იორ-ალაზნის აუზის კულტურა, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომების მატერიალური კულტურა.
ამ კულტურის მატარებელი ტომები საკმაოდ დაწინაურებული იყვნენ მიწათმოქმედებაში, მესაქონლეობაში, მეტალურგიასა და მეთუნეობაში. ადრინდ. და შუა ბრინჯაოს ხანაში თავდაპირველად შედიოდა მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ. წ. III ათასწლ.), შემდეგ თრიალეთის კულტურის (ძვ. წ. II ათასწლ. I ნახ.) გავრცელების არეალში. გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურისათვის აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ მთელი ცენტრ. ამიერკავკასიისათვის დამახასიათებელი კულტურა ჩანს გავრცელებული. დაახლ. ძვ. წ. XIII ს-იდან კი აღნიშნულ ტერიტორიაზე, ძველის განვითარების საფუძველზე, ჩამოყალიბდა განსხვავებული კულტურა.
მისთვის დამახასიათებელია ე. წ. კახური შედგენილტარიანი სატევრები და მახვილები, ბრინჯაოს მთელმასრიანი შუბისპირები მასრაზე ორი რელიეფური სარტყლით, კონცენტრული ღარებით შემკული თიხის ჭურჭელი და სხვ. დაახლ. ძვ. წ. XI ს-იდან ამ კულტურის განვითარების შედეგად გაჩნდა 3 ლოკალური ვარიანტი, რ-თა გავრცელება დაახლ. ისტ. კახეთის, კუხეთისა და ჰერეთის საზღვრებს ემთხვევა. მატერ. კულტ. ეს ჯგუფები ერთმანეთისაგან, ძირითადად, საბრძოლო იარაღის თავისებურებებით განსხვავდება. ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ. ბოლოდან, სახელმწ. წარმოშობის წინა საფეხურზე, იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოხდა მატერ. კულტ. ნიველირება, თუმცა ძვ. წ. II ათასწლეულში შემუშავებული ამ კულტურის დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშანი ახ. წ. პირველ საუკუნეებშიც გადმოვიდა. ეს გარემოება აღნიშნულ პერიოდში მატერ. კულტ. განუწყვეტელ განვითარებას ადასტურებს.
ლიტ.: ლომთათიძე გ., ბრინჯაოს სატევრები და მახვილები სამთავროს უძველეს სამარხებში, თბ., 1974; ფ ი ც ხ ე ლ ა უ რ ი კ., იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა, თბ., 1965; მ ი ს ი ვ ე, აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV–VII სს.), თბ., 1973; ჯ ა ფ ა რ ი ძ ე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში, თბ., 1969.
კ. ფიცხელაური