ირაციონალიზმი

ირაციონალიზმი (<ლათ. irrationalis – არაგონებისმიერი), მოძღვრება და მსოფლმხედველობა, რ-იც სამყაროს შემეცნების პროცესში ადამიანური გონების (ლათ. რაციოს) თვითკმარობის პრინციპს უარყოფს. მიუხედავად ამისა, ი. უფრო მეტად მაინც ამა თუ იმ ფილოს. მიმართულებისა თუ სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, ვიდრე სრულიად დამოუკიდებელ ფილოს. მიმდინარეობას. ი-ის სა­პი­რის­პი­რო მიმართულებად რაციონალიზმი განი­ხი­ლე­ბა. ერთმანეთისგან განასხვავებენ შემეცნებით ი-სა და მეტაფიზიკურ ი-ს. პირველის თანახმად, ადამიანის გონებას არ ძა­ლუძს სამყაროს, ობიექტური რე­ალობისა და მისი კანონზომიერებების ადეკვატური შემეცნება. ამ მიზნით შემეცნებითი ი. ისეთ უნა­რებს წამოსწევს წინა პლანზე, როგორიცაა ინტუიცია, რწმენა, არსების უშუალო ჭვრეტა და ა. შ. მეტაფიზიკური ი-ის ამოსავალი, პოზიციის მიხედვით, სიცოცხლე, ფსიქიკური პროცესები და ისტორია ირაციონალური ბუნებისაა და რაციონალურ კანონებსა და წესებს არ ემორჩილება. მა­შა­სა­დამე, ი. თავად სინამდვილის არსს წარმოადგენს; ამდენად, ის მეცნიერული (რაციონალური) შემეცნების ობიექტი ვერ გახდება.

ი., როგორც მეცნიერული შე­მეცნების კატეგორია, ხში­რად გამხდარა კრიტიკის ობიექტი, თუმცა თავდაპირველად მას არ ჰქონდა უარყოფითი შეფერილობა და რაციონალიზმის ალტერნატიულ მოდელად განიხილებოდა. მაგ., ი. კანტის „ნივთი თავისთავად", ა. შოპენჰაუერის „სამყაროს ნება", ა. ბერგსონის „სიცოცხლის ძალა" ირაციონალური ბუნებისანი არიან, რადგან რაციონალური შემეცნების მეშვეობით მათი ადეკვატური გაგება ვერ ხერხდება.

თანამედროვე ი-ის ფესვები გერმანულ იდეალიზმშია საძიებელი. აქ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ფ. ვ. ი. ფონ შელინგის „გამოცხადების ფილოსოფია" და მის მიერ „ინტელექტუალური ჭვრეტის" წინა პლანზე წამოწევა. გერმანული რომანტიზმიც ირაციონალური პოზიციის განსახიერებას წარმოადგენდა. XX ს. მრავალი გავლენიანი ფილოს. მიმდინარეობა (სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ნეოთომიზმი, პერსონალიზმი და ა.შ.) ირაციონალური მოტივების სხვა­და­სხვა ასპექტზე ამახვილებდა ყურადღებას. ს. კირკეგორი, ა. შოპენჰაუერი, ფ. ნიცშე, ა. ბერგსონი და სხვ. ი-ის წარმომადგენლებად ითვლებიან.

ი. განსაკუთრებით მკვეთრად წარმოჩნდა XX ს. ქართულ აზროვნებაში. ი-ის ძლი­ე­რი ზეგავლენა იგრძნობა გ. რობაქიძის, ა. ჯორჯაძის, შ. ნუცუბიძის, დ. უზნაძის, კ. გამსახურდიას, კ. კაპანელის და სხვათა შემოქმედებაზე. გარდა ამისა, ი-ის სხვა­დასხვა ასპექტებს იკვლევდნენ XX ს. II ნახ-ის ქარ­თვე­ლი მეცნიერები, რ-ებიც დასავლური ი-ის ზემოთ დასახელებულ წარმომადგენელთა ნააზრევს განიხილავდნენ. მათგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: კ. ბაქრაძე, თ. ბუაჩიძე, ზ. კაკაბაძე, ა. ბოჭორი­შვი­ლი, გ. ცინცაძე, გ. თევზაძე და სხვ. გ. თევზაძის მეტად მოხდენილი და მართებული შეფასების თანახმად, ი. აღქმული უნდა იქნეს გონების მიერ საკუთარი თავის კრიტიკად, ანუ თვითკრიტიკად.

ლიტ.: ბ უ ა ჩ ი ძ ე  თ., ფილოსოფიური ნარკვევები, ტ. 1, თბ., 2003; დ ა ნ ე ­ ლ ი ა  დ., ირაციონალისტური ფილოსოფია და მოდერნიზმი, თბ., 1993; თევზაძე გ., ირაციონალიზმი, როგორც გონების მიერ საკუთარი თავის კრიტიკა (თვითკრიტიკა), კრ.: ახალი სამეცნიერო–კვლევითი პროექტები ფილოსოფიაში, რედ. თ. ირემაძე, თბ., 2010; ი რ ე მ ა ძ ე  თ., ფრიდრიხ ნიცშე, თბ., 2006.

თ. ირემაძე