოვანე ფუკარალისძე, XII ს. II ნახ. ქართველი კალიგრაფი, მნათე, ე. წ. ტბეთის მეორე ოთხთავისა და წყაროსთავის სახარების ერთ-ერთი გადამწერი. მოღვაწეობდა სამხრ. საქართველოში.
ტბეთის ოთხთავი გადაწერილია გიორგი III-ის მეფობაში, ტბეთის ეპისკოპოს პავლე მტბევარის დაკვეთით, 1161 წლის ახლო ხანებში. ი. ფ-ის წიგნის ბოლო ნაწილი (279–318 ფურცლები) გადაუწერია, რ-იც ზანდუკს (სარჩევს) შეიცავს.
წყაროსთავის სახარება (25,1 სმ × 17,9 სმ) 1195 გადაწერილია იოანე საფარელ-მტბევარის ბრძანებით. გადაწერაში ვინმე გიორგი სეთაჲსძეც მონაწილეობდა. წიგნში ჩართული მახარებელთა გამოსახულებები სხვა ავტორის შესრულებულია. სახარება ბექა ოპიზრის მიერ შესრულებულ ვერცხლის ჭედურ ყდაშია ჩასმული. ორივე კალიგრაფის ხელი ჰგავს ტბეთის ოთხთავის იოვანესეულ ნაწილს და მათი გარჩევა ერთმანეთისაგან ძნელია. სახარების ტექსტი „კლასიკური" ნუსხურით ორ სვეტადაა გადაწერილი, ხელი ზომიერადაა დახრილი, ასოები მკაფიოა, ნაწერი – მშვიდი.
ლიტ.: ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967; Такайшвили Е. С., Тбетское четвероевангелие XII века, «Материалы по археологии Кавказа», т.12, М., 1909.