იოსებ ფლავიუსი

იოსებ ფლავიუსი (ლათ. – – Josephus Flavius) (დაახლ. 37, იერუსალიმი, – დაახლ. 95, რომი), ებრაელი ისტორიკოსი, წარმოშობით მაღალი სამღვდელოების წრიდან. აქტიურად მონაწილეობდა იუდეის სამეფოს პოლიტ. ცხოვრებაში. შემდეგ რომაელების მხარე­ზე გადავიდა და მმართველი დინასტიის – ფლავიუსების – პატივსაცემად ფლავიუსი დაირქვა. მან დაწერა ისტ. თხზულებები: „იუდეველთა ომი" (7 წიგნი, არამეულ ენაზე, შემდეგ ბერძნულად ითარგმნა), „იუდეველთა სიძველენი" (20 წიგნი, მოიცავს პერიოდს სამყაროს შექმნიდან იუდეველთა ომამდე), თხზ. „აპიონის წინააღმდეგ" (პოლემიკა I ს. ეგვ. მწერალ აპიონთან, რ-იც იუდეველებს შეურაცხყოფს), „ცხოვრება" (ავტობიოგრაფიული ნაწარმოები, რ-ითაც ი. ფ. ცდილობს თავი გაიმართლოს თავისი ხალხის ღალატის ბრალდებისაგან).

ი. ფ-ის თხზულებები ძვირფასი წყა­როა ძვ. აღმ. და ხმელთაშუა ­ზღვის ხალხების ისტორიის შესასწავლად. მას აქვს ცნობები ქართველურ ტომებზე. ი. ფ-ის მო­საზრებით ბიბლ. თუ­ბალები მერ­მინდელი იბერები ­(ქართები) არიან: „თობელმა დააფუ­ძნა თობელები, რომელსაც ახლა იბერები ეწოდებათ; მოსოხენები (მესხინები) დაფუძნებული არიან მოსოხის მიერ. ახლახან მათ კაპადოკიელები ეწოდათ, ხოლო ძველი მათი სახელწოდების ნიშანიც ემჩნევათ; რამეთუ მათ აქვთ დღესაც ქალაქი მაზაკა, რომელიც ნათელყოფს იმათთვის, ვისაც შეუძლია გაიგოს, რომ ოდესღაც ასე ეწოდებოდა მთელ ტომს". ი. ფ. „იუდეველთა ომში" (I ს. დასასრ.) აღნიშნავს, რომ „ჰენიოხები და კოლხები, ტავრები და ბოსფორელები, საერთოდ პონტოსა და მეოტიდის გარშემო მცხოვრები ხალხები, რ-ებიც წინათ საკუთარ მბრძანებლებსაც არ ცნობდნენ, ახლა მორჩილებაში იმყოფებიან 3000 ჰოპლიტისა (ქვეითი ჯარისკაცი) და 40 სამხედრო ხომალდის ძალით". ი. ფ-მა შემოინახა ცნობები I ს. 70-იან წლებში ალანების ლაშქრობის შე­სა­ხებ: „ალანებმა, განიზრახეს რა მიდიაში შეჭრა, მოლაპარაკება გამართეს ჰირ­კანიის მეფესთან, რომელიც ფლობდა თავის დროზე ალექსანდრე მაკედონელის მიერ რკინის კარით ჩაკეტილ გადასასვლელს. ჰირკანიის მეფემ გაატარა ისინი და ალანების დიდი ლაშქარი შეიჭრა მიდიაში… ასე მიაღწიეს მათ სომხეთს" (მკვლე­ვართა აზრით, ჰირკანიის მეფეში უნდა იგულისხმებოდეს იბერიის მეფე).

წყა­რო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერ­ლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შესა­ხებ, ალ. გამყრელიძისა და ს. ყაუხჩი­­შვი­ლის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.

ლიტ.: ბერძენი მწერლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, V, თ. ყაუხჩი­­შვი­ლის გამოც., თბ., 1983; ი ნ ა ძ ე  მ., იბერიისა და ­რომის ურთიერთობა ახ. წ. II ს. პირველ ნახე­ვარში, «საქართვ. მეცნ. აკადემიის ისტო­რიის ინ-ტის შრომები», ტ. 1, თბ., 1955; სა­ქარ­თველოს ისტორიის ნარ­კვევები, ტ. 1, თბ., 1970.

ლ. მანიავა