ისი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი (VIII–IX სს.) ისტორიულ ტაოში, თორთუმის ტბის მახლობლად, სოფ. ისში (ამჟამად თურქ. ტერიტორია).
წარმოადგენს ტრიკონქის ტიპის ნაგებობას. ჩრდ.-აღმ. და სამხრ.-აღმ. მხარეს, მკლავებს შორის სივრცეში განლაგებულია აღმ-ით აფსიდებით დასრულებული 2 სათავსი, რ-იც გარედან კედლების სიბრტყეებშია მოქცეული. დას-ით წაგრძელებული მკლავი გრძივი კედლების საკმაოდ შვერილი პილასტრების ორი წყვილის მეშვეობით სამ მონაკვეთად იყოფა. საფეხურებად განლაგებულ ტრომპებზე ამოყვანილი რვაწახნაგა დაბალი გუმბათის ყელში 4 სარკმელი იყო გაჭრილი. ეკლესიაში შესასვლელი ორია. ორივე დას. მკლავშია გაჭრილი – დას. კედლის ღერძზე და სამხრ. კედლის აღმ. ნაწილში. კედლები შემოსილია სწორ რიგებად ნაწყობი, არცთუ სუფთად გათლილი ქვებით. მისი თავისებურებაა სამხრ. და ჩრდ. ფასადებსა და გვერდის მკლავების დას. კედლებში ნახევარწრიული ნიშების არსებობა.
ე. თაყაიშვილმა აღნიშნა მოხატულობის მცირე ფრაგმენტები. მის დროს ეკლესია უკვე დანგრეული იყო.
ლიტ.: გივიაშვილი ი., კოპლატაძე ი., ტაო-კლარჯეთი, თბ., 2004; Беридзе В. В., Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тб.,1981; Закарая П., Зодчество Тао-Кларджети, Тб., 1991.