ისანი, ძველი თბილისის ისტორიული უბანი. მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის ცენტრის აღმ-ით.
ამ ადგილზე, VIII ს-ში იდგა სადილეგო (სატუსაღო). ამ სახელწოდებით ეს ადგილი მოხსენიებულია იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამებაში": „ადგილსა მას, რომელ არს აღმოსავლით ციხესა მას ქალაქისასა, რომელსა ჰრქვიან სადილეგო...". 853 ბუღა თურქმა ფიჭვის ხით ნაშენი „სოღდებილის მედინა (ციხე)" გადაწვა, რის შემდეგაც მის ადგილას IX ს-ში არაბებმა ააგეს ძნელად ასაღები ციხესიმაგრე „ისან-ჰისარი". შემდგომში, მისი სახელი ციხის მიმდებარე ტერიტორიასაც დაერქვა და ადგილის საკუთარ სახელად იქცა.
როგორც მემატიანე გადმოგვცემს, მეფე ბაგრატ IV-მ თბილისის დაკავების შემდეგ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა სცადა, მაგრამ ამაოდ – ისნელებმა მდინარეზე გადებული „ჩააგდეს ჴიდი და არა მოსცეს ისნი" (მატიანე ქართლისა). 1184 ი-ში მყოფ თამარ მეფეს მამამისის – მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების ამბავი აუწყეს "... ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს..." („ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"). „ქართლის ცხოვრების" მემატიანის ცნობით 1185 ყუთლუ-არსლანმა „ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისნისასა".
XII–XIII სს-ში ი-ში იდგა სამეფო სასახლე. XII ს-ში ი-ში მეტეხთა ღვთისმშობლის სახელზე ააგეს ეკლესია, რის გამოც ამ ადგილს ახ. საკუთარი სახელი გაუჩნდა – „მეტეხი". ი-ის უბანი, ისევე როგორც „ისნის ციხე", გვიანდ. შუა საუკუნეებში მეტეხის სახელით იხსენიება, ხოლო „ისნის ველმა" ავლაბრის სახელი დაიმკვიდრა.
თ. ბერაძე