იონა მროველი (ერისკაცობაში – ივანე გაბრიელის ძე გედევანიშვილი) (1737–1821), სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მოგზაური, მიტროპოლიტი (1775).
1753 აკურთხეს იეროდიაკვნად. 1770 მიენიჭა არქიმანდრიტის პატივი. 1770–75 იყო მცხეთის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტი, 1775–80 – რუისის მიტროპოლიტი. 1780 ჩამოერთვა მიტროპოლიტობა და გამწესდა დავითგარეჯის მონასტერში. ი. მ-მ მოახერხა კონსტანტინოპოლში (სტამბოლი) ჩასვლა, რათა კონსტანტინოპოლის პატრიარქისაგან მიეღო კურთხევა და აღედგინა დაკარგული პატივი. 1785–92 იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში (ოსმალეთი, იავა, იერუსალიმი, დამასკი, ანტიოქია, ეგვიპტე, ბეირუთი, ელიდა, ნეაპოლი, ტრიესტი, ვენეცია, ალექსანდრია, სინას მთა, ვენა, მოლდავეთი). 1792–95 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კიევში, 1795–1821 – მოსკოვში, ჩუდოვის მონასტერში.
მეტად საყურადღებოა ი. მ-ის თხზულება „მიმოსვლა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა", რ-იც 1852 გამოსცა პ. იოსელიანმა. თხზულებაში ზედმიწევნითაა აღწერილი ი. მ-ს მოგზაურობა. იგი დაწერილი უნდა იყოს 1804–05. თხზულება წარმოადგენს გეოგრაფიული ლიტ-რის ერთ-ერთ საუკეთესო ძეგლს.
ლიტ.: «მწყემსი», 1898, №4.
ლ. ურუშაძე