ირან-ოსმალეთის დროებითი ზავი 1554

ირან-ოსმალეთის დროებითი ზავი 1554, დაიდო არზრუმში 1554 წ. 26 სექტემბერს, ირან-ოსმალეთის პირველი ომის (1514– 55) დასკვნით ეტაპზე. 1549–50 მიჯნაზე თურქებმა ხელთ იგდეს სამცხე-საათაბაგოს დას. ნაწილი – ტაო-კლარჯეთის მხა­რე. ამის საპასუხოდ, შაჰ-თამაზ I-მა 1551 ­კვლავ ილაშქრა სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგი შეეცადა ხელში ჩაეგდო ოსმალეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები სამხრ.-დას. სა­ქარ­თვე­ლო­ში.

1553 ზაფხულის დამდეგს ირანის წინააღმდეგ საპასუხო ლაშქრობა განახორციელა სულთანმა სულეიმან I-მა. მან დაიკავა ერევნისა და ნახიჩევანის ოლქები. ამის შემდეგ ოსმალები შევიდნენ სამცხეში და ოლთისთან დაამარცხეს ირანელები. შაჰი იძულებული გახდა ელჩი გაეგზავნა სულთანთან და დაზავება ეთხოვა მისთვის. ეს დროებითი ზავი ოფიც. დიპლ. დოკუმენტის სახით გაფორმებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ჩვენამდე მოაღწია ოსმ. საარქივო დოკუმენტებმა, რ-ებიც არზრუმის დროებითი ზავის პირობებისა და მისი მიმდინარეობის გარკვევის საშუალებას იძლე­ვა. ამ მონაცემებით ირკვევა, რომ ქართლი, კახეთი და ახალციხე-ბორჩალოს ტერიტორიები ირანელებს ერგოთ, ხოლო იმერეთის სამეფო, სამეგრელოსა და გურიის სამთავროები, ტაოს მხა­რე და ოლთის-თორთომი ოსმ. ხელისუფლებას დაემორჩილა. სა­ქარ­თვე­ლოსა და არზრუმში, თავიანთი გავლენის სფე­რო­ში მოქცეულ ტერიტორიებზე, ოსმალებმა ოცი ადმ. ერთეული – სანჯაყი შექმნეს. გარდა ამისა, გურიისა და სამეგრელოს სამთავროებს და იმერეთის სამეფოს სულთნის სასარგებლოდ ყოველწლიური ხარაჯის გადახდა დაევალა.

ლიტ.: უ რ უ შ ა ძ ე  ლ., ირან-ოსმალეთის 1554 წლის დროებითი ზავის შესა­ხებ, «სა­ქართვ. მეცნ. აკადემიის მოამბე», 1988, ტ. 131, №1; ჩოჩიევი ვ., ირან-ოსმალეთის 1554 წლის დროებითი ზავი, «აღმოსავლური ფილოლოგია», [ნაკვ.] 3, თბ., 1973; Kirzioğlu F., Osmanlilarin Kafkas-Ellerini fethi (1451– 1590), Ankara, 1976.

ლ. ურუშაძე