იოსებ ხუცესი, სასწაულთმოქმედი, მოხევე (გ. 1763), ი. ხ-ის ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები არსებობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ იყო მოხევე და იქვე მსახურობდა მღვდლად. სავარაუდოდ, ი. ხ. პირველი ავიდა კავკასიონის ერთ-ერთ ულამაზეს მწვერვალ მყინვარწვერზე (5033 მ).
იოანე ბატონიშვილის „კალმასობაში" დადასტურებულია, რომ „იოსებ მოხევე მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა, და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრამისა მამათ-მთავრისა, რომელ ჯერეთ არავინ აღსრულ არს მთასა მას, და მოართო მეფესა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის, და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა" (მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის, «ძველი საქართველო», ტ. 1, ტფ., 1909, განყ. III).
მკვლევართა აზრით, ი. ხ. მყინვარწვერზე ავიდა XVIII ს. II ნახევარში, გაცილებით ადრე, ვიდრე მწვერვალს დალაშქრავდნენ ევრ. ალპინისტები.
საქართვ. სამოციქულო ეკლესიამ ღირსი ი. ხ. წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 7(20) ოქტომბერი დაადგინა.
ლიტ.: ბ ე რ ი შ ვ ი ლ ი ე., სპორტის ენციკლოპედია, თბ., 2006; კავკასიონზე. კრ., შემდგ. დ. ფურცელაძე, რედ. ნ. კეცხოველი, თბ., 1959; «საპატრიარქოს უწყებანი», 2009, N30, 15–21 ოქტ.; ქართველ წმინდანთა ცხოვრება, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ.–ათენი, 2003.