იოსებ თბილელი

იოსებ თბილელი, ერისკაცობაში – ს ა ა კ ა ძ ე (1620–88), ­საეკლესიო მოღვაწე, პოეტი; თბილ. მიტრო­პოლიტი. გიორგი სააკა­ძის ძმისწული. ი. თ. ქვათახე­ვის მონასტერში აღიზარდა და იქვე აღიკვეცა ბერად. აქედან გარკვეული დროით ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად გადაიყვანეს. პ. იოსელიანის ცნობით, ნიკორწმინდიდან ქართლში დაბრუნებულ ი. თ-ს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ინიციატივით ოსმალთაგან გაუქმებული აწყურის ეპარქია ჩააბარეს იმ იმედით, რომ იქ მღვდელმსახურება აღდგებოდა, თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და მეფემ ი. თ-ს თბილისის მიტროპოლიტობა უბოძა. იგი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზ. ცხოვრებაში, იბრძოდა ­ცენტრ. ხე­ლი­სუფ­ლების განსამტკიცებლად. რო­გორც გი­ორგი XI-ის მომხრე, დაიღუპა განდგომილ არაგვის ერისთავთან ბრძო­ლაში.

ი. თ-ის პოეტურ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართ. პატრ. ეპოსის თვალსაჩინო ძეგლს, პოემა „დიდმოურავიანს" (1681–87), რ-იც უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ­ქართვ. ხალხის ბრძო­ლის ამსახველი გმირული ეპოპეაა. ი. თ-მა ხოტბა შეასხა გიორგი სააკაძეს; ამავე დროს, გამოკვეთა საზ. აზრი საქვეყნო გასაჭირზე, საზ. სამსჯავროზე გამოიტანა ერის ტკივილი და საწუხარი. „დიდმოურავიანი" მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ისტ. წყა­როცაა. იგი პირველად პ. იოსელიანმა გამოსცა 1851. ი. თ-ს ეკუთვნის აგრეთვე სას. შინაარსის თხზულებები: „ცხოვრება და მოქალაქეობა ალექსი კაცისა ღმრთისა", „წმიდანთა კრებათათვის", „ქება და წამება წმიდისა მარინასი, თქმული შაირად"; აგრეთვე „ანბანთქება". ი. თ. „ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი ინტერპოლატორია (დაურთო 67 სტროფი). მის სახელთანაა დაკავშირებული თბილ. სიონის ბ-კის დაარსება, რ-ისთვისაც ი. თ-ს მრავალი ხელნაწერი წიგნი შეუძენია.

თხზ.: დიდმოურავიანი, წგ.: ჩვენი საუნჯე, [ტ.] 4, თბ., 1960.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ფ ი რ ც ხ ა ლ ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  რ., იოსებ ტფილელის „დიდმოურავიანის" ხელნაწერული მე­მკვი­დრე­ო­ბისათვის, «მაცნე». ენისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სერია, 1975, N2; ქართული მწერლობა, ტ. 6, თბ., 1987; ც ა ი ­შ ვ ი ­ლ ი  ს., შოთა რუსთაველი – დავით გურამი­შვი­ლი, თბ., 1974.

რ. ფირცხალაი­შვი­ლი