იოსებ მიტროპოლიტი, ერისკაცობაში – გიორგი მილენის ძე კიკვაძე(დ. 17. IX. 1959, სოფ. ზედა ფარცხმა, ახლანდ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), სასულიერო პირი. საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილ. ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელში. 1985–90 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში.
1990 საფარის მამათა მონასტერში მორჩილად აკურთხეს. იმავე წელს თბილ. სას. აკადემიაში ჩაირიცხა. 1991 წ. 16 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სვეტიცხოველში ი. მ. ბერად აღკვეცა, 1991 წ. 23 მაისს კი დავითგარეჯის მონასტერში დიაკვნად, ხოლო 1991 წ. 3 ნოემბერს მღვდელ-მონაზვნად აკურთხა და სვეტიცხოვლისა და წმ. ნინოს დედათა მონასტრის მწირველ მღვდლად განაწესა.
1992–93 ი. მ. მარტყოფის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. 1993 ილია II-ის ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ დაინიშნა. 1995 წ. 7 აპრილს, წმ. სინოდის განჩინებით, ეკურთხა შემოქმედელ ეპისკოპოსად. მისი ღვაწლით ეპარქიაში არაერთი ეკლესია ამოქმედდა. 2000 წ. 28 ნოემბერს ი. მ-ს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2007 წ. 3 ივნისს მიტროპოლიტის პატივი ებოძა.
დაჯილდოებულია წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენით (2007).