ისაყ I ჯაყელი

ისაყ I ჯ ა ყ ე ლ ი, ახალციხის ფაშა 1701–45 (დროგამოშვებით). მამა მცი­რეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ – სალიმმა წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ (1701) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის ­შვილმა ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძო­ლაში ი. I-მა რამდენჯერმე დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლ. 1718-იდან, ძალაუფლების სა­ბოლო­ოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა 1723– 24 ოსმალთა მიერ სამხრ. კავკ. ქვეყნების და, კერძოდ, სა­ქარ­თველოს დაპყრობაში. 1727-მდე ი. I ორთუღიანი ფაშა იყო, ხოლო 1727, როდესაც მას სა­გამგებლოდ მთელი სამხრ. კავკასია ჩააბარეს, მესამე თუღიც მიუმატეს და ვეზირის წოდება უბოძეს, ე. ი. სულთნის სა­ხელმწ. საბჭოს (დივანის) შემადგენლობაში შეიყვანეს.

1727, იესე მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ი. I ქართლის მმართველად დაადგინა და კა­ხე­თის დაპყრობაც დაავალა. XVIII ს. 30-იანი წლების შემდეგ ი. I-ს მორჩილებდა საკუთრივ სა­ქარ­თვე­ლო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ი. I დაპყრობილ მხა­რეებში ცდილობდა ოსმალური სოც.-პოლიტ. სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხა­რეები. 1735, როცა ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ი. I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. 1737 ტახტი შვილს, იუსუფ III-ს დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 1744, ი. I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.

წყა­რო: ვახუშტი, სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვრება (1469–1800-მდე), ზ. ჭიჭინაძის გამოც., თბ., 1913; სეხნია ჩხეიძე, სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვრება, ზ. ჭიჭინაძის გამოც., თბ., 1913.

ლიტ.: თ ა მ ა რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., ტფ., 1902; ლ ო მ ს ა ძ ე  შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII ს. შუაწლებიდან XIX ს. შუაწლებამდე), თბ., 1975; საქარ­თვე­ლოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, მ. დუმბაძის რედ., თბ., 1973.

შ. ლომსაძე