იოსებიძე–ქუთელიას ეფექტი

იოსებიძე–ქუთელიას ეფექტი, ლითონის მოხახუნე ზედაპირებზე გარკვეული სტრუქტურების ტრიბოსინთეზი (იხ. სტ. ტრიბოლოგია). ეს სტრუქტურები შეიცავს ნანოდისპერსიული ალმასების, გრაფიტისა და ამორფული ნახშირბადის დისიპატურად მოწესრიგებულ ფაზებს. ამასთან, კუბური სტრუქტურის ალმასის გარდა წარმოიქმნება ­ჰექსაგონური სტრუქტურის ალმასი, ანუ ლინდსეილიტი, რ-იც ჩვეულებრივ ალმასთან შედარებით 58%-ით უფრო სალია და მისი ხელოვნური სინთეზი დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ი.–ქ. ე. აღმოჩენილია ჯ. იოსებიძისა და ე. ქუთელიას მიერ 1990. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს მოვლენა აიხსნება ამორფული ნანოდისპერსული ნახშირბადის (ანნ) მეტასტაბილურობით, რაც განაპირობებს მის უნარს – ხახუნის ზონაში განიცადოს პოლიმორფული გარდაქმნები და ამით უზრუნველყოს ანნ-ის ბაზაზე შექმნილი შემზეთი მასალების მაღალი ტრიბოლოგიური ეფექტიანობა და მრავალფუნქციურობა.

აღნიშნული შემზეთი ­მასალები გამოირჩევა მაღალი ანტიფრიქციული, ცვეთა-აგლეჯისა და პიტინგ­საწინაღო თვისებებით, ასე­ვე ამ თვისებების სტაბილურობით და­ტვირთვებისა და ტემპერატუ­რე­ბის ფართო დიაპაზონში (+150 °C-იდან 600 °C-მდე), ასევე ­წყლისა და ­მტვრის თანაობისას და ზეთის მიწოდების შეწყვეტის ექსტრემა­ლურ პირობებშიც კი. დადგენი­ლია აგრეთვე ­ანნ-ის გამოყენების პერსპექტიულობა ეფექ­ტური პლას­ტიკური საცხების, შემზეთ-გა­მაგრილებელი ­ტექნოლ. სი­თხეების, ანტიფრიქციული მყარი მასალების დასამზადებლად და ალმასების ხელოვნური სინთეზის ინოვაციური ნანოტექნო­ლოგიების დასამუშავებლად.

ლიტ.: I o s e b i d z e  D. C., B e r s a d - s k y  L. I., K u t e l i a  E. R., Tribosynthesis of graphite-diamond films and its obtaining structurally adaptive coatings, Proceedings of 17-th International Conference on Metallurgy coatings and 8-th International Conference on Thin Films, San Diego, CA.USA, 1990; B a k h t i y a r o v  S. (NMT, USA) at al., The „Iosebidze-Kutelia effect“ as a base for usage the phenomenon of cavitation for reduting the wear, Tb., 2014.

ჯ. იოსებიძე

შ. ნემსაძე